აეროპორტთან ახალი სტადიონის მშენებლობისთვის ეკონომიკის სამინისტრომ მიწის ექსპროპრიაცია დაიწყო
ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალური განვითარების ფონდს, თბილისში აეროპორტის გადასახვევთან მიწის ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა - ამას ითვალისწინებს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ბრძანება. დოკუმენტის თანახმად, იძულების წესით მიწის გამოსყიდვა 540 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ეხება.
ბრძანების მიხედვით, პროექტი ჩაითვალა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად, რის საფუძველზეც კომპანიას შეუძლია კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნაწილობრივი ჩამორთმევა.
"პროექტის განხორციელების მიზნით საჭიროა პროექტის არეალში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა. ამასთან, ფონდის მიერ შეთანხმება, ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ლუკა ჯინჭარაძის საკუთრებაში არსებულ ქალაქ თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და მის საუწყებო რადიოსადგურებს შორის (ნაკვეთი 26) მდებარე 540 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (სრულად) (ს.კ № 01.19.25.001.077) გამოსყიდვაზე," - ნათქვამია ბრძანებაში.
კანონის მიხედვით, ექსპროპრიაციის შემთხვევაში საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელია მხოლოდ სამართლიანი და წინასწარი ანაზღაურების საფუძველზე. თუ მხარეები კომპენსაციის ოდენობაზე ვერ შეთანხმდებიან, დავა სასამართლოში გადაწყდება.
ცნობისთვის, მთავრობამ 70,000 მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის აშენებისთვის 876 მილიონი ლარის ღირებულების საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოაცხადა. ახალი სტადიონის საპროექტო, საინჟინრო, სამშენებლო ტენდერში წინადადებების წარდგენა 29 სექტემბერს სრულდება. სახელმწიფო მოელის, რომ კონტრაქტორი ობიექტის აშენებას 51 თვის ვადაში შეძლებს, რაც 4 წლის და 3 თვის ვადას ნიშნავს. ამასთან, თავად სატენდერო წინადადებების შეფასებას შესაძლოა ერთიდან რამდენიმე თვემდე დასჭირდეს. შესაბამისად, ამ დროისთვის ახალი სტადიონის გახსნის საორიენტაციო თარიღი 2029-2030 წლისთვის არის განსაზღვრული.
სტადიონისთვის შერჩეული 270,615 კვადრატული მეტრის ტერიტორია კახეთის გზატკეცილზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გადასახვევთან მდებარეობს. ახალი სტადიონისთვის განკუთვნილი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უკვე სახელმწიფო საკუთრებაშია. ყველაზე მსხვილი კერძო საკუთრება, რომელიც ახალი სტადიონის არეალში ექცევა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსია, რომელიც 101 ათას კვადრატულ მეტრს იკავებს. რამდენადაც ცნობილია, ამჟამად უნივერსიტეტის მესაკუთრეს - სეუს და სახელმწიფოს შორის მიწის ნასყიდობა/გაცვლის შესახებ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.