რა მდგომარეობაა ხარაგაულის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში, სადაც მეწყერს ებრძვიან? - გარემოს ეროვნული სააგენტო
ხარაგაულში, სოფელ ხემაღალსა და ღვერკში გააქტიურებულმა მეწყერმა მდინარე კორნებასღელე ნაწილობრივ გადაკეტა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
სოფელი ღვერკში მეწყრული პროცესი გააქტიურების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები ადგილზე მდგომარეობის შეფასებაზე მუშაობდნენ.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა. მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდ. კორნებასღელე.
დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ოპერატიულად მოახდინეს სიტუაციის შეფასება. წინასწარი ინფორმაციით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სააგენტოს გეოლოგები ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან. მათ მიერ, შესაბამის უწყებებთან ერთად გაიცა რეკომენდაციები, რაც გულისხმობს შეგუბების უბანზე გაწმენდით სამუშაოებს, ასევე, მეწყრის ზონაში მონიტორინგის დაწესებას", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.