"ზანგეზურის დერეფანი ბევრად უფრო ეკონომიურია - შესაძლოა, გარკვეულწილად შემცირდეს საქართველოს მიმართ გეოეკონომიკური ინტერესი“ - ანალიტიკოსი
„ზანგეზურის დერეფანი შესაძლოა, საქართველოსთვის იქცეს დაპირისპირების საგნად, რამდენადაც საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ტვირთების გადანაწილება მოხდება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ანალიტიკოსმა მიხეილ თოქმაზიშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ ზანგეზურის დერეფნის განვითარებით საქართველოს მიმართ ინტერესი შესაძლოა, შემცირდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ის უფრო ეკონომიურია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს შუამავლობა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი აგვისტოს დასაწყისში მოეწერა ხელი. ამასთანავე, თეთრ სახლში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ზანგეზურის დერეფნის განვითარებას ეხება. ამ ხელშეკრულებით აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას, აღნიშნული სატრანზიტო მარშრუტის განვითარებისთვის.
ინფორმაციისთვის, ზანგეზურის დერეფანი საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს, სომხეთის გავლით დაუკავშირდეს ნახიჩევანს და შემდეგ თურქეთს. ამით შეიქმნება ალტერნატიული გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნისთვის, რომელიც ამჟამად გადის საქართველოზე, მაგალითად, ბაქო-თბილისი-ყარსი რკინიგზის მარშრუტით.
იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ახალი მარშრუტის ამოქმედებას საქართველოს სატრანზიტო როლზე, „ბიზნესპრესნიუსი“ ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილმა წევრსა და ანალიტიკოს მიხეილ თოქმაზიშვილს ესაუბრა:
„ზანგეზურის დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი დერეფანია, ერთი მხრივ, იმ თვალსაზრისით, რომ აქ დასავლეთის სიძლიერე იზრდება, რამდენადაც ამ დერეფანს ყურადღებას მიაქცევს დასავლეთის ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები; რუსეთის გავლენა თანდათანობით შემცირდება, მაგრამ მოსალოდნელია, ძალიან დიდი პროვოკაციული ქცევები რუსებისა და ირანის მხრიდან. მთავარი არის ის, რომ ეს დერეფანი შესაძლოა, იქცეს დაპირისპირებად საქართველოსთვის, რამდენადაც ტვირთების გადანაწილება მოხდება საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში. მოსალოდნელია, რომ ტვირთები გადანაწილდეს ზანგეზურის მიმართულებით, იქიდან გამომდინარე, რომ ზანგეზურის დერეფანი ბევრად უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოზე გამავალი დერეფანი. ამან გარკვეულწილად შესაძლოა, შეამციროს მსოფლიოში საქართველოს მიმართ გეოეკონომიკური კუთხით ინტერესი, მაგრამ, ალბათ, საქართველოს ხელისუფლებას გათვლა აქვს, რომ ჩინური ტვირთების რაოდენობა გაიზრდება საქართველოში.
„ზანგეზურის დერეფანი უფრო ეკონომიურია - ტვირთები შესაძლოა, გადანაწილდეს“
თუმცა, ამ ნაწილში უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთმა რამდენიმე წლის წინ გარკვეული ტესტირება ჩაატარა, მაშინ პირველმა მატარებელმა ჩაიარა ჩინეთიდან საქართველოში, ამ მატარებელმა უჩვენა ჩინელებს, რომ ეს გზა მაინც და მაინც სახარბიელო არ იყო. მეორე ტესტირება მოხდა რუსეთის მიმართულებით და ეს უფრო ეკონომიური აღმოჩნდა, რუსეთიდან ჩინეთში დაბრუნებული მატარებლები სავსე ჩავიდა, საქართველოდან ჩასული მატარებელი კი პრაქტიკულად, ცარიელი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გზა ჩინელებისთვის ცალმხრივი იქნება, ჩინური ტვირთი გავა, მაგრამ იქიდან არაფერი წამოვა ჩინეთში. თუ ეს ასეა, მაშინ ინტერესი კიდევ ერთხელ გადასახედი იქნება ჩინელების მხრიდან და რამდენად მნიშვნელოვანი გახდება ზანგეზურის გზა, დამოკიდებული იქნება იმაზე, ჩინელები ტვირთს საქართველოს გავლით გაატარებენ თუ ზანგეზურის. შეიძლება, ჩინეთი ჯერჯერობით არ იყოს ჩამოყალიბებული ამ ნაწილში და ეს ჩანს იქიდანაც, რომ ანაკლიის პორტის საკითხს სიფრთხილით მიუდგნენ“, - განაცხადა მიხეილ თოქმაზიშვილმა.