იპოთეკა საბჭოურად - რა ღირდა კოოპერატიული ბინა საბჭოთა კავშირში?
კოოპერატიული ბინათმშენებლობის შესახებ თითქმის ყველას სმენია, თუმცა მისი შინაარსის შესახებ ბევრმა არაფერი იცის. ყველაფერი 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც საბჭოთა კავშირმა გამოაცხადა პროგრამა, მშენებლობები დაიწყო და მოსახლეობას შესთავაზა კოოპერატივის მეპაიეები გამხდარიყვნენ. ამ პერიოდში, მარტო საქართველოში 3000-ზე მეტი ოჯახი კოოპერატიული ბინათმშენებლობის მეპაიე გახდა, თუმცა სახელმწიფომ სახლების აშენება სრულად ვეღარ შეძლო და უამრავი ადამიანი მოტყუებული დარჩა. ვცადოთ ერთად გავარკვიოთ, რატომ ყიდულობდნენ საბჭოთა მოქალაქეები კოოპერატიულ ბინებს და რით განსხვავდებოდნენ ისინი სახელმწიფოს შეთავაზებული უფასო ბინებისგან?
როგორც იცით, საბჭოთა კავშირი შვიდი ათეული წელი არსებობდა. ამ ხნის განმავლობაში, გეგმიური ეკონომიკის მიუხედავად, პირობები იცვლებოდა (მონეტარული რეფორმები, ხელფასების ზრდა-კლება და ა.შ) აქედან გამომდინარე, ძნელი სათქმელია ზუსტად რა ღირდა კოოპერატიული ბინა საბჭოთა კავშირში. აღსანიშნავია, რომ 90-იანებამდე, კოოპერატივები არსებობდა 20-იან, 50-იან და 80-იან წლებში, თუმცა 50-იანი წლების ბოლომდე იდეა არც თუ ისე პოპულარული იყო. მაგალითად, სტალინს მიაჩნდა, რომ საბჭოთა კავშირში კოოპერატივების არსებობა საჭირო არ იყო, რადგან სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ბინით და ცხოვრებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფდა, ამიტომ, კოოპერატიული ბინათმშენებლობის აღმავლობა იმ დროს დაიწყო, როდესაც სტალინი ცოცხალი აღარ იყო.
მოდი გავარკვიოთ, რით განსხვავდებოდა კოოპერატიული ბინები სახელმწიფო ბინებისგან.
საბჭოთა კავშირში საცხოვრებელი სახლი სახელმწიფოს ეკუთვნოდა. საბჭოთა მოქალაქეებს ბინებს აძლევდნენ, მაგრამ არა საკუთრებაში, არამედ ბინადრობის უფლებით. ადამიანები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბინებში ცხოვრობდნენ, თუმცა უსახლკაროდ დარჩენის არ ეშინოდათ.
კოოპერატიული ბინა სახელმწიფო ბინისგან პრინციპულად განსხვავდებოდა - მოქალაქეები ერთიანდებოდნენ, რომ მომავალი საცხოვრებელის მშენებლობა დაეფინანსებინათ. კოოპერატიული სახლის მომავალ ბინადრებს მშენებლობისთვის საჭირო ფულის მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო აძლევდა, მაგრამ არა საჩუქრად, არამედ დაბალპროცენტიან სესხად. როგორც წესი, სესხის პროცენტი 1-ზე ნაკლები იყო.
კოოპერატიული ქონება კოოპერატივს ეკუთვნოდა, მშენებლობის თითოეულ მონაწილეს კი თავისი წილი ჰქონდა, რაც ბინის სრულად სარგებლობის უფლებას აძლევდა.
სახელმწიფო სახლებთან შედარებით, კოოპერატიულ სახლში ბინის მიღებას ნაკლები ლოდინი სჭირდებოდა, თუმცა ქვეყანაში ბევრი საწარმო იყო, სადაც სახელმწიფო საცხოვრებელი ფართით საკმაოდ სწრაფად - 3-5 წლის მუშაობის შემდეგ, უზრუნველყოფდნენ (მაგალითად, სამშენებლო საწარმო).
კოოპერატიული ბინის ნაკლი ის იყო, რომ მისი მიღებისთვის ფული უნდა გადაგეხადათ, სახელმწიფო კი საცხოვრებელ ფართს უსასყიდლოდ გადასცემდა, ამიტომ ბევრი საბჭოთა ადამიანი ფიქრობდა - რატომ უნდა გადავიხადო თუ უფასოდ მიღება შემიძლია? ზოგი კი მზად იყო კოოპერატივში გაწევრიანებისთვის მთელი დანაზოგი გაეღო.
არსებობს მოსაზრება, რომ კოოპერატიული ბინები უფრო კარგად შენდებოდა და უკეთესი ხარისხის პარკეტი და სველი წერტილები ჰქონდა, თუმცა ეს სხვადასხვა ფაქტორებზე იყო დამოკიდებული - ზოგ შემთხვევაში კოოპერატიული ბინა მართლაც ხარისხიანი იყო, ზოგ შემთხვევაში კი ნაკლებად. ხარისხის მსგავსად, კოოპერატიული ბინების ფასებიც განსხვავებული იყო და მშენებლობის დროის და ადგილის მიხედვით მერყეობდა.
როგორ ხდებოდა საფასურის გადახდა?
1. კოოპერატივის მეწილეს პირველი შენატანი უნდა შეეტანა, რომელიც ბინის საფასურის 10%-დან 40 % -მდე თანხას შეადგენდა. ხშირად კოოპერატივის მეწილეს უფლებას აძლევდნენ, რომ სანამ სახლი შენდებოდა, პირველი შენატანი ნაწილ-ნაწილ გადაეხადა. მაგალითად, თუ სახლის აშენება სამ წელიწადში იგეგმებოდა, პირველი შენატანის თანხას სამ ნაწილად ყოფდნენ და მეპაიეს ყოველწიურად, თითო ნაწილი შეჰქონდა.
2. გარკვეული დროის განმავლობაში, ადამიანს თავის წილი გადასახადი (დაახლოებით, 20-30 მანეთი) ყოველთვიურად უნდა ეხადა. გადახდის ვადები 20-დან 30 წლამდე მერყეობდა.
ერთოთახიანი ბინისთვის პირველი შენატანი დაახლოებით, 1000-1500 მანეთი იყო, ოროთახიანი ბინისთვის - 3000 მანეთამდე, სამოთახიანი ბინისთვის - 5000 მანეთი ან მეტი. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ოჯახს ამ ფულის რამდენიმე წელიწადში დაგროვება მარტივად შეეძლო.
კოოპერატიულ ბინასა და ავტომობილს დაახლოებით ერთნაირი ფასი ჰქონდა და 6 000 -დან 12 000 მანეთამდე მერყეობდა. კოოპერატივი საინტერესო მოვლენა იყო და ის უამრავ ადამიანს საბინაო საკითხების გადაჭრაში დაეხმარა.