წითელი ხიდიდან ფოთამდე მგზავრობის დრო 3.4 საათამდე შემცირდება - როდის დასრულდება E-60-ის მაგისტრალის მშენებლობა
E-60-ის (წითელი ხიდი-თბილისი-სენაკი-ფოთის პორტი) მაგისტრალის მშენებლობის დასრულება 2032 წლისთვის იგეგმება, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
ცნობისთვის, E-60-ის მაგისტრალი იწყება წითელი ხიდიდან, გადის თბილისს, სენაკს და სრულდება ფოთის პორტთან. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია 215.15 კმ-იანი გზის მშენებლობა, 10.4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.
„უკვე დასრულებულია შემდეგი მონაკვეთები: ფონიჭალა-რუსთავის 3-კილომეტრიანი მონაკვეთი, ნატახტარი-რუისის, რუისი-აგარას, აგარა-ზემო ოსიაურის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის (F0), ჩუმათელეთი ხევის (F1), ხევი-უბისას (F2), უბისა-შორაპნის (F3), შორაპანი-არგვეთას (F4), ზესტაფონი-ქუთაისის და ქუთაისის შემოვლითი გზა.
წითელი ხიდიდან ფოთამდე მგზავრობის დრო 3.4 საათამდე შემცირდება
ამ დროისთვის მიმდინარეობს შემდეგი მონაკვეთების მშენებლობა: ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის (F0) და ჩუმათელეთი-ხევის (F1), რომელთა ჯამური სიგრძე შეადგენს 10.4 კმ-ს (აღნიშნული 10.4 კმ-დან, F1-ის 4კმ-ზე მოძრაობა გახსნილია თბილისი-არგვეთას მიმართულებაზე).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით E-60 (წითელი ხიდი-თბილისი-სენაკი-ფოთის პორტი) მაგისტრალის 369 კმ-იანი მონაკვეთიდან საავტომობილო გზის მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი ეხება 340 კმ-ს, საიდანაც 215.15 კმ-ზე მოძრაობა უკვე გახსნილია. ასევე, აღსანიშნავია რომ მოძრაობა გახსნილია ჩუმათელეთი-ხევის (F-1) დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის ორ ზოლზე (აღმოსავლეთი დასავლეთის მიმართულებაზე)“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ დეპარტამენტში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დღეს წითელი ხიდიდან ფოთის პორტამდე მგზავრობის დრო დაახლოებით, 5 საათი და 30 წუთია. უწყების განმარტებით, E60-ის მაგისტრალის სრულად გახსნის შემდეგ მგზავრობის დრო 3 საათსა და 40 წუთამდე შემცირდება.