ქართლის ერთ-ერთ უმთავრეს მონასტად მიჩნეული ოქროს ხანის ძეგლი კასპში
ქვათახევის მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი XII-XIII საუკუნეების ძეგლია, ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა და დიდებულები მფარველობდნენ. თემურ ლენგის ლაშქრობისას, 1386 წელს, მონასტერი დაარბიეს და როდესაც ტაძარს შეფარებულმა მონაზვნება და სოფლის მცხოვრებლებმა ქრისტიანობის უარყოფაზე უარი თქვეს, ისინი ერთად გამოკეტეს და ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს.
XV საუკუნეში მეფე ალექსანდრე დიდმა ქვათახევის მონასტერი აღადგინა. 1735-1740 წლებში მონასტერი დაიკეტა, აქ დაცული სიწმნიდეები კი მონასტერთან ახლოს, გამოქვაბულში გადამალეს. XVIII საუკუნის ბოლოს ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა და გადამალული განძიც მონასტერს დაუბრუნდა. გადმოცემის თანახმად ეკლესიის საძირკველში ჩატანებულია ღვთისმშობლის სამოსის პატარა ნაწილი (თავად ტაძარიც ღვთისმშობლის სახელობისაა). ასევე მონასტრის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს წმ. იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი. ქვათახევი ძველი ქართული მწიგნობრობის ერთ-ერთი კერაც იყო, დღემდე მოღწეულია მონასტრის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი.
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება, ესენია: ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, გალავანი, კოშკი, სატრაპეზო, სამრეკლო და საცხოვრებელი სენაკები. ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია XII-XIII საუკუნეების ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. იგი არქიტექტურული თვალსაზრისით ახლოსაა ბეთანიის ეკლესიასთან. ფასადები მოპირკეთებულია თლილი თეთრი ქვის კვადრებით. შიგა სივრცეს ჯვრის მკლავები და გუმბათი ქმნის.
გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. ტაძარი მოხატული ყოფილა, მაგრამ ხანძარმა მოხატულობა სრულიად გაანადგურა და ამჟამად კედლები შელესილია. ფასადები უხვადაა დეკორირებული, გუმბათი მთლიანად მდიდრული ჩუქურთმებითაა შემკული. ქვათახევის მონასტრის გალავნის კედლები სხვადასხვა სიმაღლისაა, რადგან იგი რთულ რელიეფს მიუყვება.ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ნატეხი ქვით ნაგები სატრაპეზო დგას, რომელშიც ორი დიდი ბუხარია შემორჩენილი. დასავლეთით XIX საუკუნით დათარიღებული საცხოვრებელი სენაკებია მიშენებული, რომლებსაც წინ საერთო დერეფანი აქვთ. გალავანში ასევე ჩართულია ნატეხი ქვით ნაგები, ორსართულიანი კოშკი. ორივე სართული საცხოვრებლად იყო განკუთვნილი. კოშკი მრავალჯერ გადაუკეთებიათ. სამრეკლო 1872 წელსაა აგებული.