ახალი მთავრობის ფორმირებამდე, გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წევრიც იქნება
პარლამენტის პირველ სხდომაზე, ყველა სხვა ახალარჩეულ დეპუტატთან ერთად, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილებაც იქნება ცნობილი.
პარლამენტის წევრები გახდებიან და სადეპუტატო ფიცის დადება მოუწევთ ასევე კახა კალაძესა და გიორგი გახარიას, რომლებიც არსებული ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში მინისტრის თანამდებობაზე იქნებიან წარდგენილი.
კალაძესა და გახარიას თანამდებობრივი შეუთავსებლობა და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ვალდებულება მას შემდეგ წარმოეშვებათ, რაც ახალარჩეული პარლამენტი მთავრობას ნდობას გამოუცხადებს და მთავრობაში მათ კანდიდატურებს მხარს დაუჭერს. ამის შემდეგ პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი იმ პროცედურის განხორციელება დაიწყება, როცა პარლამენტის წევრს დეპუტატობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
ამ შემთხვევაში შედარებით განსხვავებულად არის საქმე გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, რადგან ის მოქმედი პრემიერ-მინისტრია და პარლამენტში იმავდროულად პრემიერ-მინისტრის რანგში შედის. ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება და კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდება. შესაბამისად, წარმოიშვება ვითარება, როცა კვირიკაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში - ახალი მთავრობის ფორმირებამდე, პარლამენტის წევრიც იქნება და პრემიერ-მინისტრის მოვალეობასაც შეასრულებს. ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ კი, პარლამენტი კვირიკაშვილსაც შეუწყვეტს სადეპუტატო უფლებამოსილებას.
პარლამენტმა, საპარლამენტო არჩევნებდე რამდენიმე თვით ადრე, განახორციელა საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც იმ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობათა ჩამონათვალიდან, რომელიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ამოიღეს. შესაბამისად, გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზეც დარჩა და პარალელურად საპარლამენტო არჩევნებში, ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ ნომრად იყარა კენჭი.
interpressnews.ge