საბჭოთა არქიტექტურის უცნაურობები - რატომ აშენებდნენ „ფეხებზე“ შემდგარ სახლებს?
გასულ საუკუნეში, საბჭოთა არქიტექტორების და დიზაინერების ნამუშევრები ხშირად უჩვეულო გადაწყვეტილებებით გამოირჩეოდა. ისინი ცდილობდნენ შეექმნათ ფორმები, რომლებიც ერთდროულად, აწმყოსა და მომავალს ასახავდნენ. ასე იყო, როდესაც ქვეყანაში ჯერ სტალინის ცათამბჯენები, შემდეგ მრგვალი სახლები და მაღალ „ფეხებზე“ შემდგარი შენობები გამოჩნდა.
1960-იან და 1970-იან წლებში პოპულარული „ფეხებზე“ შემდგარი სახლები დღემდე უამრავ კითხვას აჩენს. მთავარი კითხვაა - რატომ გახდა საჭირო მრავალსართულიანი შენობების აგება ბეტონის მაღალ საყრდენებზე? საბჭოთა არქიტექტორებს ამისათვის გარკვეული მიზეზები ჰქონდათ, თუმცა სანამ მათ განვიხილავთ, გეტყვით, რომ „ფეხებზე“ შემდგარი სახლების აშენების იდეა მოდერნისტული და ფუნქციონალისტური არქიტექტურის ფუძემდებელ ფრანგ არქიტექტორ ლე კორბუზიეს ეკუთვნის. თავის ნაშრომში "თანამედროვე არქიტექტურის წარმოშობის ხუთი წერტილი", რომელიც მე-20 საუკუნის არქიტექტურისთვის სამაგიდო წიგნი გახდა, ლე კორბუზიე სახლის საყრდენ სვეტებზე წერს:
„სახლი მიწაზე რკინაბეტონის საყრდენი სვეტებით დგას და საცხოვრებელი ფართის ქვეშ ათავისუფლებს ადგილს ბაღის ან ავტოსადგომისთვის.
ფაქტობრივად, ამ სიტყვებით ლე კორბუზიემ „ფეხებზე“ შემდგარი სახლების მთავარი არსი გადმოსცა - ასეთი დიზაინის საშუალებით, არქიტექტორი ზოგავს თავისუფალ ადგილს სახლის ქვეშ, რითაც სახლს მაცხოვრებლებისთვის უფრო კომფორტულს ხდის.
სხვათა შორის, „ფეხებზე“ შემდგარი პირველი სახლი მოსკოვში, სახაროვის პროსპექტზე კორბუზიეს პოექტით აშენდა.
საბჭოთა კავშირში ასეთი სახლების აშენება რამდენიმე მიზეზის გამო გადაწყდა.
1. მოდურია
გასული საუკუნის მეორე ნახევარში ტანსაცმლის მოდასა და ხელოვნებაში ახალი ტენდენცია - კონსტრუქტივიზმი გამოჩნდა. ამ სტილს ახასიათებს სიმკაცრე, გეომეტრიულობა და ლაკონიზმი. სტილის მიმდევრები ინდუსტრიული დიზაინის გავლენის ქვეშ იყვნენ და მასვე იყენებდნენ შემოქმედების მასალად (ლითონის ფურცლები, მინა და ა.შ) ხშირად ეს მასალა გამოყენებული იყო გეომეტრიული ფორმის ობიექტების შესაქმნელად. ცნობილია, რომ მოდა და არქიტექტურა მჭიდრო კავშირშია, სპეციალისტებმა დიდი ქალაქების ხელმძღვანელებს შესთავაზეს ლე კორბუზიეს პროექტის მიხედვით რამდენიმე შენობა აეშენებინათ - ისინი პანელის სახლების ფონზე გამოირჩევიან და ქალაქების იერსახეს დაამშვენებენ. ასე გაჩნდა „ფეხებზე“ შემდგარი სახლები. ლამაზი გამოვიდა? დიახ, ცხრა და ხუთსართულიან შენობებთან შედარებით, საკმაოდ.
2. მოსახერხებელია
ყველასთვის მოსახერხებელია - გამვლელთა ცნობისმოყვარე მზერით დაღლილი პირველი სართულის მაცხოვრებლებისთვისაც, ავტომობილის მფლობელებისთვისაც, რომლებიც გამუდმებით პარკინგის ადგილებისთვის იბრძვიან, გამვლელებისთვისაც, რომლებსაც ქუჩის მეორე მხარეს გადასასვლელად მთელი შენობის შემოვლა აღარ უწევთ.
3. უზრუნველყოფს ხმის იზოლაციას
ბევრ საბჭოთა სახლს ერთი უზარმაზარი ნაკლი ჰქონდა: თხელი კედლების წყალობით ყველაფერი გესმოდა, რაც ქუჩაში თუ მეზობელ ბინაში ხდებოდა. „ფეხებზე“ შემდგარ სახლს კი სქელი კედლები ჰქონდა და თავის მაცხოვრებლებს ხმაურისგან იცავდა.
4. ეკონომიური იყო
მიუხედავად იმისა, რომ „ფეხებზე“ მდგარი სახლის აშენებისთვის ტონობით ბეტონი და უამრავი სამშენებლო მასალა იყო საჭირო, ასეთი სახლების აშენება მაინც იაფი ღირდა, რადგან გამორჩეული დიზაინის გამო ხშირად შეკეთება არ სჭირდებოდა.
„ფეხებზე“ მდგარი სახლის ნაკლი
მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლებს ცოტა ნაკლი ჰქონდათ, ისინი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. არქიტექტორები ვარაუდობდნენ, რომ ასეთი დიდი რაოდენობის ბეტონი ასეთ კონსტრუქციას უფრო მყარს და საიმედოს გახდიდა, მაგრამ ნიადაგის ვიბრაციამ და შენობის ქვეშ ავტომობილების მოძრაობამ სვეტები მაინც დააზიანა.
გარდა ამისა, ბეტონის სვეტების ქვეშ ხშირად ნაგავი გროვდებოდა, რაც სანიტარიულ პრობლემებს ქმნიდა. ასე რომ, 1980 წელს გადაწყდა, რომ „ფეხებზე“ შემდგარი სახლების მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო.