თეგებით ძიება

რისი ნახვა შეგიძლია ონში?

ონი გაშენებულია მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ღრმა ხეობაში. ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ზღვის დონიდან 830 მეტრი, თბილისიდან 210 კილომეტრი. 2656 მცხოვრები (2014).

ქალაქს უჭირავს ვაკის ვიწრო ზოლი მდინარე რიონის მარცხენა შენაკადებს - ჯეჯორასა და ღარულას შორის. ონში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. რა შეგიძლია ნახო ონში:

უძირო ტბა

სოფლების გლოლასა და შოვის მახლობლად მდებარეობს, მწვერვალი კატიწვერას დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. ტბიდან ულამაზესი ხედი იშლება კავკასიონზე. უძირო ტბის საფეხმავლო მარშრუტი იწყება სოფელი შოვიდან, სასტუმრო სანსეთ შოვამდე დაახლოებით 1 კილომეტრით ადრე. გზაზე გაკეთებული მონიშვნის ბოძი ზუსტად მიგანიშნებთ როგორც ბილიკის მიმართულებას, ისე მანძილსა და ლაშქრობისთვის საჭირო დროს დანიშნულების წერტილებამდე. აღსანიშნავია, რომ მარშრუტი სრულად არის მონიშნული, როგორც ტყიან, ასევე ალპურ მონაკვეთებზე, ასე რომ გზის აბნევის საფრთხე ფაქტობრივად არ არსებობს.

მარშრუტის დასაწყისში ბილიკი შედის ტყეში, მიუყვება ციცაბო ფერდობს და მკვეთრად კრეფს სიმაღლეს. გასათვალისწინებელია, რომ წყლის მომარაგება მარშრუტის საწყის წერტილზე არსებულ წყაროსთან სჯობს, რადგან შემდგომი 2 საათის განმავლობაში წყალს ვერ შეხვდებით, ვიდრე ბილიკი ხეობის შუაწელთან მდინარეს არ მიუახლოვდება. ტყიდან გასვლისას, მას შემდეგ რაც ალპურ ზონაში გადაინაცვლებთ, ბილიკი სწორდება და მიუყვება ხეობის შუაწელს, მდინარის სათავისკენ, მის მარცხენა ნაპირზე. 

შოვი

კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარეში, მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ონიდან 30 კილომეტრში. გარშემორტყმულია წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) და ფოთლოვანი ტყით.

სამკურნალო ფაქტორი: მთის ჰავა და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა, კუჭ-ნაწლავის, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებანი, ლიმფადენიტი, მეორეული სისხნაკლებობა და სხვა. შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები ტურბაზა და სხვა.

ჭიორა

ჭიორა - სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. ხალხური თქმულების მიხედვით თავდაპირველად ჭიორელებს ფასის მთის იქით თურმე უცხოვრიათ. აქ მათ თათრები (ჩრდილოეთის ტომები) მეტისმეტად ავიწროებდნენ. ამიტომ ჭიორელებს ღებელებისათვის უთხოვიათ ღების ფარგლებში გადმოსახლების ნებართვა. ღებელებს მათთვის „სარჩევი“ მიუციათ, თუ სად გსურთ დასახლებაო. ჭიორელებს თურმე ის ჭალა უთხოვიათ, სადაც ბევრი „მწიორი“ ბუდებულა (მწიორს აქ უწოდებენ: მელას, კვერნას, კურდღელს, თრითინას და სხვა ამგვარ ცხოველს). ღებელებს მათთვის ეს ადგილი დაუთმიათ და სოფელსაც აქედან ჭიორა დარქმევია.

მრავალძალი

XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი რაჭაში. წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალის მიდამოებში. ეკლესია გამოირჩევა განუმეორებელი ბარელიეფებით. მასში რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის საგანი იყო დაცული (მათ შორის ჯალალ-ედ-დინის მუზარადი და შაჰ აბას I-ის ხმალი). 1894 წელს დარბაზული ეკლესია გუმბათოვან ნაგებობად გადააკეთეს და დასავლეთის მხრიდან სამრეკლო მიუშენეს. 1991 წლის 29 აპრილს რაჭაში მომხდარმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, როგორც ეკლესიის ძველი, ასევე ახალი ნაწილები. 2009 წელს დასრულდა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაობი და ეკლესიამ თავდაპირველი სახე დაიბრუნა.

რაჭაში, სოფელ მრავალძალთან, უძველესი დროიდან იყო მონასტერი. სოფლიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით, ჭოლევის კლდის დაბოლოებასთან, „ჭიქის ტბის“ ზევით, ახლაცაა შენობათა ხავსმოდებული ნანგრევები, რომელთაც ხალხი „ნაეკლესიევს“ უწოდებს. როგორც ჩანს, რაღაც მიზეზის გამო, ბერები აყრილან და კვინწიხის გორის კალთაზე გაუჩაღებიათ სამონასტრო მოღვაწეობა, იქ, სადაც ახლა მრავალძლის წმინდა გიორგის ტაძარია აღმართული.

მრავალძალის ეკლესიის აგება სავარაუდოდ XI საუკუნეში  რაჭის საერისთაოს დაარსებას უკავშირდება. ამ დროს რაჭა მთლიანად მოიფინა ახლადაგებული ეკლესია-მონასტრებით, ციხე-სიმაგრეებით, სასახლეებით. მაშინ აიგო რაჭაში ყველა გამორჩეული ეკლესია-მონასტრები: ნიკორწმინდა, პატარა ონი, ზემო კრიხი, ხიმში და მრავალი სხვა.

განჯარეულის მღვიმე

შქმერის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ უშოლთის  კარსტული მღვიმე, რომელსაც ადგილობრივები „განჯარეულის გამოქვაბულს“ ეძახიან  

უშოლთის მღვიმე  რაჭის ქედზე, ონის მუნიციპალიტეტში, შქმერის თემში, სოფელ უშოლთის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ბნელეთურის (ხეორის მარცხენა შენაკადი) აუზში, სოფელ უშოლთიდან 2,5 კმ,… ზღვის დონიდან 1840 მ მდებარეობს. გამომუშავებულია ბარემულ კირქვებში, ჯამური სიგრძე 2150 მ. მდიდარია ქიმიური ნაღვენთებით, განსაკუთრებით დარბაზები  . მღვიმიდან გამოდის ნაკადული.

ონის სინაგოგა

ქალაქის ცენტრში,ვახტანგ VI-ის ქუჩაზე.  მდებარეობს. იგი ეკლექტიზმის სტილში  1895 წელსაა აგებული და ოთხკუთხა ფორმის გუმბათიან ნაგებობას წარმოადგენს. სინაგოგას აღმოსავლეთის მხრიდან კარიბჭე აქვს მიშენებული. გუმბათი ოთხ სვეტსა და მათ შორის გარდამავალ ნახევარწრიული მოყვანილოვის თაღებს ეყრდნობა. სვეტები რელიეფური მცენარეული ორნამენტებით შემკული დეკორატიული კაპიტელებით სრულდება. სინაგოგის შიდა სივრცეს სვეტები სამ ძირითად მონაკვეთად ჰყოფს, ცენტრალური დარბაზი უფრო დიდია ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავებთან შედარებით. ინტერიერში კედლებს ნახევარსვეტებზე გარდამავალი ნახევარწრიული და შეისრული მოყვანილოვის თაღედი შემოუყვება. ონის სინაგოგა საქართველოში არსებულ სინაგოგებს შორის სიდიდით მესამე ადგილს იკავებს თბილისისა და ქუთაისის სინაგოგების შემდეგ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა