ექსპერიმენტი, რომელიც მარცხით დასრულდა - რატომ შეწყვიტეს სსრკ-ში მრგვალი სახლების მშენებლობა?
საბჭოთა არქიტექტურის ისტორიაში არსებობს შავი ლაქა და მას მრგვალი სახლები ქვია. ამ სტატიაში გიამბობთ როდის და რატომ მოხდა საბჭოთა კავშირში მრგვალი სახლების აშენება.
1970-იან წლებში მოსკოვის არქიტექტორებმა გადაწყვიტეს დედაქალაქისთვის რაღაც უნიკალური შეექმნათ და არჩევანი მრგვალი ფორმის, პანელის სახლებზე შეაჩერეს. ამ დროს ითვლებოდა, რომ მრგვალი ფორმის სახლს უფრო ტევადი ოთახები აქვს, რომ ასეთი ფორმა მნიშვნელოვნად ამცირებს მშენებლობის ხარჯებს, რადგან კუთხეების გამოყვანას მეტი მუშახელი და შრომა სჭირდება. საბჭოთა არქიტექტორების აზრით, წრიული ფორმა ბუნებრივი განათებისა და ვენტილაციის უკეთ გამოყენების საშუალებას იძლევა და ქარისა და საგანგებო სიტუაციების მიმართ წინააღმდეგობას უზრუნველყოფს.
იდეის ავტორების მტკიცებით, სახლის წრიული ფორმა ხელს უწყობს საცხოვრებელი ფართისა და მასში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის ზრდას. მრგვალი სახლების სასარგებლოდ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო გამძლეობა - წრიული ფორმა საშუალებას იძლევა შენობის წონა თანაბრად გადანაწილდეს, რაც მას სხვადასხვა დატვირთვის მიმართ უფრო მდგრადს ხდის. ეს ფაქტორი ძლიერი ქარის ან მიწისძვრის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მრგვალი სახლების კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი უპირატესობა კუთხის ოთახების არარსებობაა. ჩვეულებრივი, მართკუთხა სახლების კუთხეები ხშირად „მკვდარი ზონებია“, რომელთა ეფექტურად გამოყენება რთულია. მრგვალი ფორმა სივრცის ყოველი კვადრატული მეტრის გამოყენებას შესაძლებელს ხდის, რაც საბჭოთა ეპოქის შეზღუდულ საცხოვრებელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
1932 წელს, ტაგანროგში, ქარხნის მუშებისთვის "C"-ს ფორმის სამსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ეს პირველი შენობაა სსრკ-ში, რომელსაც მრგვალი ფორმა აქვს. 1930-იან წლებში, ქალაქ ივანოვოში უშიშროების თანამშრომლებისთვის აშენდა ექსპერიმენტული, ნალის ფორმის სახლი. შემდეგი მრგვალი სახლი მოსკოვში, 1979 წელს გამოჩნდა. სახლს 26 სადარბაზო და 936 ბინა ჰქონდა. 1980-იან წლებში, მოსკოვში ოლიმპიური თამაშების ჩატარების შემდეგ, ოლიმპიური რგოლების სახით, ხუთი მრგვალი შენობა აშენდა, თუმცა მალე ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მრგვალი შენობების მშენებლობა უკიდურესად რთული და ძალიან ძვირია და ექსპერიმენტი შეწყდა.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მრგვალ სახლებში ცხოვრება უამრავ პრობლემას უკავშირდება. ეზოში შესვლისას, პარკინგის ადგილების სიმცირის გამო, სირთულეები იქმნებოდა, ეზოს მხარეს მდებარე ბინებს ბუნებრივი განათება აკლდა, რაც ელექტროენერგიის დამატებით ხარჯებს იწვევდა. ოთახებში მომრგვალებული ფორმების სიმრავლე შპალერის გაკვრას და ავეჯის დამონტაჟებას ართულებდა. ეზო, რომელიც ბეტონის დიდ ორმოს ჰგავდა, ჩვეულებრივი საუბრის დროსაც კი ექოს აძლიერებდა, რაც მუდმივი ხმაურის ეფექტს ქმნიდა. ამ და სხვა მიზეზების გამო, მრგვალი სახლების იდეა სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, უკვე აშენებული სახლების ბინადრები კი დღემდე პრობლემებს ებრძვიან..