თეგებით ძიება

როდის გაჩნდა და როგორ მოედო კონდინციონერები მსოფლიოს?

დღეს კონდიციონერი ბევრ ოჯახში თითქმის შეუცვლელი საყოფაცხოვრებო მოწყობილობაა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ზაფხული განსაკუთრებით ცხელი და დამღლელია. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ კონდიციონერის ისტორია ათწლეულებს ითვლის და მისი გამოგონება მხოლოდ კომფორტისთვის არ მომხდარა.

პირველი თანამედროვე კონდიციონერი 1902 წელს შეერთებულ შტატებში გამოიგონა ახალგაზრდა ინჟინერმა უილის კარიერმა. ის მუშაობდა ბეჭდვით ქარხანაში, რომელსაც მაღალი ტენიანობისა და სითბოს გამო სერიოზული პრობლემები ჰქონდა - ფერი და ქაღალდი ერთმანეთს ვერ ეწყობოდა. უილის კარიერმა შეიმუშავა სისტემა, რომელიც ჰაერს ფილტრავდა, აგრილებდა და აორთქლებდა ზედმეტ ტენიანობას. ამით ქარხანაში სტაბილური გარემო შეიქმნა და პრობლემა მოგვარდა. სწორედ ამ პრაქტიკულმა საჭიროებამ ჩაუყარა საფუძველი ტექნოლოგიას, რომელიც შემდგომში მთელ მსოფლიოზე გავრცელდა.

1920-იან წლებში კონდიციონერებმა გზა გაიკვლიეს საჯარო სივრცეებში — ამერიკული კინოთეატრები პირველად სწორედ მაშინ გახდნენ გრილი ზაფხულის საკულტო თავშეყრის ადგილები. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ამ ტექნოლოგიამ კინოდარბაზებში ყოფნა იმდენად კომფორტული გახადა, რომ სწორედ კონდიციონერმა განაპირობა ჰოლივუდური ინდუსტრიის ბუმი.

1930-იან წლებში კონდიციონერები გამოჩნდა მდიდარი ადამიანების სახლებში, ოფისებში, ელიტურ სასტუმროებსა და მაღაზიებში. თუმცა მაშინ ეს იყო ძვირადღირებული, მაღალი ენერგომოხმარების მქონე ტექნოლოგია და მხოლოდ შეძლებულ ფენებს ხელეწიფებოდათ.

1950-60-იანი წლებიდან ტექნოლოგიის გაუმჯობესებასა და ღირებულების კლებასთან ერთად კონდიციონერები სულ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. აშშ-ში 1960-იანი წლების ბოლოს უკვე თითქმის ყველა ახალ აშენებულ სახლში გათვალისწინებული იყო კონდიცირების სისტემა.

სტატისტიკა:

  • 1960-იან წლებში აშშ-ში მხოლოდ 12% ოჯახს ჰქონდა კონდიციონერი;
  • 1990-იან წლებში მაჩვენებელმა გადააჭარბა 70%-ს;
  • დღეს, 2020-იანი წლებისთვის, აშშ-ის სახლებში კონდიციონერის გავრცელება აღწევს 90-93%-ს.

ევროპაში კონდიციონერი შედარებით ნელა გავრცელდა - ბუნებრივმა კლიმატურმა პირობებმა და ხარჯების სხვაობამ გარკვეული შეფერხება გამოიწვია. მაგალითად, გერმანიაში დღესაც ბევრ სახლში არ არის კონდიციონერი, რადგან ჰაერის ტემპერატურა იშვიათად აღწევს იმ ნიშნულს, როდესაც გაგრილება აუცილებელია.

რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს - ინდოეთს, ჩინეთს, ლათინურ ამერიკას - ბოლო ორი ათწლეულია, რაც კონდიცირების სისტემების მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, ჩინეთში 2000-იანი წლების დასაწყისში კონდიციონერი ჰქონდა მხოლოდ 8%-ს, დღეს კი ეს მაჩვენებელი 60%-მდეა გაზრდილი.

1902 წელს პირველი კონდიცირების სისტემა იმდენად ძვირი იყო, რომ მისი ფასი მთელი სახლის ღირებულებას უტოლდებოდა. 1950-იან წლებში ერთ-ერთი პირველი საყოფაცხოვრებო კონდიციონერის ფასი შეადგენდა დაახლოებით 300–600 დოლარს (დღევანდელი ინფლაციით გათვალისწინებული დაახლოებით 3,000–7,000 დოლარი).

გლობალური დათბობის პირობებში კი, როგორც ჩანს, კონდიციონერები მომავალში კიდევ უფრო ფართოდ გავრცელდება, თუმცა ამასთან ერთად აქტუალური იქნება მისი ეკოლოგიური ალტერნატივები - ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემები და მწვანე არქიტექტურა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა