"პატრიოტთა ალიანსი" ვიცე სპიკერის პოსტზე ირმა ინაშვილს წარადგენს
ამ დრომდე უცნობია, ვის წარადგენენ ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე საპარლამენტო უმცირესობიდან.
როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, თანამდებობების გადანაწილებით ხელისუფლებაა დაინტერესებული, თავად კი ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელიათ, რადგან ამ ეტაპზე პარტიის ყრილობისთვის ემზადებიან.
"ჯერჯერობით არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა, ჯერ არ შეკრებილა პარლამენტიც. სახელისუფლებო გუნდს პირველ რიში ის აწუხებს, როგორ გადანაწილდა თანამდებობები. ოპოზიციას ეს არასდროს არ უნდა აწუხებდეს. იქნება ისეთი ცვლილებები, რაზეც განცხადებებიც გაკეთდა. ვთქვათ კონსტიტუციის მორგება, სახელისუფლებო სურვილებზე,“ -განაცხადა გიგი წერეთელმა.
პატრიოტთა ალიანსი კი გეგმავს ვიცე სპიკერის თანამდებობაზე ირმა ინაშვილის კანდიდატურა დაასახელოს.
რაც შეეხება მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობას, უმცირესობაში არ გამორიცხავენ, რომ უმრავლესობამ საქმიანობის პირველივე ეტაპზე, კონსტიტუციაში დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებები შეიტანოს.
„მცირერიცხოვანი ვართ წარმოდგენილი მე-9-ე მოწვევის პარლამენტში, შესაბამისად ვიცე სპიკერის პოსტი გვეკუთვნის, ამას ვითხოვთ და წარდგენილი იქნება ირმა ინაშვილი. ოთხი დეპუტატი იქნება, რომელიც შეიძლება წარდგენილ იქნეს ჩვენს მიერ სხვადასხვა კომიტეტებში,“-აცხადებს პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე.