ანაკლიის პორტამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე მთავრობამ განკარგულება გამოსცა
მთავრობამ 4 აგვისტოს მიღებული განკარგულებით საავტომობილო გზების დეპარტამენტს ანაკლიის პორტამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაავალა. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს დაევალა, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთის დაფინანსება შემდგომი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარი დაჯდება აღნიშნული პროექტი. ჯერ კიდევ 2019 წელს გაკეთებული შეფასებების თანახმად, პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის ჯამური ღირებულება 330 მილიონ ლარზე იყო პროგნოზირებული.
4 აგვისტოს გამოცემული დადგენილებითვე საქართველოს რკინიგზასაც დაევალა პორტამდე მისასვლელი სარკინიგზო ხაზის გაყვანა. ამასთან, რკინიგზას დაევალა პროექტის შესაბამისი ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენა. ამასთან, მთავრობა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მიწების გამოსყიდვასაც მოახდენს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. 2024 წლის აგვისტოში მთავრობამ ბელგიურ ჰიდროსაინჟინრო კომპანია Jan De Nul-თან გააფორმა ზღვის ფსკერის დაღრმავების, ტალღმჭრელისა და პორტის ინფრასტრუქტურის მოწყობის კონტრაქტი. პროექტის ფარგლებში სამუშაოებზე წელს 150 მილიონი ლარი იხარჯება.
თუმცა, პორტის პროექტს გენერალური ინვესტორი ამ დრომდე არ ჰყავს. ინვესტორის შესარჩევი საერთაშორისო კონკურსი ჯერ კიდევ 2024 წლის 29 მაისს დასრულდა და მაშინ უპირატეს მონაწილედ ჩინური კონსორციუმი CCCC დასახელდა. ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კონკურსის შედეგების წარდგენისას განაცხადა, რომ კომპანია ოფიციალურად გამარჯვებულად "რამდენიმე დღეში" დასახელდებოდა, თუმცა ერთი წლისა და ორი თვის შემდეგ ამ კონკურსს ოფიციალური გამარჯვებული არ ჰყავს.
