ნეტო დარიცხვის სისტემა 2027 წლის იანვრიდან ამოქმედდება
ნეტო დარიცხვის სისტემა 2027 წლის იანვრიდან ამოქმედდება. სემეკის ინფორმაციით, "ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში” ცვლილებები უკვე შეიტანეს. ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელისთვის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებების შეღავათი უქმდება. ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, სემეკი დაადგენს ელექტროსადგურის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის, აგრეთვე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ანაზღაურების პირობებს.
ნეტო დარიცხვის სისტემაზე სრულად გადასვლამდე, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, შესაძლებელი ხდება 100 კილოვატამდე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ნეტო დარიცხვის სქემაში ჩართვა იმ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ქსელში, სადაც სადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ პიკური დატვირთვის 20%-ს გადააჭარბა. საუბარია "ენერგოპრო ჯორჯიას" ქსელზე, უშუალოდ დარიცხვის სისტემა კი ქვეყანა 2027 წლის იანვრიდან გადავა.
ახალი მექანიზმი ასე იმუშავებს: ნეტო დარიცხვის სქემაში, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი, ქსელში მიწოდებული კილოვატსაათების მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად, ქსელში მიწოდებულ თითოეულ კილოვატსაათზე მიიღებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საშუალო შეწონილ ფასს, ხოლო ქსელიდან მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადაიხდის როგორც ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების, ისე ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურებისა და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურს. ქსელში მიწოდებული და იმავე საანგარიშო პერიოდში ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებები გაიქვითება ერთმანეთში. გაქვითვის შედეგად დარჩენილი დადებითი ნაშთი გამოყენებული იქნება მომდევნო საანგარიშო პერიოდში, ელექტროენერგიის მომსახურების საფასურის დასაფარად.
ამას გარდა, ნეტო დარიცხვის სისტემა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელებისთვის უზრუნველყოფს ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვას, კომისიის მიერ განსაზღვრული საფასურით. იმავდროულად, ასეთი მომხმარებელი, როგორც ყველა სხვა საბოლოო მომხმარებელი, მიწოდებულ ელექტროენერგიასთან ერთად, გადაიხდის სასისტემო მომსახურების ფასს.
"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” კანონში 2025 წლის 10 ივნისს შესული ცვლილებებით, სემეკს ასევე უფლებამოსილება მიენიჭა ნეტო დარიცხვის სქემა დაადგინოს ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც 2027 წლის იანვრიდან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მიერთდება გამანაწილებელ ქსელთან. ამასთანავე, 2027 წლის იანვრამდე გამანაწილებელ ქსელზე ნეტო აღრიცხვის სქემით მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები 2033 წლის იანვრამდე ისარგებლებენ ქსელზე მიერთების მომენტისთვის არსებული პირობებით.