ტრიბუნალი: სასჯელი არ მოხსნილა - პაპუნაშვილის და რენეს საქმის განხილვა გადაიდო
საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების, გიორგი პაპუნაშვილის და რენე ფერეირას დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით დადგენილება სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ Sportall.ge-ს მიერ დღეს მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ტრიბუნალმა ორივე ფეხბურთელს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოუხსნა. სწორედ ამ ინფორმაციას მოყვა სოციალურ ქსელში ტრიბუნალის დადგენილების გამოქვეყნება, რომლიდანაც ირკვევა, რომ საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა ფეხბურთელებს სასჯელი კი არ მოუხსნა, არამედ საქმის განხილვა გადადო.
საქმე იმაშია, რომ თბილისის "დინამომ" ფეხბურთელთა 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა ტრიბუნალის დებულების 7.1 მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც დავის განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე დაინტერესებული პირი უფლებამოსილია სათანადო დასაბუთებით მოითხოვოს სანქციის შეჩერება.
ასე რომ მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი, ფეხბურთელებს შეეძლებათ თამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პაპუნაშვილი და რენე მომდევნო ტურში "შუქურასთან" თამაშს შეძლებენ. აქვე გეტყვით, რომ პაპუნაშვილმა და ფერეირამ 3-3 შეხვედრა უკვე გამოტოვეს.
წყარო: sportall.ge