საკუთარი დედის რიტუალური მკვლელობისთვის დაკავებული გოგონა და მისი თანამზრახველები წინასწარ პატიმრობაში დატოვეს
საკუთარი დედის რიტუალური მკვლელობისთვის დაკავებული გოგონა და მისი თანამზრახველები წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
გარდაცვლილი ქალის შვილი წარდგენილ ბრალს აღიარებს, მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ შვილსა და დედას შორის იყო ოჯახური უთანხმოება.
"ვინაიდან არასრულწლოვანი მონაწილეობდა პროცესი იყო დახურული. დეტალებზე არ ვისაუბრებ. ირმა ბრალს აღიარებს. ოჯახური უთანხმოება ჰქონდათ. ამას რიტუალთან თუ აქვს კავშირი ჩემთვის ცნობილი ამ დროისთვის არ არის,"- განაცხადა ადვოკატმა გაგა მეშველიანმა.
საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე კი აცხადებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჩადენილ მკვლელობაში 5 პირი მონაწილეობდა და ეს იყო რიტუალური მკვლელობა. სხვა მტკიცებულებებთან ერთად პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამოღებულია ფოტომასალა სოციალურ ქსელ Facebook-იდან.
"ფოტოებზე ჩანს მათი რიტუალური ტატუები, ჩაცმულობა. ერთ-ერთი ბრალდება ითვალისწინებს მკვლელობას, როდესაც გარდაცვლილის ორგანოები სხვადასხვა მიზნით გამოიყენეს. მოკლეს ადამიანი, მოაჭრეს კიდურები, ამოაჭრეს ორგანოები და გამოიყენეს"- აცხადებს პროკურორი ზვიად ფხაკაძე.