ბოსფორის ხიდები, ევრაზიის გვირაბი და M1 - რა ღირს ავტომაგისტრალებით სარგებლობა მეზობელ ქვეყნებში?
საქართველოში არცერთი შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო მაგისტრალზე გადაადგილება ფასიანი არ არის, რასაც ვერ ვიტყვით მეზობელ ქვეყნებზე. აზერბაიჯანში ფასიანი მხოლოდ ერთი მაგისტრალია, რუსეთსა და თურქეთში კი რამდენიმე. რაც შეეხება სომხეთს, იქაც საქართველოს ანალოგიურად ფასიანი მაგისტრალები არ არსებობს, თუმცა ნიკოლ ფაშინიანის თქმით, საერთაშორისო ინვესტორები ახალი საერთაშორისო ფასიანი ავტომაგისტრალის მშენებლობის შესაძლებლობას იკვლევენ, რომელიც შესაძლოა, აზიასა და ევროპას შორის ერთ-ერთი უმოკლესი სახმელეთო მარშრუტის ნაწილი გახდეს.
რომელია ფასიანი გზები მეზობელ ქვეყნებში და რა ღირს გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთებზე?
საქართველო
საქართველოში ფასიანი გზები ამჟამად არ მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალური განცხადებით, არცერთი ავტომაგისტრალის (მათ შორის, რიკოთის გვირაბებისა და ახალი გზების) ფასიან რეჟიმში გადაყვანა არ განიხილება. გზებით სარგებლობა ყველასთვის უფასოა.
აზერბაიჯანი
ამჟამად აზერბაიჯანს ერთი სრულად ფასიანი გზა აქვს, რომელიც M1, ანუ ბაქო-გუბა-რუსეთის საზღვრამდე მაგისტრალია. ქვეყნის ყველა სხვა გზა, მათ შორის, ძირითადი რეგიონთაშორისი მაგისტრალები M2 (ბაქო-განჯა-საქართველოს საზღვრამდე), M3 (ბაქო-ასტარა-ირანის საზღვრამდე) და M6 (ალიათი-ნახიჩევანი) ამჟამად უფასოა.
M1-ის ფასიანი მაგისტრალი ოფიციალურად 2023 წლის ოქტომბერში გაიხსნა და თანამედროვე, ოთხზოლიან, პირველი კლასის გზას წარმოადგენს. ახალი მაგისტრალის საერთო სიგრძე 150 კილომეტრია, საიდანაც 129 კილომეტრი ფასიანია. ის ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია.
თუმცა ფასიანი გზის უფასო ალტერნატივა, ანუ ბაქო-გუბას ძველი გზაც არსებობს, რომელიც დასახლებულ პუნქტებზე გადის და ყველასთვის ხელმისაწვდომია, ვისაც გადასახადისგან თავის არიდება სურს.
მომავალში სხვა მაგისტრალებისთვის ახალი ფასიანი მონაკვეთების მშენებლობა იგეგმება. კერძოდ, განიხილება ბაქო-ალიათ-ასტარის მაგისტრალის ნაწილის ფასიან გზად გადაკეთების იდეა.
რაც შეეხება ტარიფებს, M1-ის გზატკეცილზე გადასახადი „გავლილი მანძილის მიხედვით“ გამოითვლება. ეს ნიშნავს, რომ მძღოლი მთელი მარშრუტის ფიქსირებულ ოდენობას კი არა, არამედ მხოლოდ გზატკეცილის იმ მონაკვეთისთვის იხდის, რომელიც შესასვლელი წერტილიდან გასასვლელამდე გაიარა. ტარიფები ავტომობილის კატეგორიის მიხედვით განსხვავდება. კერძოდ, მსუბუქი ავტომობილები და მსუბუქი სატვირთო მანქანები (3.5 ტონამდე) კილომეტრზე 0.093 მანათს, ხოლო მთელ 129 კმ-იანი მარშრუტზე 12 მანათს (7 დოლარს) იხდიან; მძიმე სატვირთო მანქანები (3.5 ტონაზე მეტი) - 0.116 მანათს/კმ-ზე, მთელ მარშრუტზე კი 15 მანათს (9 დოლარამდე); ავტობუსები - 0.078 მანათს/კმ-ზე, ხოლო მთლიან მარშრუტზე 10 მანათს (6 დოლარამდე); მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი მანქანები 0.194 მანათს/კმ-ზე, მთელ მარშრუტზე კი 25 მანათს (150 დოლარამდე).
ტურისტისთვის დაქირავებული ავტომობილით M1-ის ფასიან გზაზე სრული მგზავრობის მაქსიმალური ღირებულება, დაახლოებით, 12 მანათია (7 დოლარია).
გადახდის პუნქტები M1-ის მარშრუტზე ოთხ წერტილში არის განთავსებული. გადახდა, ძირითადად, წინასწარ ნაღდი ფულით ჩარიცხული სპეციალური ჩიპური ბარათით ფასიანი პუნქტის წამკითხველზე გატარებით ხდება, საიდანაც თანხა გავლილი მანძილის მიხედვით ავტომატურად ჩამოიჭრება. ეს პუნქტები შესასვლელ და გასასვლელ, ასევე, მარშრუტის გასწვრივ მითითებულ წერტილებში მდებარეობს. გადახდის დამატებითი ფუნქცია მობილურის QR-კოდია, რომელიც ჩიპური ბარათის ციფრულ ვერსიასთან არის დაკავშირებული. ასევე, რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის შესაძლებელია ავტომატური გადახდა, ანუ მაგისტრალის მუდმივ მომხმარებლებს შეუძლიათ, თავიანთი ბარათი საავტომობილო ნომერს მიაბან და გადახდა მანქანის შეჩერების გარეშე მოხდება.
სომხეთი
სომხეთში ფასიანი გზები არ არის. სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის საგზაო გადასახადი სომხეთში 2018 წლიდან გაუქმდა. მანამდე გადასახადი ყოველ 15 დღეში ერთხელ ირიცხებოდა, რაც მსუბუქი ავტომობილებისთვის, დაახლოებით, 23 ევროს შეადგენდა.
თუმცა პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აანონსებს, რომ საერთაშორისო ინვესტორები ახალი საერთაშორისო ფასიანი ავტომაგისტრალის მშენებლობის შესაძლებლობას იკვლევენ, რომელიც შესაძლოა, აზიასა და ევროპას შორის ერთ-ერთი უმოკლესი სახმელეთო მარშრუტის ნაწილი გახდეს. კერძოდ, პოტენციური მარშრუტი შესაძლოა, ტავუშის, ლორისა და შირაქის რეგიონებს მოიცავდეს. ამჟამად ექსპერტები და ინვესტორები მარშრუტის სხვადასხვა ვარიანტს და პროექტის ეკონომიკურ მიზანშეწონილობას აანალიზებენ.
რუსეთი
რუსეთში ფედერალური და რეგიონალური გზების 3500 კმ-ზე მეტი სიგრძის მონაკვეთებზე მგზავრობისთვის გადასახადი არის დაწესებული. ფასიანი გზები ფედერაციის 18 სუბიექტში მოქმედებს, როგორიც არის ვლადიმირის, ვორონეჟის, კალუგის, ლენინგრადის, ლიპეცკის, მოსკოვის, ნიჟნი-ნოვგოროდის, ნოვგოროდის, პსკოვის, როსტოვის, რიაზანის, ტვერისა და ტულის ოლქები, ასევე, კრასნოდარის მხარე, თათარსტანი, უდმურტია, ჩუვაშეთი და ქალაქები, სანქტ-პეტერბურგი და მოსკოვი.
რუსეთში ყველაზე გრძელი ფასიანი გზა M-4 „დონია“ (მოსკოვი-ნოვოროსიისკი). გადასახადი 1.179 კმ მთლიანი სიგრძის მონაკვეთებზე ირიცხება. ყველა მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილები ნაღდი ფულით იხდიან, ხოლო გადასახადი კვირის დღისა და გზაზე გავლის დროის მიხედვით 4.250 რუბლამდე (59 დოლარამდე) შეადგენს.
ყაზანის მიმართულებით მომსახურების გახსნის შემდეგ მეორე ყველაზე გრძელი ფასიანი გზა M-12 „ვოსტოკია“ (811 კმ). მოსკოვიდან ყაზანამდე გადასახადი 4.998 რუბლს (69 დოლარს) შეადგენს.
მესამე ყველაზე გრძელი ფასიანი გზა არის M-11 „ნევა“ (მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგი), სადაც გადასახადი მსუბუქი და დიდი ზომის ავტომობილებისთვის 3.650-დან 11.070 რუბლამდე (50.5-დან 153 დოლარამდე) მერყეობს.
სიგრძით მეოთხე მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ცენტრალური წრიული საავტომობილო გზა A-113-ია. ყველა ფასიან მონაკვეთზე, რომელთა საერთო სიგრძე 336.6 კმ-ია, გადასახადი 1.795 რუბლს (25 დოლარამდე) შეადგენს.
ხუთეულს ფსკოვის ოლქის ფასიანი გზები ხურავს. მათი საერთო სიგრძე 226 კმ-ია. ეს არის: სტარი იზბორსკი-ესტონეთის საზღვარი, ოსტროვი-ლატვიის საზღვარი, ოპოჩკა-ბელარუსის საზღვარი და ოლშა-ნეველი. რუსეთის სხვა ფასიანი გზებისგან განსხვავებით, ეს გზები გადასახადის შემოღებამდე დიდი ხნით ადრე აშენდა და რეკონსტრუქცია არ ჩატარებია. თითოეულ მათგანზე მსუბუქი ავტომობილების გადასახადი 150-დან 300 რუბლამდე (2-დან 4 დოლარამდე) მერყეობს.
რუსეთში სხვა ფასიანი გზებია მოსკოვის ოლქში M-1 „ბელარუსის“ ავტომაგისტრალის მონაკვეთები 66 კმ-ის საერთო სიგრძითა და კალუგის ოლქში M-3 „უკრაინის“ ავტომაგისტრალის 70 კმ-იანი მთლიანი სიგრძის მონაკვეთები. ასევე, ფასიანია სანქტ-პეტერბურგში დასავლეთის მაღალსიჩქარიანი დიამეტრი, რომელიც 46.6 კმ სიგრძისაა, ხოლო მოსკოვის მაღალსიჩქარიან 68 კმ-იან დიამეტრზე ფასიანი სატრანზიტო მოძრაობაა. ფასიანია, ასევე, ახალ ხიდებზე, ბორნებისა და პონტონების გადასასვლელებით მოძრაობა, ადგილობრივი გზების მონაკვეთები, რომლებიც კერძო საკუთრებაშია და სხვა ადგილები.
რუსეთში ფასიანი გზების უმეტესობას სახელმწიფო კომპანია, „ავტოდორი“ მართავს. მთლიანობაში, ფასიან ექსპლუატაშიაში 3.068 კმ-ია. ფასიანი გზების უმსხვილესი ოპერატორი United Toll Collection Systems-ია.
თურქეთი
თურქეთში გადასახადი მსხვილი ქალაქების დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალებზე, ასევე, ზოგიერთ ხიდსა და გვირაბზე იკრიბება. ფულის დასაზოგად, როგორც წესი, ალტერნატიული უფასო გზებიც არსებობს. თუმცა ბოსფორის უფასოდ გადაკვეთა შეუძლებელია: სრუტეზე ყველა ხიდი და გვირაბი ფასიანია.
თურქეთში ფასიანი გზის მონაკვეთზე შემთხვევით შესვლა და დაუდევრობის გამო დიდი დავალიანების დაგროვება შეუძლებელია. ასეთ მონაკვეთებზე შესვლამდე დიდი მწვანე ბანერებია, რომლებიც გადასახადის არსებულ სისტემებზე მიუთითებს, ხოლო ცოტა მოშორებით შესამჩნევი ავტომატური კარიბჭეებია.
გადასახადის ამკრეფი სისტემა ავტომატური კარიბჭეების გამოყენებით მუშაობს, რომლებიც მანქანებს ამოიცნობენ და გადასახადის საფასურს ითვლიან. გადასახადის გამოთვლა სამი გზით ხდება: თუ ავტომობილს სპეციალური HGS-სტიკერი აქვს, შესაბამისი თანხა დაკავშირებული ანგარიშიდან ჩამოიჭრება; თუ დამონტაჟებულია OGS-ის ტრანსპონდერი, თანხა მისგან ჩამოიჭრება, ხოლო თუ არც ერთი არ არის დამონტაჟებული, დავალიანება მანქანის სანომრე ნიშანზე დაირიცხება.
საკონტროლო პუნქტის გასავლელად ავტომობილის სრულად გაჩერება ან მანქანიდან გადმოსვლა საჭირო არ არის. მძღოლმა რეკომენდებულ სიჩქარემდე ავტომობილის შენელებით შესაბამისი გასასვლელი HGS-ისა და OGS-ის სტიკერების მიხედვით უნდა გაიაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში გადასახადი არ ჩამოიჭრება და მძღოლი დაჯარიმდება.
ანგარიშზე საკმარისი თანხის შემთხვევაში სისტემა ფასიანი გზიდან გამოსვლისთანავე შესაბამის თანხას დაუყოვნებლივ ჩამოჭრის და შუქნიშანი მწვანედ ინთება. თუ ანგარიშზე საკმარისი თანხა არ არის ან გადახდის მოწყობილობა არ იქნა ამოცნობილი, შუქნიშანი წითლად ინთება. ეს აკრძალვის ნიშანია. თუმცა გზის გაგრძელება და ჯარიმის გარეშე დავალიანების 15 დღის განმავლობაში გადახდა შესაძლებელია. ჯარიმა მარშრუტის ყველაზე გრძელი მანძილის ტარიფზე 10-ჯერ მეტი ოდენობაა.
გადახდის ზოგიერთ პუნქტს ცალკე გასასვლელი აქვს მათთვის, ვისაც ნაღდი ფულით ან ბარათით ადგილზე გადახდა სურს.
ამასთან, თითქმის, ყველა გასაქირავებელ ავტომობილს HGS-ის სტიკერი აქვს.
თურქეთის ფასიანი მაგისტრალებია: ანატოლიის გზატკეცილი Anadolu-Akıncı, იზმირი-ჩეშმე, იზმირი-აიდინი, ადანა-გაზიანთეპი, ნიგდე-მერსინი, სტამბოლი-ედირნე, სტამბოლი-იზმირი, ავტომაგისტრალის ჩრდილოეთის წრე იავუზი, ჩრდილოეთ მარმარილოს გზატკეცილი, ანატოლიის შოსე, მენიომენი-შანდარლი, ანკარა-ნიგდე, მალკარა-ჩანაქალე და აიდინ-დენიზლი.
რაც შეეხება ტარიფებს ამ მაგისტრალებზე, ღირებულება ავტომობილის კლასზე და განვლილ მანძილზე არის დამოკიდებული. მაგალითად, მსუბუქი ავტომობილებისთვის, კროსოვერებისთვის და მინივენებისთვის გადასახადი მაგისტრალის მიხედვით 1-დან 35 ევრომდე, ხოლო მოტოციკლისთვის 0.5-დან 20 ევრომდე მერყეობს.
ხიდებს შორის ფასიანი სტამბოლის სულთან სელიმ იავუზის ხიდი (ავტომობილის კლასის მიხედვით 2-დან 3 ევრომდე), იმავე სტამბოლის 15 ივლისის მოწამეთა, ანუ ყოფილი ბოსფორისა და ფატიჰ სულთან მეჰმედის ხიდებია. მათზე 2022 წლის 1 იანვრიდან გადასახადი ორივე მიმართულებით ირიცხება და ავტომობილის კლასის მიხედვით 1.3-1.6 ევროს შეადგენს. თუმცა 15 ივლისის მოწამეთა ხიდზე მე-2 კლასის ავტომობილებისთვის, ანუ კროსოვერებისთვის და მინივენებისთვის მოძრაობა აკრძალულია.
ფასიანია სტამბოლში ევრაზიის გვირაბიც (Eurasia Tunnel), სადაც საათებისა და მანქანის კლასის მიხედვით გადასახადი 2-დან 9 ევრომდე მერყეობს. მარმარილოს ზღვაზე ოსმანგაზის ხიდის გავლა მანქანებისთვის 21-დან 34 ევრომდე, მოტოციკლისთვის კი 15 ევრო ღირს. ასევე, დარდანელის სრუტეზე 1915 წლის ჩანაქკალეს ხიდზე მოძრაობა ავტომობილებისთვის 21-დან 27 ევრომდე, ხოლო მოტოციკლისთვის 5 ევრო ღირს.