თეგებით ძიება
07. 11. 2016 News-ები

თორნიკე ოქრიაშვილი: სიმართლე გითხრათ, იმ ეპიზოდში ბურთზე ხელით ვითამაშე

"კრასნოდარის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა "ორენბურგთან" 6 ნოემბერს ჩატარებული მატჩის შემდეგ გამოცემა "სპორტ ექსპრესს" შთაბეჭდილებები გაუზიარა.

"კრასნოდარმა" რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურის მატჩში სტარტზე მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა გაფლანგა, შემდეგ სულაც აგებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს გამორჩა - 3:3. თორნიკემ მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა.

- ორბურთიანი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ოდნავ, მაგრამ მაინც მოვეშვით და ამის გამო დავისაჯეთ. როგორც ჩანს, ზედმეტად ვირწმუნეთ საკუთარი თავის და ჩავთვალეთ, რომ საქმე მოთავებული გვქონდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი წინ იყო. არ შეიძლება მოდუნება, ბოლომდე ისევე უნდა გვეთამაშა. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, არ წავაგეთ, მაგრამ ამაზე სამუშაო ნამდვილად გვაქვს.

- ანუ საყაიმო ანგარიშით უკმაყოფილო დარჩით?
- რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ. ეს არავის ახარებს. თუმცა, "ორენბურგიც" იმსახურებს ჩვენგან პატივისცემას. მეტოქემ იბრძოლა და მან უფრო დაიმსახურა ფრე, ვიდრე ჩვენ - გამარჯვება.

- მაინც რა ვერ შეძლო გუნდმა თავისი ტემპის ბოლომდე შესანარჩუნებლად?
- მეტოქემ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი ათნი დავრჩით, რაც საქმეს ართულებს. ვფიქრობ, იქ წითელი ბარათის ჩვენება არ იყო საჭირო.

- რომელ ეპიზოდში?
- (ეღიმება). მეორე - ასპროცენტიანი წითელი იყო, პირველი კი - მე არ მივცემდი, რადგან ებეუს მეტოქისთვის სახეში არ ჩაურტყამს. იმ ეპიზოდში ყვითელი ბარათის ჩვენება შეიძლებოდა, მაგრამ არა - წითელის.

- მაინც რა მოხდა მაშინ?
- ებუემ მეტოქეს მკერდში ჰკრა. ვფიქრობ, მხოლოდ გაფრთხილება ეკუთვნოდა და ალბათ, ყველა მეთანხმებით...

- რომ არა ის გაძევება, "კრანსოდარი" მოიგებდა?
- რა თქმა უნდა, ამან გარკვეული როლი ითამაშა. ძალიან გაძნელდა თამაში, თუმცა ჩვენ უფრო მეტად გვეჭირა ბურთი, გვქონდა მეტი მომენტი. მომენტებს გამოყენება უნდა, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვიტანთ. ამის გამოსწორებაზე ვარჯიშებზე ვიზრუნებთ.

- თამაშის შემდეგ მწვრთნელს პრეტენზია ჰქონდა ვინმეს მიმართ?
- კონკრეტულად ვინმეს მიმართ - არა, თუმცა, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იყო. ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ, როდესაც თამაშს გავარჩევთ.

- შამილოვმა
თამაშის შემდეგ თქვა, რომ თქვენი გუნდი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლების გატანას ვერაფრით ახერხებდა. ეს რისი ბრალია?
- ძალიან ძნელია, როდესაც მეტოქე დაცვაში 11 კაცით დგას. ძნელია გატეხვა. საერთოდ, ჩვენ წინააღმდეგ ყველა დაცვიდან თამაშს ცდილობს და ასეთ გუნდებთან ძალიან გვიძნელდება.

- "ორენბურგის" მოთამაშემ წითელი ბარათი თქვენთან დაჯარიმების გამო მიიღო. როგორ ფიქრობთ, ის ცდილობდა, სუფთად აერთმია თქვენთვის ბურთი თუ მან განგებ მოგჩეხათ, რომ შეტევა შეეჩერებინა?
- (ეღიმება). სიმართლე თუ გინდათ გაიგოთ, გეტყვით, რომ იმ ეპიზოდში ბურთზე ხელით ვითამაშე. ეს დაინახა "ორენბურგის" ფეხბურთელმა, რომელიც გაბრაზდა იმის გამო, რომ მსაჯს ეპიზოდი შეუმჩნეველი დარჩა. ასეთია ფეხბურთი - ზოგჯერ ბრაზდები, მაგრამ მაინც პროფესიონალურად მოქცევაა საჭირო. ასე არ უნდა ჩაერტყა, ჩემთვისაც ხომ მტკივნეული იყო (იცინის)?
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა