თეგებით ძიება

"ჩემს ძმას აქონდროდისპლაზიის დიაგნოზი აქვს და ამის გამო, მთელი ბავშვობა უამრავი დაჟინებული მზერისა და უაზრო წამოძახილების ატანა გვიწევდა...“ - რას წერს ანი ამინაშვილი?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანი ამინაშვილი პოსტს აქვეყნებს და აქონდროდისპლაზიით დაავადებული ძმის, საბას  შესახებ წერს.

მისი თქმით, ოჯახს ძმის დაავადების გამო, მთელი ბავშვობა უამრავი დაჟინებული მზერისა და უაზრო წამოძახილების ატანა უწევდა.

"ეს ჩემი ძმაა - საბა. ძალიან დიდხანს ვიფიქრე ეს წერილი გამომექვეყნებინა თუ არა, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე. საბას აქონდროდისპლაზიის დიაგნოზი აქვს და ამის გამო მთელი ბავშვობა უამრავი დაჟინებული მზერისა და უაზრო წამოძახილების ატანა გვიწევდა. საბა ამას არასდროს აქცევდა ყურადღებას, მე კიდევ ყველა წამოძახილის შემდეგ საკმაო დრო მჭირდებოდა ამ ყველაფრის დასავიწყებლად. ბავშვობაში სულ ვოცნებობდი ოქროს თევზზე, რომელსაც მხოლოდ ერთ სურვილს ჩავჩურჩულებდი. გავიდა ბევრი წელი და ოქროს თევზის გარეშეც გამოჩნდა წამალი, რომელიც ამ დაავადების მქონე ადამიანებს იმედს აძლევს. იმედს, რომ აღარ დასჭირდებათ უცხო ადამიანებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ გამოიყურებიან განსხვავებულად.

საბას დაბადებიდან თითქმის 21 წელი გავიდა..  სულ ვნერვიულობდი, რომ ჩვენს ქვეყანაში გაუჭირდებოდა ფეხზე მყარად დადგომა, მაგრამ დადგა და დღეს საკმაოდ წარმატებული ადამიანია იმ საქმეში, რომელიც აირჩია. საბა კი შედგა, მაგრამ ასეთ ამბავს ძალიან იშვიათად მოისმენთ… საბამ გადალახა ის უდიდესი აგრესიისა და ინტერესის ტალღა, რომელიც მუდმივად მისკენ იყო მიმართული, მაგრამ ეს ხომ ყოველთვის ასე არ ხდება. 

საბას მსგავსი ბავშვები დღეს წამალს ითხოვენ. წამალს, რომელმაც შეიძლება შეცვალოს მათი რეალობა. დამიჯერეთ, როგორი ძლიერი ფსიქიკისაც არ უნდა იყოს ადამიანი, ის ყველაფერი, რისი გამოვლაც ამ ბავშვებს უწევთ, მთელი ცხოვრება თან გაჰყვებათ. მართალია, საბა უკვე ზრდასრულია და მისთვის ეს ყველაფერი ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ ამ საოცარ ბავშვებს უნდა მივცეთ საშუალება ჰქონდეთ არჩევნის უფლება", - წერს ანი ამინაშვილი.

ცნობისთვის, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

მშობლები მთავრობას სთხოვენ, დააფინანსოს მედიკამენტები, რომელიც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი.

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირის თუნდაც რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება ამ მედიკამენტით უზრუნველყოფა, საქართველო მზადაა, მისი შემოტანისთვის საჭირო პროცედურები დაიწყოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა