თეგებით ძიება

„ივლისიდან უძრავი ქონების გაყიდვები შემცირდა - ბინის ფასები წლიურად 7-10%-ით იზრდება“ - ბესო ორთოიძე

„ივლისიდან უძრავი ქონების გაყიდვების კუთხით გარკვეული შემცირება ფიქსირდება“, - ამის შესახებ „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ორთოიძე აღნიშნავს, მოთხოვნის შემცირება შესაძლოა, უკავშირდებოდეს სეზონურობას ან ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, უარყოფით მოლოდინებს.

„ივლისიდან უძრავი ქონების გაყიდვების კუთხით გარკვეული შემცირება ფიქსირდება“

„გაყიდვების კუთხით კარგი შემოდგომის შემდეგ, დეკემბერ-იანვარში ტრანზაქციები შემცირდა, იმიტომ, რომ ქვეყანაში, პოლიტიკურ ნაწილში საკმაოდ მძიმე სიტუაცია გვქონდა. თებერვლიდან გაყიდვები აღდგენა დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინები უარყოფითი იყო, სიტუაცია გამოსწორდა. მიმდინარე ზაფხულამდე კარგი დინამიკა იყო.

ზაფხულის პერიოდში, კერძოდ ივლისიდან, გარკვეული შემცირება ისევ ფიქსირდება. ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს სეზონურობას ან იმ მოლოდინებს, რაც წლის დასაწყისში იყო, შესაძლოა, შემოდგომის პერიოდისთვის გადმოიწიოს. თუმცა, ჯამურად ორ კვარტალს თუ შევხედავთ, მიუხედავად წლის დასაწყისში შემცირებისა, ორი კვარტლის განმავლობაში ტრანზაქციები თითქმის გაუტოლდა გასული წლის მაჩვენებელს“, - აღნიშნავს დეველოპერი.

„ბინები ფასები წლიურად 7-10%-ით იზრდება - ეს ბუნებრივი მოვლენაა“

სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უძრავი ქონების ფასი იზრდება. როგორც ბესო ორთოიძე აღნიშნავს, ქართული უძრავი ქონების სექტორი ბუნებრივი ზრდის ტემპს დაუბრუნდა.

„უძრავ ქონებაზე ფასების 7-10%-იანი ზრდა ჩვენი ბაზრისთვის ბუნებრივი მატებაა. ამ ტიპის ზრდა დამახასიათებელია განვითარებადი ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრისთვის. აღსანიშნავია, რომ 2019 წლამდე, სანამ გლობალური კატაკლიზმები დაიწყებოდა, ასეთივე ტემპით იზრდებოდა ბაზარი. პანდემიის შემდეგ შეჩერდა ბაზარი, 2022-2023 წლებში კი გვქონდა რეკორდული ზრდა როგორც გასაყიდ ფასში, ასევე თვითღირებულების ნაწილში.

იმ პერიოდში რეკორდული ზრდა დაკავშირებული იყო სამშენებლო მასალების და ხელფასების ზრდასთან. ამას დაემატა მოთხოვნის ზრდაც იქიდან გამომდინარე, რომ მიგრაციის ეფექტი [რუსეთ-უკრაინის ომის გამო] იყო მაღალი. 2024 წლიდან დავუბრუნდით იმ ბუნებრივ ზრდას, რაც გვქონდა 2019 წლამდე - უძრავი ქონების ფასი იზრდება 7-10%-იანი ნიშნულით, რაც ჩვენი ბაზრისთვის დამახასიათებელია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ბესო ორთოიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა