თეგებით ძიება
30. 10. 2016 News-ები

რუსი მილიარდერის ინგლისური რომანი - "ჩელსი" 2003 წლიდან დღემდე

რომან აბრამოვიჩს 50 წელი შეუსრულდა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბოსი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მასზე გამორჩევით დავწეროთ.

ლონდონის "ჩელსი" დღეს სუპერკლუბი არ იქნებოდა, აბრამოვიჩი რომ არ ყოფილიყო. მოდით, გავიხსენოთ "არისტოკრატული" კლუბისა და რუსი მილიარდერის რომანის ამბები...

2003 წელს აბრამოვიჩი ოფიციალურად გახდა "ჩელსის" მფლობელი. 230 მილიონ ევროდ მან იყიდა კლუბი, რომელიც იმყოფებოდა გაკოტრების ზღვარზე. "ჩელსის" ძველ მფლობელს, კენ ბეითსს "ჩელსის" შენახვის სურვილი და ენთუზიაზმი აღარ ჰქონდა.

"ეს ნამდვილი დამცირებაა. ბეითსი იყო "მისტერ "ჩელსი", მან გაყიდა კლუბი და ეს გასაგებია. მეორე მხარეა ის, თუ ვის მიჰყიდა მან "ჩელსი". ეს უკვე ნამდვილად სასაცილოა", - წერდა მაშინ BBC.

ტონი ბენქსმა, ინგლისის ყოფილმა სპორტის მინისტრმა, გარიგების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ თქვა:

"ჩვენ თითქოს მოვიზიდეთ ინვესტორი და ამის გამო ბედნიერები უნდა ვიყოთ, მაგრამ... ჩვენ "ჩელსი" ჩავაბარეთ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობთ. უპრიანი იქნებოდა, ჯერ ინფორმაცია შეგვეგროვებინა მის შესახებ და ამის შემდეგ მიღებულიყო საბოლოო გადაწყვეტილება".

ლონდონურ კლუბში მისვლის შემდეგ აბრამოვიჩმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. მათ შესახებ თანმიმდევრობით ვისაუბროთ...

ვიყიდოთ ყველა და ყველაფერი
აბრამოვიჩის პირველი ზაფხული "ჩელსიში". მაშინ გუნდის საჭესთან იდგა კლაუდიო რანიერი. დემიენ დაფი, კლოდ მაკელელე, ერნან კრესპო, ხუან სებასტიან ვერონი - ასეთი იყო პირველი ტრანსფერები.

სულ 200 მილიონ ევროზე ცოტა მეტი დაიხარჯა. იტალიელი ინგლისის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა და თავისი პოსტი "განსაკუთრებულ" ჟოზე მოურინიოს დაუთმო. დიდიე დროგბა, პეტრ ჩეხი, არიენ რობენი - პორტუგალიელმა ლონდონურ კლუბში ესენი მოიყვანა.

ასევე "ჩელსიში" ჩაირიცხნენ რიკარდო კარვალიო და პაულო ფერეირა. სულ დაიხარჯა 160 მილიონი ევრო. შემდეგ წლებში თამასა არ დაუშვეს მაიკლ ესიენმა, ფლორან მალუდამ და სხვებმა.

როცა ყველა ჩელსიზე ლაპარაკობს...
აბრამოვიჩი ჭკვიანი კაცია. ის იმთავითვე მიხვდა, რომ ტრადიციებით არცთუ მდიდარი კლუბი ბრენდად იქცეოდა მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ მასზე მთელი ინგლისური საფეხბურთო სამყარო ძალიან ბევრს ილაპარაკებდა.

როგორ უნდა მიეღწია ამისთვის "ჩელსის" რუს მფლობელს? ინგლისური ფეხბურთის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამას ემსახურებოდა გუნდში მოურინიოს გამოჩენა. სადაც პორტუგალიელია, იქ საყოველთაო ინტრიგა და ინტერესია - ეს კარგად იცოდა აბრამოვიჩმა.

მას შემდეგ, რაც მოურინიო "ჩელსიში" მივიდა, გუნდის მიმართ ინგლისური საინფორმაციო საშუალებების დაინტერესებამ ერთიორად იმატა. მოურინიოს პრესკონფერენციები ნამდვილ შოუდ გადაიქცა.

როგორ მოვიგოთ ტიტულები
სანამ ფეხბურთი არსებობს, ტიტულს განსაკუთრებული ფასი ექნება. აბრამოვიჩმა იმთავითვე იცოდა, რომ თუ ტიტულებს არ მოიგებდა, მაშინ კეთილი ზღაპარი ახალი კლუბის თაობაზე ძალიან მალე დასრულდებოდა.

მოურინიომ პირველივე სეზონში "ოქროს დუბლი" გაიფორმა. მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ლიგის თასი. აღსანიშნავია, რომ ლონდონელებს ქვეყნის ჩემპიონატი ბოლო 50 წლის განმავლობაში არ მოეგოთ...

ამასთან ერთად, ლიგის თასი "ლივერპულთან" ჯახში იქნა მოპოვებული. ეს იყო რევანში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში განცდილი მარცხისთვის.

ჩემპიონთა ლიგა: მიზანი მიღწეულია!
"ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მოიგო არა ჟოზესთან, არამედ რობერტო დი მატეოსთან ერთად. ეს იყო ოცნების ასრულება. მაშინ აბრამოვიჩის უბედნიერესი სახის დანახვა ერთ რამედ ღირდა. ცხადი იყო: ის ამ მიზნის მიღწევისთვის შეელეოდა მთელ მის კაპიტალს, რომელიც ცხოვრების
განმავლობაში დაუგროვებია. და ეს მიზანი აღსრულდა.

კონტეს ერა
ანტონიო კონტემ ახალი ერა უნდა დაიწყოს "ჩელსიში". იტალიელი თითქოს რაღაცით ჰგავს კიდეც მოურინიოს. ის არ არის მისებრ მრისხანე და ჩაკეტილი, მაგრამ ექსცენტრიკულია. მან შესანიშნავი საჩუქარი უძღვნა აბრამოვიჩს - ბოსის იუბილის წინ "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა.

ამას გაგრძელება უნდა მოჰყვეს. აბრამოვიჩს რაიმე დიდი ტიტული უნდა. "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგაზე უნდა მოხვდეს, მოხვდეს და კიდევ ერთხელ მოიგოს ლიგა. რუსი მილიარდერი ამის დიდი სურვილით იწვის.

კონტე ამბიციების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. ახლა მთავარია, მან ხწორად განსაზღვროს პრიორიტეტები. ასეთ შემთხვევაში წარმატება არ დაახანებს.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა