ქართული ოცნების მიერ უმრავლესობის მოპოვება დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს - ბაიდენი
ჯოზეფ ბაიდენი გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნების შედეგები საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გასაგრძელებლად გამოიყენოს, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
ამ საკითხზე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა.
თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ლიდერები თანხმდებიან, რომ არჩევნებში ქართული ოცნების მიერ უმრავლესობის მოპოვება მთავრობას დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.
სატელეფონო საუბრის დროს ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება.