როგორც კი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი გამოაცხადებს, რომ აქციების ორგანიზებას ხელში იღებს, ყველაფერი დასრულდება და ხელისუფლება მშვიდად ამოისუნთქავს - ვახტანგ ძაბირაძე
ხელისუფლებას ერთი სული აქვს, რომ ამ პროცესში პოლიტიკური პარტიები ღიად ჩართოს. როგორც კი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი გამოაცხადებს, რომ ხელში იღებს აქციების ორგანიზებას, ყველაფერი დასრულდება და ხელისუფლება მშვიდად ამოისუნთქავს, - ამის შესახებ TIA.GE--სთან ინტერვიუში პოლიტოლოგმა და კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.
„რაც არ უნდა შექმნან ოპოზიციურმა პარტიებმა, დღეს მისი საყრდენი ხალხი არ იქნება და ვერ იქნება. პოლიტიკურ პარტიებს და უპირველეს ყოვლისა, ზურაბიშვილს შეუძლია დიდი როლი შეასრულოს საგარეო მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მაგრამ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ან ჯგუფმა არ უნდა მოინდომოს ამ პროცესების წარმართვა - ეს არის ყველაზე მოკლე ნაბიჯი იმისთვის, რომ ქუჩაში პროტესტი შეწყდეს. პროცესი, რომელიც ახლა ქუჩაში მიდის, ჩემი აზრით, უნიკალურია და 30 წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი ყოფილა. თუ აქციის მონაწილეების ასაკით, განცხადებებით და ქმედებებით ვისმჯელებთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ მართლაც სამოქალაქო საზოგადოება იბადება, რომელსაც შეიძლება პოლიტიკური სურვილები ჰქონდეს, მაგრამ არა პოლიტიკოსებისადმი უსიტყვო მორჩილება. ხელისუფლებას ერთი სული აქვს, რომ ამ პროცესში პოლიტიკური პარტიები ღიად ჩართოს. როგორც კი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი გამოაცხადებს, რომ ხელში იღებს აქციების ორგანიზებას, ყველაფერი დასრულდება და ხელისუფლება მშვიდად ამოისუნთქავს. თუ გავითვალისწინებთ, რა კანონების მიღებასაც ხელისუფლება ამ ბოლო პერიოდში სასწრაფოდ აპირებს (თუნდაც პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებები), აშკარაა, რომ საკუთარ ძალოვან სტრუქტურებსაც კი ვეღარ ენდობა და ცდილობს შავრაზმული დანაყოფები შექმნას და ამ კანონის საფუძველზე მისი ლეგიტიმაცია მოახდინოს. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ოპოზიციური განწყობა ნელ ნელა, მძიმედ, მაგრამ მაინც ფეხს იკიდებს და ფართოვდება და ამ პროცესისთვის ხელის შეშლა არ შეიძლება. ეს საჭიროა იმისვის, რომ შევძლოთ და მომავალში ტოტალიტარიზმის ხელახლა ჩამოყალიბების ყოველგვარი საფუძველი მოვსპოთ. აქამდე ვერ შევძელით, ამიტომ გამსახურდიადან დაწყებული, ივანიშვილით დამთავრებული, ყველა ხელისუფალი კინსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას ცდილობდა, რომ თავისი უკიდეგანო ძალაუფლებისთვის ლეგიტიმაცია მიეცა“, - განაცხადა ძაბირაძემ.
მისი თქმით, საპროტესტო აქციები გაზაფხულამდე არ დასრულდება.
„არ მგონია, რომ ეს პროტესტი 20 იანვრამდე დასრულდეს. კარგი იქნება, რომ ხვალვე მორჩეს, მაგრამ არ მორჩება.. სადღაც გაზაფხულისთვის შეიძლება დასრულების კონტურები გამოიკვეთოს, მანამდე აქციის მონაწილეებმა პროტესტის ქუჩაში შენარჩუნება უნდა შეძლონ. არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას ეს აღიზიანებს, არმედ იმიტომ, რომ პროტესტს სახლებში და სამზარეულოებში ასე ვთქვათ, ფარული განვითარება არ მოჰყვეს. ეს ძალიან რთული პროცესია. მდინარაძეებმა და კობახიძეებმა არ იციან, მაგრამ ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. ამ 30 წლის განმავლობაში ყველაფერი ვნახეთ. მათ შორის, ქუჩის დარბევებიც, ნიღბიანებიც და უნიღბოებიც.. თავის დროზე, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, ვამბობდი, რომ კარგია, რომ მოვიდა, კონსოლიდაცია მოახდინა და პროტესტს რაღაც მიმართულება მისცა. მაშინაც იყო საფრთხე, რომ თუ ოპოზიციური ხმების და ოპოზიციური ელექტორატის გამაერთიანებელი პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდებოდა, მაშინაც ზუსტად იგივე ხიფათის წინაშე ვიდექით, რა ხიფათზეც ახლა ვლაპარაკობ. მაშინ ჩვენ შევძელით ხელისუფლების შეცვლა ისე, რომ ქვეყანა არ დავანგრიეთ და დღესაც უნდა შევძლოთ, თუმცა დღეს ეს გაცილებით რთულია, იმიტომ, რომ იმ პროტესტს, რომელიც ქუჩაშია, ლიდერი არ ჰყავს. ეს ერთი მხრივ კარგია, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არ იცის ვის რაში მოედავოს და ვინც ხელში მოჰყვება, ყველას დასჯას იწყებს, რაც გარკვეულ ქაოსს ქმნის და თავად ხელისუფლებაშიც გარკვეულ რყევებს იწვევს, მაგრამ მეორე მხრივ ცუდია, რადგან ასეთი მაორგანიზებელი ძალის გარეშე მიზნის მიღწევა ანუ არჩევნების დანიშვნა ძალიან რთული იქნება. ახლა არჩევნები ვინმესთვის კი არა, იმისთვის არის საჭირო, რომ ეს პროტესტი გაიფანტოს თუ „ქართულ ოცნებას“ მართლა ისეთი მხარდაჭერა აქვს, როგორზეც ლაპარაკობს, რისი ეშინია? საპარლამენტო მმართველობა ხომ იმიტომ არის კარგი, რომ შეიძლება რიგგარეშე არჩევნები დანიშნო და ამას აკეთებს ნებისმიერი ქვეყანა, სადაც კრიზისია. გერმანიაშიც შეიქმნა კრიზისი და ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. არჩევნებშია პრობლემა? ხელისუფლებას ურჩევნია ქვეყანაში ასეთი ვითარება იყოს, ვიდრე არჩევნები ჩაატაროს? ურჩევნია კრიზისის გააუვნებელყოფა ძალით სცადოს? ეს ცუდად დასრულდება ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც“, - განაცხადა ძაბირაძემ.