მტკვარზე ახალი ხიდი მცხეთის რაიონის შიდა ქართლთან დაკავშირებას გაამარტივებს - პროექტი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მცხეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებს შორის სატრანსპორტო კავშირის გასაუმჯობესებლად ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას იწყებს.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მნიშვნელობის ქსანი-სასხორის გზის 2.9 კმ სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია და მდინარე მტკვარზე აშენდება ახალი 389-მეტრიანი ხიდი. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 მილიონ ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ახალი ხიდი არსებული სარკინიგზო ხიდის მიმდებარედ აშენდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონებს შორის კავშირს.
უწყების ინფორმაციით, პროექტი განმუხტავს სატრანსპორტო ნაკადს თბილისის შემოსასვლელში, ასევე განტვირთავს ნაკადს ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რადგანაც ამჟამად ამ რაიონების ძირითადი დამაკავშირებელი სწორედ ჩქაროსნული მაგისტრალია.
"ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი ნიჩბისი-დიდგორის მიმართულებით უმოკლესი გზით დაუკავშირდებიან ერთმანეთს, რაც გააუმჯობესებს გადაადგილების ხარისხს და გაამარტივებს სატრანსპორტო მიმოსვლას. ამავდროულად, განიტვირთება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, განსაკუთრებით თბილისის შემოსასვლელი მონაკვეთი.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს მჭიდროდ დასახლებული სოფელ ქსანის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ზონის განვითარებას. ამჟამად, სოფელში მისასვლელად გამოიყენება ქანდა-ქსნის გზა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩქაროსნულ მაგისტრალს,"- ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.