დუბაიში მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო გაიხსნა
დუბაიში მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო, Ciel Dubai Marina ტურისტებისთვის ოფიციალურად გაიხსნა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
377 მეტრ სიმაღლის 82-სართულიან სასტუმროში 1004 ნომერი და ლუქსია. ნემსის ფორმის კონსტრუქცია ინოვაციური ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. 76-ე სართულზე აუზი ოკეანეს გადაჰყურებს, ხოლო კოშკის თავზე სადამკვირვებლო პლატფორმაა.
ყველა ოთახში ფანჯარა იატაკიდან ჭერამდეა, საიდანაც პალმ-ჯუმეირას კუნძული, დუბაი და არაბეთის ყურის ხედი იშლება. კოშკების მთელ სიმაღლეზე ვერტიკალურ ბაღები არის განთავსებული.
არქიტექტორები აცხადებენ, რომ “Ciel-ის დიზაინი რესურსების გამოყენების ეფექტურობას, მდგრადობასა და სხვა მრავალ რთულ საკითხს აგვარებს.“
სასტუმრო ისევე მდიდრულად არის კეთილმოწყობილი, როგორიც თავად დიზაინია. კერძოდ, სასტუმროში რვა რესტორანია. რესტორან West 13-ში სტუმრებს ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს, ხოლო East 14-ში აზიურ-შვეიცარიულ მაგიდას სთავაზობენ.
კაფე Risen Café-სა და საფირმო საცხობში სტუმრებს საუზმეს, სადილსა და მთელი დღის მენიუს ახალგამომცხვარი პროდუქციითა და საფირმო ყავით აწვდიან.
ყველაზე შთამბეჭდავად თანამედროვე აზიური კონცეფციის არაერთი ჯილდოს მფლობელი, Tattu არის წარმოდგენილი, რომელსაც სასტუმროში სამი დაწესებულება აქვს გახსნილი. ეს არის რესტორანი და ბარი Tattu, აუზი Tattu Sky Pool და ლაუნჯი Tattu Sky. აუზი Tattu Sky Pool 76-ე სართულზე, 310 მეტრ სიმაღლეზე არის გახსნილი, სადაც სტუმრებს რბილ ტახტებზე იაპონურ ფიუჟენ-კერძებს სთავაზობენ, ხოლო ატმოსფერო დღის დასვენებიდან საღამოს დიჯეი-სეტებამდე ვარირებს. 81-ე სართულზე Tattu Dubai მდებარეობს, სადაც Sky Lounge & Terrace-ში მუსიკა, კოქტეილები და პანორამული ხედები ერთმანეთს ეხამება.
სასტუმროში ჰორიზონტის ხედით 24-საათიანი სპორტული დარბაზია, ხოლო პირველ სართულზე სტუმრებს კუნძულ პალმ-ჯუმეირაზე საპლაჟო კლუბ Soluna-ს მონახულება შეუძლიათ.