მთავრობა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნაზე მუშაობს
მთავრობა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნაზე მუშაობს. აღნიშნულს ითვალისწინებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი.
კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ეგრისის ეროვნული პარკი ჩხოროწყუს და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში და მისი საერთო ფართობი იქნება 38 479 ჰექტარი.
„ეგრისის ეროვნული პარკისთვის განკუთვნილი ტერიტორიები წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის. ეგრისის ეროვნული პარკის ტერიტორიებზე გავრცელებული ხერხემლიანების 26 სახეობა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.
ამასთანავე, ეროვნული პარკის შექმნის ერთ-ერთი მიზანია ბუნებრივი უნიკალური გეომორფოლოგიური წარმონაქმნების (ქუაქანცალიას ლოდის, ცოტნე დადიანისა და ალბოვის კარსტული ჭების) დაცვა და შენარჩუნება; წაბლნარებისა და ადგილობრივი (ლოკალური) ენდემური ფლორის სახეობების ჰაბიტატების კონსრევაცია. კოლხური ტყის ბზის კორომების, მთა მიგარიასა და მთა ჯვარის მიდამოებში შემორჩენილი Betula megrelica-ს ტანბრეცილი ტყეების კონსერვაცია,“ - აღნიშნულია პროექტის დოკუმენტში.