თეგებით ძიება

აღმოაჩინე ზუგდიდი! - რისი ნახვა არ უნდა გამოგრჩეს ქალაქში?

ზუგდიდი - სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული და ისტორიულია ცენტრია, 40,000 კაციანი მოსახლეობით. გაშენებულია ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჩხოუშის ნაპირას, ზღვის დონიდან 110 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 330 კმ, ქუთაისიდან 116 კმ, ფოთიდან 60 კმ. ქალაქის მთავარი მდინარეა ჩხოუში. რა შეგიძლია მოინახულოთ მუნიციპალიტეტში?

ჭაქვინჯის ციხე

ჭაქვინჯის ციხე სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში მდებარეობს. ნაგებობის ყველაზე ადრეული ფენა V-VI საუკუნეებით თარიღდება, შემდგომი ფენა განვითარებულ შუა საუკუნეებისაა, საბოლოოდ კი ციხეს XVI-XVII საუკუნეებში განუცდია გადაკეთება. გვიან შუა საუკუნეებში ჭაქვინჯის ციხე დადიანების ერთ-ერთ რეზიდენციას წარმოადგენდა. ციხე-სიმაგრე ორი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა ციხე და ციტადელი. ქვედა ციხისგან ძალიან დაზიანებული კოშკის გარდა თითქმის არაფერია შემორჩენილი. ქვედა ციხე ციტადელს ჩრდილო-დასავლეთიდან ეკვროდა. კოშკი ციტადელს გვირაბით უკავშირდებოდა, რომელიც ციხის ორი ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირების მთავარი საშუალება იყო. ციტადელს გეგმაში წაგრძელებული ოვალის მოხაზულობა აქვს. მას ორი შესასვლელი ჰქონია: ერთი სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, მეორე კი - ჩრდილოეთ კედლის შუაში. ციტადელის სამხრეთი და დასავლეთი მხარე კონტრფორსებით გამაგრებული დამცავი კედელია, ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის კედლებში კი კოშკებია ჩართული. აღმოსავლეთის კედლის შუაში სამსართულიანი კოშკი იდგა, რომლისგანაც მხოლოდ დასავლეთ კედელია დარჩენილი.

კოშკზე, ეზოს მხრიდან, მოგვიანებით კამაროვანი სათავსო ნაგებობა მიუშენებიათ, რომელსაც სავარაუდოდ დილეგად იყენებდნენ. ჩრდილოეთის კედელში სამი კოშკია ჩართული. განაპირა კოშკები გეგმით სწორკუთხაა და ზევითკენ ოდნავ ვიწროვდება. ორივე კოშკი სამსართულიანია და მოპირკეთებულია თლილი ქვით. შუაში მდებარე კოშკი ოთხსართულიანია და მისი გეგმა მოგრძო ოთხკუთხედია. ციტადელის სამხრეთ ნაწილში პალატი - სასახლე დგას. ნაგებობა აგებისას გალავნის კედლიდან დაშორებული ყოფილა, მოგვიანებით კი, პალატის დანგრევისა და გალავნის კედლის მოშლის შემდეგ, კედელი პალატის ნანგრევებზე გადაუტარებიათ. პალატი ოთხკუთხა გეგმა აქვს.

ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი

ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი მდებარეობს სამეგრელოს მხარეში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფელ ცაისში. იგი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარი და საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა. ცაიშის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ღვთისმშობლის ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პალატი.  VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე აქ უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა. 602-610 წლებს შორის შედგენილ საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხაში მოიხსენიება ცაიშის ეპარქია ლაზიკაში. ქართულ წყაროებში ამ საეპისკოპოსოს შესახებ უძველესი ცნობა X-XI საუკუნეთა მიჯნისაა.

შამგონა

შამგონა ( შამგონის კუნძული ) — სოფელი სამეგრელოს მხარის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 67 მეტრზე. იგი მდინარე ენგურსა და რუხისწყალს შორის მოქცეული საქართველოს ერთადერთი მდინარეული კუნძულია, რომელზეც ცალკე დასახლებული პუნქტია გაშენებული. ზუგდიდიდან 12 კმ.

სოფელ რუხთან მდ. ენგური ორ ტოტად იყოფა და მათ შორის მოთავსებულია 12 კმ სიგრძისა და 0.5 - 2.0 კმ სიგანის მოშლამულ მდინარეული კუნძული. XVII საუკუნის შუახანებამდე აქ ნახევარკუნძული იყო, ხოლო კუნძულის ფორმირება მოხდა ერთ-ერთი წყალდიდობის შემდეგ.

სახელწოდება შამგონა მომდინარეობს ვაზის ჯიშიდან. შორეულ წარსულში ეს ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული და აქ ხარობდა უნაყოფო ვაზის ჯიში შამგუ, რომელიც დიდი ხანია გადაშენდა, მისი სახელი კი შემორჩა კუნძულს.

რუხის ციხე

რუხის ციხე სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარეობს. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით იგი ლევან II დადიანმა ააგო 1647 წელს. რუხის ციხე გვიან შუა საუკუნეებში სამეგრელოს სამთავროს მნიშვნელოვანი და კარგად გამაგრებული საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო. სიმაგრის დაცულობას ხელს უწყობდა მისი მდებარეობაც. ციხე-ქალაქის დაარსების მთავრი მიზანი სამეგრელოში ვაჭრობის განვითარება და ქვეყანაში ოსმალების წინააღმდეგ ძლიერი სიმაგრის არსებობა იყო. ისტორიულ წყაროებში შემონახულია რამდენიმე ცნობა რუხის ციხესთან გამართული ბრძოლების შესახებ.

ჟან შარდენის ცნობით, 1672 წელს, როცა ოსმალები სამეგრელოში შეიჭრნენ, მთავარი ლევან III დადიანი რუხის ციხეში გამაგრდა. ოსმალებმა ციხეს ალყა შემოარტყეს, მაგრამ არტილერიის უქონლობის გამო ციხე ვერ აიღეს და უკან გაბრუნდნენ მრავალ ტყვესთან ერთად. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით 1725 წელს ოსმალებს რუხის ციხე დაუნგრევიათ, თუმცა იგი მალევე განუახლებიათ. 1769 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, გენერალმა ტოტლებენმა, ქართველი მეფე-მთავრების დამხარებით, რუხის ციხიდან ოსმალები განდევნა. ციხემ თავისი მნიშვნელობა XIX საუკუნის დასაწყისში დაკარგა.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი - ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ, XIX საუკუნეში გაშენებული, როგორც მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი, დადიანების სასახლესთან, ქალაქ ზუგდიდში, სამეგრელო.

ბაღში ოთხმოცამდე გვარის მრავალი სახეობის ხე, ბუჩქი და მცენარე იზრდება, მათ შორის მაგნოლიის ექვსი სახეობა, სხვადასხვა სახეობის მუხა, ატლასისა და ჰიმალაის კედარი, კანარის ვერხვი, აზიის, მათ შორის ინდოეთის, იაპონიის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, ამერიკის და სხვა ადგილებიდან შემოტანილი რელიქტური და ენდემური მცენარეები. ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც მის განაშენიანების საქმეს ხელი მოჰკიდა სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა.

იონა მეუნარგიას, რაფიელ ერისთავის, ვ. მირზაშვილის, ბოროზდინის, ი. გოგიასა და სხვათა ცნობით, როდესაც დავით დადიანმა მამის, სამეგრელოს მთავრის ლევან V-გან ხელისუფლება მიიღო 1840 წელს, სამთავროს მართვასთან ერთად ხელი მოჰკიდა დეკორატიული ბაღის მშენებლობას.

ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

ტაძარი აშენებულია - ლევან V დადიანის დროს (1825-1830 წწ.). ტაძრის მახლობლად მდებარე დედოფლის სასახლეში, რომელიც 1921 წლიდან ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმს წარმოადგენს ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სიწმინდეები: ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სამოსელი, წმ. იოანე ნათლისმცემლის და წმ. დიდმოწამე გიორგის ძვლები. წმ. დიდმოწამე მარინეს მკლავი და წმ. მოწამე კვირიკეს ხელის მტევანი, ღრუბლის ნაწილი, რომლითაც ასვეს ძმარი მაცხოვარს და მრავალი სხვა საეკლესიო სიწმიდე, რომელიც სამეგრელოს სხვადასხვა ეკლესიებიდანაა აქ ჩამოტანილი, რათა გადაერჩინათ ათეისტური ხელისუფლებისაგან განადგურებას. ასევე აქ მდებარეობს საკათედრო ტაძრის ოთხი დიდი ზომის მოოქროვილ პერანგიანი ხატი. აღსანიშნავია, რომ ერთერთი მათგანი ღმრთისმშობლის სარტყლის დადების სახელობისაა.

2 ივლისს (ახ. სტ. 15 ივლისს), ტაძრის დღესასწაულზე ხდება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სამოსელის გადმობრძანება ტაძარში და მორწმუნე ერს ეძლევა საშუალება თაყვანი სცეს ამ უდიდეს სიწმინდეს. ტრადიციულად ამ დღეს სადღესასწაულო წირვაზე ზუგდიდში უამრავი სტუმარი მობრძანდება. ეს დღეც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა საერთო-სახალხო ზეიმად და მას „ვლაქერნობას” ეძახიან.~

დადიანების სასახლე

დადიანების სასახლე - სამეგრელოს მთავრების, დადიანების რეზიდენცია იყო. ის ოდიშის მთავარმა – ლევან II დადიანმა ააშენა, მე-17 საუკუნეში. იგი ქალაქ ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს. დადიანების სასახლე დღეისათვის წარმოადგენს სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. იგი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).

დედოფლისეული სასახლე XIX ს –ის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი არქიტექტორის რაისის მიერ, მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. რაისმა II სართულს თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა. ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი. მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ –საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია–მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა