წელს, ქვეყანამ ტურიზმიდან შეიძლება $4.6 მლრდ-ის შემოსავალი მიიღოს - Galt & Taggart-ის პროგნოზი
Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის დირექტორის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ტურიზმში II კვარტალში არსებული დაჩქარებული ზრდის დინამიკა შენარჩუნდება, წელს ქვეყანამ ტურიზმიდან შესაძლოა $4.6 მლრდ-ის შემოსავალი მიიღოს. ამის შესახებ ევა ბოჭორიშვილმა BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც საინვესტიციო ბანკის ტურიზმის სექტორის მიმოხილვაზე ისაუბრა.
უნდა აღინიშნოს, რომ Galt & Taggart-ის არსებული პროგნოზით, 2025 წელს ქვეყანა საერთაშორისო ტურიზმიდან 4.5 მლრდ დოლარს მიიღებს. კვლევების დეპარტამენტის დირექტორი კი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის პირველი ნახევრის დინამიკა უფრო პოზიტიური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას აძლევთ, თუმცა რეგიონში არსებული კონფლიქტების ფაქტორიც გასათვალისწინებელია.
„მიმდინარე წლის პირველი ნახევარი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით ძალიან ძლიერია, განსაკუთრებით მეორე კვარტალში. ჩვენი შეფასების წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან შემოსავალი 2 მლრდ დოლარი იყო. ჩვენი საბაზისო პროგნოზით, ტურიზმის შემოსავლების 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რისკები რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური კონფლიქტებიდან გამომდინარე არის, თუ მეორე კვარტალის ტურიზმის ზრდის დაჩქარებული დინამიკა გაგრძელდება, არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ეს შემოსავლები 4.6 მლრდ დოლარი იყოს.
რაც შეეხება ვიზიტების რაოდენობას, ჩვენი პროგნოზით, მათი რაოდენობა წელს 5.3 მლნ-მდე გაიზრდება“, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, პანდემიამდელ წელთან შედარებით, 2022 წლის შემდეგ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ინფლაციისა და მიგრანტების გაზრდილი ნაკადების ხარჯზე გაიზარდა.
„2024 წელი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და ჯამურადაც ის წელი იყო, როდესაც ტურისტული ნაკადები 2019 წელთან შედარებით სრულად აღდგა და საქართველოშიც ეს დინამიკა გვქონდა. შემოსავლების შემთხვევაში მთავარი ფაქტორი ინფლაცია იყო, რადგან ფასები გაიზარდა, შესაბამისად, მოგზაურებს უფრო მეტის გადახდა უხდებოდათ ტურისტული სერვისების მიღებაში. გლობალურად ტურისტული შემოსავლები 2023 წელს აღდგა, ხოლო საქართველოში შემოსავლების აღდგენა კიდევ უფრო სწრაფად მოხდა - 2022 წელს აღდგა და პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა. აქ გარკვეულწილად გავლენა მიგრაციულ ნაკადებსაც ჰქონდა, რადგან მიგრანტების გარკვეული ტიპის ხარჯები ტურისტულ შემოსავლებად კლასიფიცირდებოდა“, - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.