თბილისის სპორტის სასახლე - გამორჩეული ექსპერიმენტული პროექტი
თბილისის სპორტის სასახლე მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული არქიტექტურისა და საინჟინრო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია. არქიტექტორების – იური კასრაძისა და ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის პროექტით აგებული შენობა 1961 წელს საზეიმოდ გაიხსნა. სპორტის სასახლის გუმბათის უნიკალური კონსტრუქცია ინჟინერ დავით ქაჯაიას მიერაა შემუშავებული. ეს ტერიტორია სრულიად გამწვანებულ არეალში იყო მოქცეული.
სპორტის სასახლე საბურთალოზე, იმ დროს სწრაფად მზარდ, ახალ უბანში აშენდა. მის გარშემო იყო დიდი, გამწვანებული სივრცე და 400 მანქანის გასაჩერებელი ავტოსადგომი. თბილისის სპორტის სასახლის დაპროექტება “თბილქალაქპროექტში” 1956 წელს დაიწყო. როგორც იმ დროს გაზეთები წერდნენ, ეს უნდა ყოფილიყო სპორტსაზოგადოება “სპარტაკის” სადემონსტრაციო დარბაზი, რომელშიც კალათბურთის, ფრენბურთის, ტანვარჯიშის, ჩოგბურთის, კრივის, ფარიკაობისა და სპორტის სხვა სახეობების შეჯიბრებები უნდა ჩატარებულიყო.
გარედან სპორტის სასახლე ჰორიზონტალურ, მძიმე მოცულობად აღიქმება. ის რამდენიმე საფეხურით ამაღლებულ სტილობატზე დგას. გარე კედლები ეკლარის ღია ფერის ქვითაა მოპირკეთებული. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს გუმბათი ხუთთაღიან, მონუმენტურ გარე კედლებს ეყრდნობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს – ის შიდა პერიმეტრზე განლაგებულ მზიდ კედლებს უჭირავს, თაღებით კი შემოსაზღვრულია ნახევრად ღია გალერეები შესასვლელებით, რომელიც სამი მხრიდან სასახლის ინტერიერსა და ქალაქს შორის გარდამავალ სივრცეს ქმნის. მეოთხე, უკანა ფასადზე ადმინისტრაციისა და დამხმარე სათავსების შესასვლელებია. ოთხივე კუთხეში კიბეებია მოთავსებული.
მოედანს ოთხივე მხარეს 10 000 მაყურებლისთვის განკუთვნილი ტრიბუნები აქვს. ამის გარდა, დამატებით, 2 000 მაყურებლის განთავსება ზედა დონის შემოსავლელ გალერეაზეა შესაძლებელი. შიდა კიბეებისა და შესასვლელების სქემა დარბაზის 10-12 წუთში დაცლას ითვალისწინებს.
სპორტის სასახლის ცენტრალური ნაწილი გადაიხურა დავით ქაჯაიას მიერ შემუშავებული ანაკრები რკინაბეტონის გარსული კონსტრუქციით. გუმბათის დიამეტრი 76 მეტრია, ხოლო ამაღლების ისარი – 12.8 მეტრი. ის შედგება 480 ცალი წინასწარ დამზადებული ფილისაგან, რომლებიც ათ კონცენტრულ წრედ არის აწყობილი.