თეგებით ძიება

თბილისში ბინების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეები წილი მცირდება - როგორია გასაყიდი ფასი

„პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 83% გაყიდულია“, - ამის შესახებ აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაში.

კვლევითი ორგანიზაციის განმარტებით, „აღნიშნული გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა“.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2025 წლის ივლისში დედაქალაქში 3 647 ბინა გაიყიდა, რაც მხოლოდ ერთ თვეში 36.4%-იანი მატებაა, წლის განმავლობაში კი ყველაზე მაღალი ნიშნულია.

„ზრდა ნაწილობრივ განპირობებული იყო ამ თვეში შეთავაზებული ფასდაკლებებით. აღსანიშნავია, რომ გაყიდვები ივლისში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7.3%-ით შემცირდა, რაც გასული წლის მაღალი ბაზით იყო განპირობებული და რაზეც ეფექტი ასევე ივლისის ფასდაკლებებს და დაგროვილ მოთხოვნას ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური დინამიკა ფიქსირდება გაყიდული ბინების ფართობის მიხედვითაც“, - აღნიშნულია კვლევაში.

რა ღირს ბინები თბილისში და როგორია უცხოელების წილი გაყიდვებში

ამასთანავე, „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვის მიხედვით, წელს შვიდ თვეში ისრაელის მოქალაქეების წილმა შერჩეული დეველოპერული პროექტების გაყიდვებში 12% შეადგინა, რუსეთის მოქალაქეების წილი 2% იყო, სხვა ქვეყნების კი 11%.

ამავე პერიოდში, საქართველოს მოქალაქეების წილი მთლიან გაყიდვებში შვიდ თვეში 75%-ს შეადგენდა. ეს კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო სამი წელია საქართველოს მოქალაქეების წილი ბინების გაყიდვებში წლიდან წლამდე მცირდება.

ასე მაგალითად, 2024 წელს მთლიან გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეების წილი თბილისში 79% იყო, 2023 წელს კი 83%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ფასებს, თბილისში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის ივლისში 1 340 დოლარი იყო, 2024 წლის ივლისში 1 298 დოლარი, 2023 წლის იმავე თვეში კი 1 173 დოლარს უტოლდებოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა