მაღლივი შენობებისა და ისტორიულ ზონების ინტეგრირება შესაძლებელია, მაგრამ სადაც გვინდა ყველაფრის კეთება გამორიცხულია - ნუგზარ ხვედელიანი
ხის აივნები, დახვეული კიბეები, ჩუქურთმებიანი შუშაბანდები და ვიწრო ქუჩები - კულტურათა და რელიგიათა გადაკვეთის წერტილში მდებარე თბილისი ტურისტებს ყოველთვის თავისი განუმეორებელი არქიტექტურით იზიდავდა. როგორ შეიცვალა ის საბჭოთა პერიოდის შემდეგ, ემუქრება თუ არა თანამედროვე არქიტექტურა თბილისის სავიზიტო ბარათად ქცეულ ურბანულ პეიზაჟსა და ისტორიულ ზონებს? ამ კითხვებით TIA.GE-მ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ ნუგზარ ხვედელიანს მიმართა.
- ჩვენს ქალაქს არქიტექტურული მრავალფეროვნება ყოველთვის ახასიათებდა. როგორ შეიცვალა თბილისის არქიტექტურა საბჭოთა პერიოდის შემდეგ?
_ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დედაქალაქში არქიტექტორული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა და სხვადასხვა არქიტექტორული მიმართულება გაჩნდა. საბაზრო ეკონომიკამ და უცხოური ინვესტიციების მოზიდვამ შენობა-ნაგებობების მოდერნიზება, თანამედროვე დიზაინის დანერგვა, ქალაქის იერსახის შეცვლა და გამრავალფეროვნება გამოიწვია. ეს კარგია, მაგრამ როდესაც ურბანული სივრცის დაგეგმარება სპონტანურად ხდება, ხშირად პრობლემები იჩენს თავს. ეს პრობლემები წლების განმავლობაში ილექება და საბოლოოდ, ვიღებთ გარკვეულ სურათს, რომელსაც ერთი შეხედვით, არქიტექტორმა ძნელად თუ შეიძლება უშველოს. მიზეზი ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში, ისტორიული ძეგლებისა და თანამედროვე არქიტექტურის შერწყმა ცოტა მძიმედ და მტკივნეულად ხდება ხოლმე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არქიტექტურაში მთავარი პრობლემა სპონტანურობა იყო ხოლმე, თუმცა მშენებლობები რა თქმა უნდა, გაგრძელდა, ახალი სტილი და ხედვები წამოვიდა.
- ემუქრება თუ არა მრავალსართულიან შენობებზე ორიენტირებული არქიტექტურა ურბანულ პეიზაჟსა და ისტორიულ ზონებს და შესაძლებელია თუ არა მათი „მშვიდობიანი თანაარსებობა“?
- რა თქმა უნდა მაღლივი შენობებისა და ისტორიულ ზონების ინტეგრირება შესაძლებელია, მაგრამ ურბანული პეიზაჟი ცვლილებას აუცილებლად განიცდის. როგორც ვიცით, რეგულაციები ყველგან და ყველაფერში არსებობს და ამ რეგულაციების დაცვა უნდა მოხდეს
იმიტომ, რომ არსებობს დამტკიცებული გენგეგმა, რომლის განხილვებში ვმონაწილეობდი და შემიძლია გითხრათ, რომ იქ არის ზონირებები, სადაც გაწერილია, სად შეიძლება მაღალი სიმჭიდროვის განაშენიანების განვითარება და სად შედარებით დაბალსართულიანის. აქ ბევრი საკითხი ერთმანეთზე ჯაჭვივით გადაბმულია. ბუნებრივია, მრავალსართულიანი შენობის გაჩენა განაშენიანების მაღალი ინტენსივობით გარკვეულ არეალზე ხალხის მომატებას იწვევს, რაც სატრანსპორტო საკითხებზე პირდაპირ აისახება, ამიტომ ყველაფერი შეთანხმებით უნდა ხდებოდეს. ვიმეორებ, რომ თანაარსებობა და ინტეგრირება ალბათ შესაძლებელია, ოღონდ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში. სადაც გვინდა, ყველაფრის კეთება გამორიცხულია და უნდა დავივიწყოთ.
- რას იტყვით დედაქალაქში „მინის შენობების“ მომრავლებაზე? რამდენად გამართლებულია თბილისში ასეთი შენობების არსებობა და რამდენად გამძლეა მინის შენობები?
_ მინის ფასადი ფაქტობრივად, გარემოს ამრეკლია. გარკვეულ უბნებში ამან შეიძლება უბანს არქიტექტორულად და ვიზუალური ეფექტის თვალსაზრისით, გარკვეული სამსახური გაუწიოს. რაც შეეხება მდგრადობას, რასაკვირველია, ეს კარგად შესწავლილი თემაა და მინის შენობებთან დაკავშირებით, მაღალი ტექნოლოგიები არსებობს. ჩვენთან უნივერსიტეტში მინის შენობებთან დაკავშირებთ, სადოქტორო თემაც კი გაკეთდა და განხილვებში მეც ვმონაწილეობდი. პრობლემა, რომელიც მინის მაღლივ შენობებს აქვს, ენერგოეფექტურობაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მინის შენობები ძალიან მგრძნობიარეა გარემოს ცვლილებებისა და ამინდის, მაგალითად, სიცხისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის მიმართ. ამიტომ ეს ძალიან სერიოზულია თემაა და იმედი მაქვს, რომ ასეთ თემებზე მაღალი პროფესიონალები მუშაობენ.
- როგორი სახლებით უნდა მოხდეს საბჭოთა პერიოდის სახლების ჩანაცვლება და ზოგადად, „რამდენსართულიანი“ უნდა იყოს თბილისი?
- სართულიანობას კონკრეტული ადგილი განსაზღვრავს, იმიტომ, რომ ყველა უბანს თავისი შესაბამისი ფუნქციური ზონები აქვს, სადაც პირდაპირ არის გაწერილი სიმჭიდროვის კოეფიციენტი ანუ რამდენი მაცხოვრებელი შეიძლება დასახლდეს იმ გარკვეულ არეალზე. რა თქმა უნდა, ავარიული, დაუმთავრებელი სახლები და ქუჩაში დარჩენილი ადამიანები საქმეს ართულებს, მაგრამ თუკი სადმე სართულიანობა ინდივიდუალური განსჯის საგანი ხდება, ყველაფერი კარგად არის დასასაბუთებელი, რომ ამ ადგილზე გარკვეული პირობების გათვალისწინებით, კოეფიციენტის გაზრდა შესაძლებელია, მაგრამ ეს მიდგომა მასიური არ უნდა გახდეს.
რაც შეეხება საბჭოთა შენობების ჩანაცვლებას, მე ნანახი მაქვს როგორ გადაწყვიტეს ბაქოში ეს საკითხი.. რვასართულიან, დაბალჭერიან საბჭოთა შენობებზე ე.წ. გადაჯდომითი კონსტრუქციები გააკეთეს, რომ არსებულ კარკასს არ შეხებოდნენ. ბუნებრივია, ლოკალური გამაგრებები და კარგი მასალით მოპირკეთებაც ხდებოდა და ამ კონსტრუქციებმა გარკვეული არქიტექტორული ელემენტები შეიტანა ფასადში.
_ როგორც მახსოვს, ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენილ „ხრუშოვკებსაც“ რეკონსტრუქცია ჩაუტარეს..
_ დიახ, გერმანიის მაგალითებიც ნანახი მაქვს, უბრალოდ, აზერბაიჯანის მაგალითები პირადად დავათვალიერე და შეძლებისდაგვარად შევისწავლე. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს ეკონომიურად იაფი თემა არაა და დიდი მოცულობის სამუშაოა ჩასატარებელი, ამიტომ ქალაქის მესვეურებს ამ გზით წასვლა უნდა უღირდეთ, თორემ არქიტექტორულად პრაქტიკულად შესაძლებელია. უბრალოდ, ამ ყველაფერს ძალიან პროფესიონალური მიდგომა სჭირდება. რა თქმა უნდა, სახლის მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ზოგი სახლი ისეთი ავარიული იყოს, რომ მისი აღდგენა არ ღირდეს და მისი ჩანაცვლება მოხდეს, თუმცა იმ ადგილზე 20 სართულიანი სახლის ჩადგმაზე არ მაქვს საუბარი. ახალი სახლი უბნის გაშლაში არქიტექტორულად ძალიან ზომიერად და ძალიან გონივრულად უნდა ჩაეწეროს. კანონმდებლობა ამ ყველაფრის რეგულირების საშუალებას იძლევა, მთავარია, რომ ეს თემები სპონტანური მიდგომით არ გადაწყდეს.