"ზომებია მისაღები... ვხედავთ, თბილისის კლიმატი რა ტენდენციით იცვლება... 45 გრადუსამდე ტემპერატურის მატება სრულიად შესაძლებელია" - ექსპერტი
„წლების წინ დიდ იშვიათობად მიგვაჩნდა, თუკი ტემპერატურა 35-40 გრადუსს მიაღწევდა, დღეს უკვე ჩვეულებრივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ 45 გრადუსამდე მატება სრულიად შესაძლებელია“, - ამის შესახებ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ, „რადიო პალიტრას“ გადაცემაში, „თქვენი დრო“, განაცხადა.
გვილავას თქმით, ტემპერატურის მატების ტენდენციის შეცვლა ურთულეს ამოცანად იქცა და უკვე მოცემულობად გვიწევს იმის მიღება, რომ შეიძლება ქუჩაში გახვიდე და 45-50 გრადუს სიცხეში ამოყო თავი.
"დღეს 45-გრადუსიანი სიცხე ჩვეულებრივ ამბად იქცა"
„წლების წინ დიდ იშვიათობად მიგვაჩნდა, თუკი ტემპერატურა 35-40 გრადუსს მიაღწევდა, დღეს უკვე ჩვეულებრივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ 45 გრადუსამდე მატება სრულიად შესაძლებელია.
გაზაფხულზე გამოვთქვი პროგნოზი, რომ ევროპაში ამ ზაფხულს 45-50 გრადუსამდე შეიძლებოდა ყოფილიყო ტემპერატურა, რა დროსაც ცოტა უხერხულობაც ვიგრძენი, მაგრამ გასულმა თვემ გვაჩვენა, რომ ყველაფერი ზუსტად გამოვიცანი და ამაში გასაკვირი აღარაფერია, უკვე ამის ჩვეულებრივ მოცემულობად მიღება გვიწევს.
გერმანიაში კანონია უკვე, რომ თუ სახლს ააშენებ, მწვანე სახურავი უნდა ჰქონდეს. ჩვენთანაც რაღაც ზომებია მისაღები, თორემ, ყველა კარგად ვხედავთ, თბილისის კლიმატი რა ტენდენციით იცვლება.
ასე რომ, გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები და გარემოს შველა სჭირდება, სხვა შემთხვევაში, მისი რეაქცია კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით იქნება წარმოდგენილი და ამას თითოეული ჩვენგანი მეტად და მეტად იგრძნობს“, - განაცხადა გვილავამ.