თბილისის ახალი სტადიონის მშენებლობაზე სავარაუდოდ, 876 მლნ ლარი დაიხარჯება - როდის და სად აშენდება?
თბილისში უეფას მეოთხე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის დეტალური პროექტის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესყიდვა გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ახალი სტადიონის მშენებლობა დაგეგმილია თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და გათვლილი იქნება 70 ათას მაყურებელზე.
რამდენი ლარი დაიხარჯება თბილისის ახალი სტადიონის მშენებლობაზე?
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 876 000 000 ლარს შეადგენს. მიმწოდებელმა სამუშაოები 51 თვის ვადაში უნდა შეასრულოს. აქედან 15 თვე გამოყოფილია პროექტირებისთვის, 36 თვე კი სტადიონის მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ახალი, 70 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობამ ინიციატივა 2024 წლის გაზაფხულზე გაახმოვანა. მაშინ პრემიერის გადაწყვეტილებით უწყებათაშორისი კომისიაც შეიქმნა.
ამ დროისთვის საქართველოში ყველაზე დიდი სტადიონი „დინამო არენაა“, რომელიც 1935 წელს აშენდა. გადაკეთდა და გაიხსნა 1976 წლის 29 სექტემბერს. მისი ტევადობა 54 500-ს აჭარბებს