დიდი ისტორიის მონასტერი ოკუპირებულ ტერიტორიაზე - რა იცით თირის მონასტრის შესახებ?
თირის მონასტერი – (ინგლ. Thiri Monastery), XIII საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ შიდა ქართლში, ქ. ცხინვალის ჩრდილო-დასავლეთით 8 კმ-ზე. სოფელს, რომლის მახლობლადაც ძეგლი მდებარეობს, ამჟამად ქვემო მონასტერი ეწოდება. ის მდინარე თირისწყლის ნაპირზეა განლაგებული. კომპლექსის შემადგენლობაში შედის: სამხრეთ და დასავლეთ მინაშენებიანი დარბაზული ეკლესია, სამრეკლო, სატრაპეზო, კოშკი, გალავანი, საძვალე, კლდეში ნაკვეთი მღვიმეები და სენაკი-სამლოცველოები, აგრეთვე სხვა შენობათა ნანგრევები.
თირის ხუროთმოძღვრული ანსამბლი ვიწრო ტერასაზეა განლაგებული. რთული ლანდშაფტის გამო (ჩრდილოეთით მას შვეული ქარაფი საზღვრავს, ხოლო სამხრეთით ციცაბო ფერდობი აქვს) სამონასტრო ნაგებობები ძალიან მჭიდროდ, გრძივ ღერძზეა გაშენებული. ეკლესიას არ გააჩნია სამშენებლო წარწერა. ხუროთმოძღვრებისა და მორთულობის ანალიზის საფუძველზე მკვლევარები მას XIII საუკუნის 80-იანი წლებით ათარიღებენ.
მონასტრის ძირითად ნაგებობას წარმოადგენს ანსამბლის ცენტრში აღმართული გეგმით მართკუთხა (6,25x14,0 მ) (ვ. ბერიძესთან გარეთა ზომებია: 9.95×17.80 მ, სიმაღლე შიგნით 9.5 მ) ღვთისმშობლის ეკლესია საკურთხევლის აფსიდით, რომელსაც ნავისაგან ეკლესიის თანადროული კანკელი გამოყოფს (კანკელმა ჩვენამდე თავდაპირველი სახით ვერ მოაღწია). საკურთხეველში შემორჩენილია XIV-XV საუკუნეების მოხატულობის ნაშთი.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა, თითქოსდა ცალნავიანი. წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობა ორფერდა სახურავითაა გადახურული, რომელიც განივ ფასადებზე ფრონტონებს ქმნის, მაგრამ ინტერიერი რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა. „შიგა სივრცე ორი დარბაზისაგან შედგება: დასავლეთისა, შედარებით ვიწრო და სამხრეთიდან ჩრიდილოეთისაკენ მიმართული, ხოლო ცენტრალური, რომელიც აღმოსავლეთიდან ბემითა და საკურთხევლის აფსიდით ისაზღვრება, კვადრატული. გამოდის, რომ სამი სივრცობრივი ერთეული ერთიან სისტემაში მხოლოდ სახურავის კონსტრუქციას მოჰყავს“ (გ. ყიფიანი).
XIV საუკუნეში, ისტორიული წყაროების მიხედვით, თირის მფლობელებად თავხელისძეები ჩანან, რომლებიც საუკუნის დასასრულიდან აქტიურ მოღვაწეობას ეწევიან მონასტერში. აღსანიშნავია, რომ ჩრდილეთიდან სამლოცველოს მიშენებამ სახე უცვალა ნაგებობას. ეგვტერის მთავარ ტაძართან დასაკავშირებლად ხუროთმოძღვარმა ეკლესიის ჩრდილოეთი კედელი გამოიღო და სამკვეთლოს დასავლეთი კედლიდან მთავარი ტაძრის დარბაზში გასასვლელი გაჭრა. XVIII საუკუნეში თირის მონასტერი და სოფელი ქართლის გამგებლისა (1703-1714 წწ.) და მეფის (1716-1724 წწ.) ვახტანგ VI-ის სამკვიდრო მამული იყო. აქ არის დაკრძალული ვახტანგის შვილი როსტომი. 1811 წელს მონასტერი სამრევლო ეკლესიად გადაკეთდა.