თეგებით ძიება

"რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ პროექტში ცვლილებები შედის - ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც სადგურს აშენებს

„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტში ცვლილებები შედის. პროექტის განმახორციელებელმა შპს „ტაბამ“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკრინინგის ანგარიში უკვე წარუდგინა.

ცვლილებების მიხედვით, კომპანია გეგმავს ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრის გაზრდას 24 მგვტ-დან 25 მგვტ-მდე. ამასთან, დაგეგმილია ტურბინების რაოდენობის შემცირებაც.

უფრო კონკრეტულად, საწყისი პროექტით გათვალისწინებული იყო 5 ტურბინის განთავსება, რომელთა სიმძლავრეც 4.8 მგვტ. იქნებოდა. ცვლილებების მიხედვით კი „ტაბა“ ტურბინების რაოდენობას 4-მდე ამცირებს, ნომინალურ სიმძლავრეს კი 6.25 მგვტ-მდე ზრდის.

„პროექტში ცვლილების შეტანის შედეგად: მცირდება მისასვლელი გზის სიგრძე (შესაბამისად მისი მოწყობის სამუშაოების დროს ზემოქმედება გარემოზე); მცირდება გასაყვანი მიწისქვეშა კაბელის სიგრძე (შესაბამისად მისი მოწყობის სამუშაოების დროს ზემოქმედება გარემოზე); ტურბინების რაოდენობის შემცირების შედეგად მცირდება პროექტისთვის გამოსაყენებელი ტერიტორიის ფართობი (საჭირო არ იქნება მეხუთე ტურბინის მონტაჟისთვის პლატფორმის მოწყობა). შესაბამისად თავიდან იქნება აცილებული მისი მოწყობის სამუშაოების დროს ზემოქმედება გარემოზე“, - აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც „რიკოთის ქარის ელექტროსადგურს“ აშენებს

ცნობისთვის, „რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს შიდა ქართლის რეგიონის ხაშურის მუნიციპალიტეტის და იმერეთის რეგიონის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საზღვარზე, ზღვის დონიდან 1115-1250 მ-მდე სიმაღლეთა დიაპაზონში.

უახლოესი ტურბინის დაშორება დაბა სურამიდან და სოფელ ბიჯნისიდან 3კმ-ს აღემატება. მანძილი რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ და დასავლეთ პორტალებამდე შესაბამისად 2 და 1.4 კილომეტრია, ტურბინების დაშორება E60 მაგისტრალიდან მიახლოებით 1.3კმ, ქვესადგურის ტერიტორიის დაშორება რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზიდან მიახლოებით 24მ შეადგენს.

რაც შეეხება კომპანიას, შპს „ტაბა“ რეესტრში 2013 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის წილების 50%-ს ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანია შპს „რიკოთი ენერჯი ბი“ ფლობს, დარჩენილი ნახევარი კი თურქეთში დაფუძნებულ სააქციო საზოგადოება „ანადოლუ კაფკასია ენერჟი იატირიმლარს“ ეკუთვნის.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა