როგორ აშენებდნენ გერმანელი სამხედრო ტყვეები სახლებს სსრკ-ში და რა განასხვავებს ამ სახლებს სხვებისგან?
1945 წელს, ომი დასრულებისთანავე, სსრკ-ში საცხოვრებელი სახლებისა და სამრეწველო შენობების მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო ობიექტებზე საბჭოთა მოქალაქეების გარდა, გერმანელი სამხედრო ტყვეებიც მუშაობდნენ. ხალხმა ომისშემდგომ აშენებულ ორ და ოთხსართულიან სახლებს „გერმანული სახლები“ დაარქვა. ჩვენს სტატიაში გიამბობთ მართლაც ააშენეს თუ არა სამხედრო ტყვეებმა ასეთი შენობები და როგორ განვასხვავოთ „გერმანული“ სახლები სხვებისგან.
გერმანელი სამხედრო ტყვეები
გერმანული სტატისტიკის მიხედვით, საბჭოთა კავშირს ტყვედ 3,2 მილიონი სამხედრო მოსამსახურე ჩაუვარდა. მათი უმეტესობა 1950 წლამდე გაათავისუფლეს, თუმცა საბჭოთა კავშირში დაახლოებით 13,5 ათასი პატიმარი დარჩა, რომლებიც ომის დამნაშავეებად აღიარეს. ბოლო სამხედრო ტყვემ ქვეყანა 1956 წელს დატოვა.
როგორც რიგითი ჯარისკაცები, ისე სამხედრო დანაშაულებისთვის გასამართლებული გერმანელები სამშენებლო ობიექტებზე მუშებად მუშაობდნენ.
სამხედრო ტყვეებს შორის პროფესიონალი მშენებელი ცოტა იყო, მაგრამ მათ მაინც მშენებლობაზე ასაქმებდნენ. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: საბჭოთა მოქალაქეებს სჯეროდათ, რომ ყველა გერმანელი კარგი ხელოსანია და სამუშაოს ხარისხიანად შესრულება შეუძლია. ამასთან, სამხედრო ტყვეების მშენებლობაში ჩართვა ნიშნავდა, რომ ამ ადამიანებს მცირე ხელფასის მიღების საშუალება ეძლეოდათ და საკუთარი კვების ხარჯებს თავად დაფარავდნენ.
პატიმრებს ეს მშვენივრად ესმოდათ, ამიტომ ხშირად თავს მშენებლებად წარმოადგენდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროფესიაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ. გერმანელების ინტერესი მშენებლობის მიმართ ვიაჩესლავ მოლოტოვის ერთმა ფრაზამ უფრო გააღრმავა. „გერმანელები სახლში დაბრუნებას მხოლოდ სტალინგრადის სრული აღდგენის შემდეგ შეძლებენ - ბრძანა საბჭოთა კავშირის მთავრობის მეთაურმა.
გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, გერმანელ ტყვეებს ომის შემდეგ აშენებული ყველა სახლის მშენებლობაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ომის შემდეგ საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის საბჭოთა არქიტექტორების მიერ შემუშავებული სტანდარტული პროექტები გამოიყენებოდა. რაც შეეხება გერმანელებს, ისინი მხოლოდ სამუშაო ძალად მიაჩნდათ და პროექტების შედგენას არ ანდობდნენ.
პირველი ომისშემდგომი შენობების დიზაინი თანამედროვე, ბევრის მნახველ ადამიანსაც კი მოსწონს: სართულების მცირე რაოდენობა (ოთხამდე), გოთიკური არიტექტურისთვის დამახასიათებელი ლამაზი ერკერები და მანსარდები.. თუმცა, ამასთან გერმანელ ტყვეებს არაფერი აკავშირებდათ. სტალინის ეპოქის სსრკ-ში სახლებს ზუსტად ასე აპროექტებდნენ. სანამ ხრუშჩოვის ეპოქა და შენობების მასობრივი მშენებლობა დაიწყებოდა, შენობების ესთეტიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.
იმ დროს საბჭოთა კავშირში განსხვავებული არქიტექტურული სტილის შენობებს ნახავდით. მაგალითად, 1940-იან და 1950-იან წლებში, სტალინის ეპოქის მონუმენტური შენობები დღემდე ელიტარულ სახლებად ითვლება. ამ შენობებს უმაღლესი კვალიფიკაციის, საგანგებოდ შერჩეული საბჭოთა მუშები აშენებდნენ, სამხედრო ტყვეები კი იაფი, მასობრივი საცხოვრებლების მშენებლობაზე ჰყავდათ დასაქმებული.
სამხედრო ტყვეების მიერ აშენებული სახლების ამოცნობა რამდენიმე ნიშნით შეიძლება: როგორც წესი, ისინი აგურის ნაცვლად, იაფფასიან შლაკის ბლოკებს იყენებდნენ. თუ სტალინის ეპოქის შენობებში ჭერის სიმაღლე 3,5 მეტრს აღწევდა, გერმანელების აგებულ სახლებს დაბალი ჭერი ჰქონდა. ხშირად ასეთ სახლებში კომუნალური ბინები მდებარეობდა.
ნაჩქარევი მშენებლობისა და დაბალი ხარისხის მასალების გამოყენების გამო, „გერმანული სახლების“ საძირკველი ხშირად ზიანდებოდა. ასეთ სახლებს დღესაც ბევრ ქალაქში ნახავთ, მაგრამ ბევრი მათგანი ავარიულად ითვლება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამხედრო ტყეების უმეტესობა არაკვალიფიციური მშენებელი იყო. ვერმახტის მაიორის, როლფ გრამის მოგონებების თანახმად, რომელიც ტყვედ ჩავარდა და საბჭოთა კავშირში სახლების მშენებლობა მოუწია, ტყვეებსა და მათ მცველებს შორის ენობრივი ბარიერის არსებობამ გერმანელ მშენებლებს საშუალება მისცა ჩატარებული სამუშაოს ანგარიშები თავად შეედგინათ და რეალურზე უკეთესი მაჩვენებლები ჩაეწერათ. ტყვეების ბანაკის ხელმძღვანელობას შემოწმების საშუალება არ ჰქონდა, რითიც ტყვეები სარგებლოდნენ და კარგი ხელფასის და საკვების გარდა, ზოგჯერ პრემიებსაც კი იღებდნენ. რა თქმა უნდა, გერმანელების თაღლითობამ სახლების ხარისხზეც იმოქმედა, ამიტომ, ომისშემდგომი „გერმანული“ სახლი სანდოობისა და გამძლეობის სინონიმი არაა, თუმცა, ყველა ომის შემდგომი სახლი „გერმანული“ არაა.
არსებობს ერთი უტყუარი ნიშანი, რომელიც ნათლად მეტყველებს რომ სახლი გერმანელების აგებულია - ფანჯრები! გერმანელი ტყვეების აგებულ სახლებში ფანჯრები გარეთ იღებოდა, რაც საბჭოთა მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით ძნელი მისაღები აღმოჩნდა.