"თბილისში უძრავი ქონების ფასების მკვეთრი შემცირება არარეალურია" - რატომ ვერ იკლებს ბინების ფასი თბილისში?
„უძრავი ქონების ფასები ვერ დავა არარეალურად დაბალ ნიშნულზე იმიტომ, რომ თვითღირებულება არის ძალიან ძვირი“, - ამის შესახებ Geo Realty-ის დამფუძნებელმა მაია გამზარდიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ უძრავი ქონების ფასებთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.
ინფორმაციისთვის, 2025 წლის აგვისტოში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა.
კერძოდ, „ქოლიერსის“ კვლევის მიხედვით, წელს აგვისტოში 1 კვ.მ.-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 198 დოლარი იყო, შარშან იმავე პერიოდში კი 1 063 დოლარი.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ფასები გაიზარდა როგორც ძველ ასევე ახალ პროექტებში.
კერძოდ, ძველი პროექტების შემთხვევაში ღირებულება 11.3-%-იან მატებას აჩვენებს, ახალ პროექტებში კი 13.6%-ით არის ფასები გაზრდილი.
უფრო კონკრეტულად, წელს აგვისტოში 1 კვ.მ.-ის საშუალო შეწონილი ფასი ძველ პროექტებში 1 247 დოლარი იყო, შარშან იმავე თვეში კი 1 120 დოლარი. ახალ პროექტებში 2025 წლის აგვისტოში კვ.მ.-ს ფასი საშუალოდ 1 187 დოლარი იყო, მაშინ, როცა შარშან აგვისტოში ფასი 1 045 დოლარს შეადგენდა.
როგორც მაია გამზარდია საუბრისას აღნიშნავს, მიწა დეფიციტურია, განსაკუთრებით კი თბილისის ზოგიერთ უბანში.
ამასთან, როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მიწის დეფიციტურობასთან ერთად, იზრდება ნაკვეთის ფასებიც, რაც თავისთავად აისახება სამშენებლო პროექტების ფასებში.
რესპონდენტი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში თბილისში უძრავი ქონების ფასების მკვეთრი შემცირება არ არის მოსალოდნელი.
„უძრავი ქონება სტაბილური კაპიტალდაბანდების საინვესტიციო წყაროა, საქართველოში ეს ბაზარი ყოველთვის იქნება აქტიური. ზოგჯერ არის შემცირებული მოთხოვნა, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მდგომარეობა, რადგან არათუ საქართველოში მოთხოვნა-მიწოდება, მსოფლიო ეკონომიკაც კი არ არის სტაბილური. გარკვეული პერიოდი შესაძლოა, მოთხოვნის ზრდა ან შემცირება დაფიქსირდეს - ეს ამ ბაზრისთვის დამახასიათებელია.
ყბადაღებული თემა იყო ადრე ის, რომ უძრავი ქონების ფასები შემცირდება და განახევრდებაო, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდება... ის კი არ უნდა გვინდოდეს, რომ ქვეყანაში უძრავი ქონების ფასები ჩამოვარდეს, უნდა გვინდოდეს ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვიყოთ მზად, რომ თუნდაც შედარებით ბიუჯეტურ ფასში ჩვენივე ქვეყანაში შევძლოთ უძრავი ქონების ყიდვა.
უძრავი ქონების ფასები ვერ დავა არარეალურად დაბალ ნიშნულზე იმიტომ, რომ თვითღირებულება არის ძალიან ძვირი. სადაც არ უნდა ააშენო უძრავი ქონება, ფასი დაახლოებით ერთი და იგივეა, მაგრამ განსხვავებულია მიწის ფასი. მიწა ძალიან ცოტა და ძვირია. უძრავი ქონება ყოველთვის მაღალი ფასით იქნება, რადგან მიწები შეზღუდული რაოდენობით არის და გარკვეულ უბნებში გასაყიდი თავისუფალი მიწა აღარ არსებობს. გარეუბნებში კი, სადაც ჯერ კიდევ არსებობს მიწები მაინც ძვირი იქნება უძრავი ქონება, რადგან მისი თვითღირებულება არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა მაია გამზარდიამ.