თბილისში ბინები გაძვირდა - როგორია ფასი ძველ და ახალ პროექტებში
2025 წლის აგვისტოში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა. კერძოდ, „ქოლიერსის“ კვლევის მიხედვით, წელს აგვისტოში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 198 დოლარი იყო, შარშან იმავე პერიოდში კი 1 063 დოლარი.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ფასები გაიზარდა როგორც ძველ ასევე ახალ პროექტებში. კერძოდ, ძველი პროექტების შემთხვევაში ღირებულება 11.3-%-იან მატებას აჩვენებს, ახალ პროექტებში კი 13.6%-ით არის ფასები გაზრდილი.
უფრო კონკრეტულად, წელს აგვისტოში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი ძველ პროექტებში 1 247 დოლარი იყო, შარშან იმავე თვეში კი 1 120 დოლარი. ახალ პროექტებში 2025 წლის აგვისტოში კვ.მ-ს საშუალოდ 1 187 დოლარად იყიდით, ეს კი მაშინ, როცა შარშან აგვისტოში ფასი 1 045 დოლარი იყო.
„ქოლიერსის“ კვლევა აჩვენებს, რომ ფასების მატების პარალელურად, შემცირდა გაყიდვები. უფრო დეტალურად, მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისში 2 889 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 8.8%-იან კლებაზე მიანიშნებს.
ცნობისთვის, აგვისტოში ბაზრის ზომა 0.7%-ით, 225 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები.