თეგებით ძიება

როგორ შევამციროთ კომუნალური გადასახადი კონდიციონერის მუშაობისას - ხრიკები, რომლებიც ენერგიის დაზოგვაში დაგვეხმარება

საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს ბევრ ადგილში, საკმაოდ ცხელი ზაფხულია. ზოგიერთ ქვეყანაში ზედმეტი სიცხის გამო გარკვეული აკრძალვებიც ამოქმედდა, მაგალითად საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ძლიერი სიცხის ტალღის გამო, რომელიც უახლოეს კვირებშია მოსალოდნელი, საბერძნეთის შრომის სამინისტრომ გამოსცა დადგენილება, რომელიც ქვეყნის ზოგიერთ რაიონში 12:00-იდან 17:00 საათამდე ღია ცის ქვეშ ფიზიკურ მუშაობას პირდაპირ კრძალავს.

რეკომენდაციები გამოსცა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმაც. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის დროს, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, გარკვეული წესების დაცვაა აუცილებელი.

მათთვის კი, ვინც სახლში კონდიციონერის საშუალებით გრილდება, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლის გათვალისწინებით შესაძლებელია როგორც ელექტროენერგიის დაზოგვა, ასევე კონდიციონერის ფუნქციონირების გახალგრძლივება და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვაც.

როგორ შევამციროთ გადასახადი კონდიციონერის მუშაობისას

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ცელსიუსის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ავთანდილ მეგრელიშვილმა განუცხადა, თანამედროვე კონდიციონერების სწორი გამოყენებით, ენერგიის დაზოგვა 20-40%-ითაც არის შესაძლებელი.

„ამისთვის მნიშვნელოვანია ოთახის სწორი იზოლაცია, მზის სხივების კონტროლი ფარდებით ან ჟალუზებით და კონდიციონერის რეგულარული მოვლა-გასუფთავება.

ტრადიციული, On/Off სისტემის კონდიციონერებისგან განსხვავებით, რომლებიც მუდმივად სრული სიმძლავრით მუშაობენ და სასურველი ტემპერატურის მიღწევისას ითიშებიან, ინვერტორული მოდელები ბევრად „ჭკვიანურად" მოქმედებენ. ინვერტორული კონდიციონერი მუდმივად არეგულირებს მუშაობის სიჩქარეს და სიმძლავრეს ოთახში არსებული ტემპერატურის შესაბამისად. ის არ ითიშება, არამედ ამცირებს ბრუნთა რიცხვს მინიმუმამდე და ინარჩუნებს სტაბილურ ტემპერატურას, რაც ეკონომიურობასთან ერთად მაქსიმალურად კომფორტულიც არის,“ - აღნიშნავს მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ბევრად ეფექტურია ინვენტორული კონდიციონერის დატოვება ერთ სტაბილურ ტემპერატურაზე ხანგრძლივი დროით, ხოლო არაინვერტორული კონდიციონერის შემთხვევაში მისი ჩართვა-გამორთვაა უფრო გამართლებული.

„ინვერტორული კონდიციონერის შემთხვევაში, ბევრად ეფექტურია მისი დატოვება ერთ, სტაბილურ, ოპტიმალურ ტემპერატურაზე ხანგრძლივი დროით - როგორც აღვნიშნეთ, ინვერტორი მუშაობას დაბალ სიმძლავრეზე აგრძელებს და მინიმალურ ენერგიას ხარჯავს ტემპერატურის შესანარჩუნებლად. სივრცის ხელახლა გაგრილება, რაც მოწყობილობის გამორთვის და შემდეგ ჩართვისას ხდება, გაცილებით მეტ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე არსებული ტემპერატურის შენარჩუნება.

არაინვერტორული (On/Off) კონდიციონერის შემთხვევაში კი, სიტუაცია განსხვავებულია. რადგან ის მუდმივად სრული დატვირთვით მუშაობს, მისი ჩართვა-გამორთვა უფრო გამართლებულია, თუკი ოთახს დიდი ხნით ტოვებთ (მაგალითად, 2-3 საათზე მეტი). თუმცა, ხშირი ჩართვა-გამორთვა (ყოველ 30-60 წუთში) მაინც არაეფექტურია და აზიანებს კომპრესორს,“- განაცხადა მან.

როგორც მეგრელიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, კონდიციონერის მუშაობისას ენერგიის დასაზოგად მნიშვნელოვანია მისი მონტაჟის პირობებიც.

„მონტაჟს, კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს. არასწორმა მონტაჟმა შეიძლება კონდიციონერის ეფექტურობა 20-30%-ით შეამციროს და გამოიწვიოს მისი ნაადრევი მწყობრიდან გამოსვლა. ძირითადი ფაქტორები: ადგილმდებარეობა: შიდა ბლოკი არ უნდა იყოს მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ან სითბოს წყაროსთან ახლოს. გარე ბლოკს კი სჭირდება კარგი ვენტილაცია და დაცვა პირდაპირი მზისგან. მილების სიგრძე და იზოლაცია: გარე და შიდა ბლოკების დამაკავშირებელი მილების სიგრძე უნდა იყოს ოპტიმალური (მწარმოებლის რეკომენდაციის ფარგლებში), ხოლო მათი იზოლაცია - უმაღლესი ხარისხის, რათა არ მოხდეს ტემპერატურის კარგვა. ჰერმეტულობა: სისტემა უნდა იყოს სრულად ჰერმეტული, რათა არ მოხდეს ფრეონის გაჟონვა,“ - აცხადებს მეგრელიშვილი.

ხრიკები, რომლებიც კონდიციონერის მუშაობის პროცესში ენერგიის დაზოგვაში დაგვეხმარება:

  • დააყენეთ ოპტიმალური ტემპერატურა: ყველაზე კომფორტულ და ენერგოეფექტურ ტემპერატურად მიჩნეულია 22-24°C. თითოეული გრადუსით ტემპერატურის დაწევა (მაგალითად 19°C-ზე) ზრდის ენერგიის მოხმარებას დაახლოებით 6-8%-ით.
  • გაწმინდეთ ფილტრები: დაბინძურებული ფილტრები აფერხებს ჰაერის ნაკადს და აიძულებს კონდიციონერს იმუშაოს ზედმეტი დატვირთვით. გაწმინდეთ ფილტრები მინიმუმ თვეში ერთხელ. ეს პროცედურა ენერგიის მოხმარებას 5-15%-ით ამცირებს.
  • დაიცავით ოთახი მზისგან: დღის ყველაზე ცხელ პერიოდში დახურეთ ფარდები ან ჟალუზები, განსაკუთრებით სამხრეთისა და დასავლეთის ფანჯრებზე. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ოთახში შემოსული სითბოს რაოდენობას.
  • შეამოწმეთ ჰერმეტულობა: დარწმუნდით, რომ ფანჯრები და კარები კარგად იხურება, რათა გაგრილებული ჰაერი გარეთ არ გავიდეს.
  • გამოიყენეთ ვენტილატორი: ჭერის ან იატაკის ვენტილატორი ეხმარება გაგრილებული ჰაერის ცირკულაციას, რაც კომფორტის შეგრძნებას ზრდის და საშუალებას გაძლევთ კონდიციონერი 1-2 გრადუსით მაღალ ტემპერატურაზე დააყენოთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა