მეღვინეობით განთქმული სოფელი, რევოლუციონერი მოსახლეობით - გურიის სოფელ ბახვის ისტორია
ტოპონიმ ბახვის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგიერთი მას უკავშირებს ხალხურ ლეგენდას ბახმაროს შესახებ. არსებობს მოსაზრება, რომ „ბახვის“ წარმოშობა უკავშირდება ბერძნულ ღვთაება ბახუსს. ბახვი მეღვინეობით განთქმული იყო, აქ მოდიოდა ვაზის ადგილობრივი, ენდემური ჯიშები ჩხავერი, მტევანდიდი, ჯანი.
თემი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მოიცავს სოფლებს: ზედა ბახვი (თემის ცენტრი), ქვედა ბახვი, მშვიდობაური, ოქროსქედი. ბახვში მოქმედებს სამი (ბახვის, ქვედა ბახვისა და მშვიდობაურის) საჯარო სკოლა.
გურიის სამთავროს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე სოფელი ბახვი ქუთათელი ეპისკოპოსის საკუთრებაში შედიოდა. როდესაც გურიის სამთავროში ცალკე საეპისკოპოსოები დაფუძნდა, ქუთათელმა ბახვი დაკარგა. 1773 წლის 9 იანვარს იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ბახვი კვლავ ქუთათელს დაუბრუნა.
XIX საუკუნეში ბახვის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა სოფლებს ზედა ბახვი (იგივე შუა ბახვი), ქვედა ბახვი, ვაკე-ჯვარი, უჩხუბი და ბაღდადი. საზოგადოება მდებარეობდა მდინარეების, ბახვისწყლისა და ნატანების შუაში, აჭარა-გურიის მთების კალთების ბოლოებზე, მდინარეებს ნატანებსა და ბახვისწყალს შორის. საზოგადოების მეტი ნაწილი წარმოადგენდა ვაკეს, რომელიც დახრილი იყო ჩრდილო-დასავლეთით. დაფარული იყო გაუვალი მაღალი გვიმრით, ეკლით და თხმელის ხეებით, სადაც ხოხბები ბინადრობდნენ. გავრცელებული იყო მეღვინეობა, მეფუტკრეობა, მეაბრეშუმეობა.
სოფლის ცენტრში იდგა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია. ტაძარი ნაშენი იყო თლილი ქვით, ჰქონდა ოთხქიმიანი ჯვრის ფორმა და გუმბათი. გუმბათი სიმეტრიული იყო, არც მაღალი, არც დაბალი, კორპუსისა და გუმბათის კარ-ფანჯრების საპირეები მოჩარჩოებული იყო საგულდაგულოდ მოპირკთებული სვეტებით. სამრეკლო აშენებული იყოსახურაზვე, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავები კორპუსთან შედარებით ვიწრო იყო. ტაძარში ინახებოდა პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მანამდე პალიასტომის ტბის სიახლოვეს მდგარ გაპარტახებულ ეკლესიას ეკუთვნოდა. ეკლესიას ჰქონდა სამშენებლო წარწერა სამხრეთ შესასვლელის ზემოთ. წარწერა იუწყებოდა რომ ტაძრი აშენდა 1867 წელს გაბრიელ ეპისკოპოსის დაფინანსებით ლევან და მოსე ბერეკაშვილების მიერ. გაბრიელს ტაძრის მშენებლობა 8000 მანეთი დაუჯდა.
1874 წელს სოფელში აგრეთვე ეპისკოპოს გაბრიელის შემწეობით გაიხსნა სკოლა, რომელსაც 1875 წელს უკვე დიდი სახელი ჰქონდა გავარდნილი. 1895 წელს დაარსდა ბიბლიოთეკა, რომელიც 1905 წელს სადამსჯელო რაზმებმა დახურეს.
„ბახვის მანიფესტი“ - ბახვის თემის გლეხთა მოთხოვნები, რომლებიც წაუყენეს კავკასიის მთავარმართებლობის წარმომადგენელს 1905 წლის თებერვალში.1905 წლის 9 იანვრის სისხლიანმა კვირამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა საქართველოში, განსაკუთრებით კი გურიაში. მანიფესტის მოთხოვნათა შეუსრულებლობა გახდა ერთ-ერთი წინაპირობა 1905 წელს გურიაში შეიარაღებული ამბოხების დაწყებისა, რაც გურიის რესპუბლიკის გამოცხადებით და შემდეგ ამბოხის სასტიკი ჩახშობით დამთავრდა.
1920-იან წლებში ნატალია ქიქოძის ხელმძღვანელობით დაანგრიეს სოფლის ეკლესია და მის ადგილას მოეწყო საფეხბურთო მოედანი. სოფელში 1937 წელს აშენდა მცირე ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე იყო 67 კვტ/სთ. 1945 წელს რეკონსტრუქციის შედეგად მისი სიმძლავრე 100 კვტ/სთ-მდე გაიზარდა. ჰესი ზედა ბახვის გარდა ელექტროენერგიით ამარაგებდა ქევდა ბახვს, ასკანას, მშვიდობაურს, ფამფალეთს. 1981 წელს სოფლის ცენტრში გაიხსნა ბახვის მანიფესტის მემორიალი. მემორიალი წარმოადგენდა გურული გლეხის კარ-მიდამოს, რომელშიც გურიის რევოლუციური მოძრაობის ისტორიის მუზეუმი მოეწყო. დღეისთვის ბახვის მოსახლეობა 1900-მდე ადამიანს ითვლის.