ბაგების ტერიტორიაზე ტურისტული ბილიკების მოწყობა იგეგმება - როგორი იქნება და სად გაივლის
თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე საფეხმავლო ტურისტული ბილიკების ქსელის და მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერიდან ირკვევა, რომ პროექტის სავარაუდო ღირებულება 161 599 ლარია.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, საფეხმავლო ბილიკების ქსელისა და მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობა-მონიშვნა უნდა განხორციელდეს შემდეგ ტერიტორიაზე - ბაგები, წყნეთის გზატკეცილი-კაკლების დასახლება-ზურაბ საკანდელიძის ქუჩა. საფეხმავლო ბილიკების საერთო სიგრძე 7 კილომეტრი იქნება.
რაც შეეხება მიწოდების ვადებს, პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში უნდა განხორციელდეს.
ინფორმაციისთვის, ტენდერში წინადადებების მიღება 5 ოქტომბერს იწყება და 10 ოქტომბერს სრულდება.
შეგახსენებთ, პროექტის სავარაუდო დადგენის მიზნით მერიამ ბაზრის კვლევა 2025 წლის აგვისტოში გამოაცხადა. მაშინ ბაზრის კვლევის დოკუმენტებში ვკითხულობდით, რომ: „წყნეთის გზატკეცილიდან შემავალი საფეხმავლო ბილიკი, 150 მეტრის გავლის შემდეგ, სერპანტინის მეშვეობით, მიდის ჯერ ზურაბ საკანდელიძის ქუჩიდან შემომავალ ბილიკთან აქედან, გზად გაივლის პანორამულ გადასახედს, რომელიც გადაჰყურებს მდ. ვერეს ხეობასა და ბაგების ტერიტორიას, ხოლო შემდეგ მიემართება წყნეთის გზატკეცილის შემოსასვლელისკენ.
კაკლების დასახლების შემოსასვლელიდან ბილიკი იყოფა ორად, ერთი მიდის პანორამული გადასახედისკენ, მეორე გრძელდება წყნეთის გზატკეცილის შემოსასვლელისკენ.
ზურაბ საკანდელიძის ქუჩიდან ბილიკი ერწყმის წყნეთის გზატკეცილიდან ამომავალს და ერთობლივად გრძელდება სამხრეთის მიმართულებით. ბილიკი სერპანტინების მეშვეობით ადის პანორამულ გადასახედთან, საიდანაც მიემართება კაკლების დასახლების შემოსასვლელისკენ“.