ე.წ. ხრუშოვკებს 50 წლიანი გარანტია ჰქონდათ და უკვე მეტიც გავიდა, მაგრამ ზოგჯერ ფიზიკურ ცვეთაზე გადამწყვეტი შეიძლება მორალური ცვეთა აღმოჩნდეს - თემურ მელქაძე
თბილისი კონტრასტების ქალაქია, სადაც სიძველე და თანამედროვეობა ორგანულად თანაარსებობს, სადაც ულტრათანამედროვე ცათამბჯენის ან არქიტექტორული შედევრის გვერდით შეიძლება გვერდით გადახრილი, დაბზარული შენობა ნახოთ. დღეისთვის დედაქალაქში 10 000-მდე ავარიული შენობა აღირიცხება, რომელშიც უსაფრთხოების სტანდარტები დარღვეულია და იერსახე დამახინჯებული. რა იწვევს ქალაქში ავარიული შენობების გაჩენას, რას შეცვლის ევროკოდების სტანდარტი მშენებლობაში, რას ნიშნავს მორალური ცვეთა და როდის ვიხილავთ სმარტ-შენობებს დედაქალაქში? ამ და სხვა თემებზე TIA.GE-ს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თემურ მელქაძე ესაუბრა:
- ბატონო თემურ, დედაქალაქში 10 000-მდე შენობა-ნაგებობაა, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული, რაც საკმაოდ მაღალი ციფრია. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა მოხდეს ავარიული სახლების აღდგენა?
- როცა ავარიული სახლების აღდგენაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია რა ხარისხის დაზიანებაა. ზოგი ავარიული სახლი კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებს, ზოგი კი აღდგენას აღარ ექვემდებარება, მაგრამ ისტორიულ ფასეულობას წარმოადგენს და ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილ სარეაბილიტაციო შენობათა ნუსხაშია. ეს რა თქმა უნდა, ხანგრძლივი პროცესია და დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე და პირველ რიგში, ღირებულებაზე. რაც შეეხება შენობა-ნაგებობათა ავარიულობის მიზეზს, - ძალიან ბევრია. ეს შეიძლება იყოს თავიდან დაშვებული საპროექტო შეცდომები, უხარისხო მშენებლობა, არასწორი ექსპლუატაცია, არასწორი გეოლოგიური კვლევა ან შემდეგ მომხდარი საკომუნიკაციო ავარიები. ეს უკანასკნელი, შენობების ყველაზე ხშირი „მტერია“ იმიტომ, რომ დაზიანება თვალით არ ჩანს და კანალიზაციის ან წყალსადენის წყალი სარდაფში ჟონავს. საბოლოოდ, გრუნტის იმ ნაწილის დალბობა ხდება, რომელსაც შენობა ეყრდნობა, რაც შენობის არათანაბარ ჯდომას და დეფორმაციებს იწვევს. თუ საძირკვლის გაძლიერება და დეფორმაციების კომპენსირება არ მოხდა, სახლი ავარიული გახდება.
_ 2021 წელს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც სადარბაზოს ჩამონგრევას 9 ადამიანი შეეწირა, ნათელი გახდა, რომ საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობას არაპროფესიონალი მშენებლების გარდა, უპასუხისმგებლო მაცხოვრებლებიც საფრთხეს უქმნიან. ვგულისხმობ მზიდი კედლების მონგრევას, თვითნებურ მოშენებებს და ა.შ. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამის თავიდან ასაცილებლად?
_ დიახ, თვითნებური ჩარევის უამრავი შემთხვევაა. ადამიანები მზიდ კონსტრუქციებში ღიობებს აკეთებენ ან საერთოდ გამოაცლიან, რაც ცნობიერების დაბალ დონეზე მიუთითებს. ეს მიშენებები უკონტროლო პროცესები რომ იყო, ძირითადად მაშინ გაკეთდა. მე ვიცი ძალიან ბევრი შენობა ლოჯიები რომ მიაშენეს და მერე გამაგრება ჩაუტარდა. რამდენიმე ასეთ მიშენების უეცარი ნგრევაც კი მოხდა ბახტრიონზე და ნუცუბიძის ერთ-ერთ მიკრორაიონში - მიშენების ერთი ფლიგელი ჩამოინგრა, მაგრამ საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა. ბედი ყოველთვის არ გაგვიღიმებს, ამიტომ შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებას მარტო მშენებლებს კი არა, ყველა ადამიანს უნდა ვასწავლიდეთ. ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროსტანდარტების შესაბამისად, ძალიან საინტერესო საგანი - „მშენებლობაში რისკების მართვა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება“ დავნერგეთ. ეს უკვე შენობა- ნაგებობების უსაფრთხოების რეგლამენტების ვალდებულებას გულისხმობს. რაც არ უნდა კარგი პროექტი იყოს, შენობა-ნაგებობის აგება რისკების შეფასების გარეშე არ შეიძლება და 13 ივნისის ტრაგედია ამის კარგი მაგალითია. ვაღიაროთ, რომ მშვენიერი პროექტია და საცობები თუ არ არის, ადამიანი დელისიდან გმირთა მოედნამდე 3 წუთში მივა, მაგრამ რისკების მართვა და შეფასება არ მომხდარა, იმიტომ, რომ მაშინ ტექნიკური რეგლამენტები ამას არც მოითხოვდნენ, დღეს კი შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების პროექტებში ასეთი მოთხოვნა ნელ-ნელა ჩნდება. როგორი კარგი პროექტიც არ უნდაიყოს, უნდა მოხდეს რისკის გამოკვლევა, იმის შეფასება რა საგანგებო სიტუაციები შეიძლება განვითარდეს - ტექნოგენური თუ ბუნებრივი. კატასტროფის განვითარების ალბათობისა და შესაძლო ზეგავლენის მიხედვით უნდა განისაზღვროს რისკის ქულა და პროექტის დამუშავების კვალდაკვალ უნდა მოხდეს ამ რისკის შემამცირებელი საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების გათვალისწინება. ევროსტანდარტებით ეს უკვე ნელ-ნელა მოთხოვნებში ჩნდება და დანერგვის პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ეს ახალ ნაგებობებს ეხება, ძველებში მხოლოდ რისკს თუ შეაფასებ და დასკვნას დაწერ შემდგომში მათ რა ბედი ეწევა. უკვე აშენებულ ნაგებობას რომ მედეგობა და ამტანუნარიანობა გაუზარდო, დიდი თანხები დასჭირდება და ხშირად არც ამართლებს.
როცა ავარიულ შენობებზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია მისი მორალური და ფიზიკური ცვეთა, რაც კვლევის საგანია. არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებას იკვლევენ და დასკვნებს წერენ. სწორედ ასეთი სახის დასკვნებია საჭირო, რომ შენობამ საექსპლუატაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლოს. მე ვიცი, რომ მუნიციპალიტეტები ასეთი ტიპის საქმიანობას ეწევიან და ამ მიზნით ბიუჯეტიც გათვალისწინებული აქვთ. შესაბამისად, ავარიული სახლების გაძლიერება და/ან ჩანაცვლება იგეგმება. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან არსებობს შენობების უეცარი ნგრევის სტატისტიკა. მაგალითად პლეხანოვის, ახლანდელი აღმაშენებლის გამზირზე იყო რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკა და წლების წინ მისი უეცარი ნგრევა მოხდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ როგორც მახსოვს, ვიღაც დაზიანდა. ასეთი შემთხვევები არის, მაგრამ უფრო ხშირია გაზის აფეთქების შედეგად დაზიანების შემთხვევები. ახლახან ბუნებრივი აირის დიდი არტერია რომ გაითიშა, გაშვების პროცედურა სამი დღე მიმდინარეობდა და თითოეული სადარბაზო მოწმდებოდა. საგანგებო სიტუაციების კლასიფიკატორი რომ ნახოთ, ასეთ პუნქტს ნახავთ - შენობა-ნაგებობის უეცარი ნგრევა. ამას, როგორც მოგახსენეთ, უამრავი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის: ტექნოლოგიური შეცდომა, პროექტის შედგენის დროს დაშვებული შეცდომა და ა.შ.
- ე.წ. ხრუშოვკებზეც გკითხავთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლებს ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინ გაუვიდა, ბევრი დღესაც მყარად დგას, მაგრამ საინტერესოა, რამდენ ხანს იდგება?
- ეს „ხრუშოვკები“ მაღლივი შენობები არაა. უმეტესობა 4 ან 5 სართულიანია და რაც მოეთხოვებოდათ, მშვენივრად ართმევენ თავს. უბრალოდ, ცუდი არქიტექტორული გადაწყვეტა აქვთ და ამ მხრივ, კომფორტი ძალიან დაბალია. მაშინ ცდილობდნენ ბევრი სახლი აეშენებინათ და ხალხი დაეკმაყოფილებინათ, ამიტომ ასეთი ნორმები იყო. ამ სახლებს 50 წლიანი გარანტია ჰქონდათ და უკვე მეტიც გავიდა, მაგრამ მერე მორალური ცვეთის საკითხი დგება. მორალური ცვეთა ნამდვილად მოხდა: ძალიან ცუდი კომფორტია, სივრცე არ ვარგა, ჭერი დაბალია, სადარბაზოში ვერ მოტრიალდები და ა.შ.
ბათუმში მშვენიერი სასტუმრო იყო, „მედეა“ ერქვა. რკინა-ბეტონის, მონოლითური შენობა იყო, მაგრამ მესაკუთრემ დაანგრია, იმიტომ, რომ მორალურად უკვე გაცვეთილი იყო და ათასჯერ უკეთესი შენობა ააშენა. ასე რომ ფიზიკურ ცვეთაზე უფრო გადამწყვეტი ხანდახან მორალური ცვეთა შეიძლება აღმოჩნდეს.
- ევროკოდების სტანდარტი, რომელიც ფეხს იკიდებს, რას შეცვლის მშენებლობის პროცესში და გააძვირებს თუ არა ბინას?
_ ამ ნორმებს, რაც ახლა შემოდის და მეთოდოლოგიურად ინერგება, იგივე საფუძველი აქვს, რაც ჩვენთან მოქმედებდა, მაგრამ არის მთელი რიგი განსხვავებები კოეფიციენტების ფორმირებაში და სხვადასხვა მიდგომებში. ზოგან დამპროექტებელს მეტი თავისუფლება ეძლევა, ზოგან პირიქით, უმკაცრდება, ამიტომ ძნელი სათქმელია გააძვირებს ნაგებობას თუ არა, თუმცა შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ამ ნორმების დანერგვა შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების გაძლიერების საწინდარია. ამასთან, ეს ევროსტანდარტები რომ დაინერგება, მათ ეროვნული დანართები უნდა ახლდეს.
_ ეროვნული დანართი რას ნიშნავს?
- იმას, რომ ევროსტანდარტი კი გთავაზობს ევროპაში ასეაო, მაგრამ შენი ქვეყნის სპეციფიკა (სეისმური და კლიმატური თავისებურებები) უნდა დაურთო და იმ ეროვნულ დანართებში როგორ მოთხოვნებსაც ჩადებ, იმან შეიძლება გაგიძვიროს ან გაგიიაფოს ნაგებობა. ანუ შენობა ძვირი დაჯდება თუ იაფი, ძნელი სათქმელია, მაგრამ გაცილებით პროგრესულია, რადგან შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება გაცილებით მაღალი იქნება.
ამ შემთხვევაში, შენობა-ნაგებობების გაანგარიშების მეთოდიკა მეცნიერულად, სიღრმისეულად კი არ იცვლება, იცვლება მისი მთლიანობაში სრულყოფის, უსაფრთხოების პირობები და წილობითი კოეფიციენტები. ამ მხრივ, ევროკოდები უფრო დახვეწილია, უფრო დატესტილი და უფრო თანამედროვე. ქართველი მეცნიერების, მათ შორის, ნიკო მუსხელიშვილის ფუძემდებლური ნაშრომები დღესაც საფუძვლად უდევს იმ საწყისს, რომლითაც შენობა-ნაგებობები ანგარიშდება, უბრალოდ, ტექნოლოგია, პროგრამული უზრუნველყოფები და შესაძლებლობები დაიხვეწა, თორემ მათემატიკური არსი და მიდგომები იგივეა. მეტსაც გეტყვით, როგორც სმარტ -ტელევიზორები და სმარტ მანქანები, ისე სმარტ შენობა-ნაგებობებიც მალე გაჩნდება, რომლებიც საკუთარ თავს აკონტრლებენ, დეფორმაციებს, რხევისა და სიმტკიცის პარამეტრებს ზომავენ და ამის საფუძველი უკვე მოცემულია სწორედ ამ უსაფრთხოების ნორმებში.
- ცოტა მიჭირს რუსთაველის გამზირზე ისტორიული შენობების ნაცვლად, სმარტ შენობების წარმოდგენა..
- პარიზის და ბრიუსელის ცენტრში ძველი ფასადები აქვთ შენარჩუნებული და შიგნით სულ ახალი კონსტრუქციებია. ალბათ ჩვენთანაც რაღაც ამდაგვარი მოხდება იმიტომ, რომ თუ განაშენიანების ლანდშაფტსა და ქალაქის ტრადიციულ სახეში ჯდება და ლამაზია, ფასადს აღადგენ და მის უკან რასაც გინდა, იმას გააკეთებ ან შეიძლება დაანგრიო და ახალი ააშენო, მაგრამ ეს უნდა იყოს მკაცრად გენერალური გეგმის მიხედვით, თვითნებური გადაწყვეტების გარეშე. სამწუხაროდ, თბილისში ისეთი უბნებიც გვაქვს, სადაც რამე რომ მოხდეს, სახანძრო მანქანა ვერ მივა, რომ არაფერი ვთქვათ ე.წ. „ყვითელი ზონების“ დაცვაზე. ეს მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს.