პლასტმასის სახლები - საბჭოთა კავშირის ექსპერიმენტი, რომელიც მარცხით დასრულდა
გასული საუკუნის შუა ხანებში საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ საბინაო პრობლემების გადაჭრა პლასტმასის სახლების მშენებლობით გადაწყვიტა. იმ დროს ეს ინოვაციური პროექტი საკმაოდ წარმატებული იყო, მაგრამ მის განხორციელებას გარკვეულმა გარემოებებმა ხელი შეუშალა.
პლასტმასის ამერიკული „ხრუშჩოვკა“
1959 წელს საბჭოთა კავშირის ლიდერი, ნიკიტა ხრუშჩოვი ოჯახთან ერთად აშშ-ის ეწვია. ხრუშჩოვებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დისნეილენდმა, კონკრეტულად კი გასართობ პარკში განთავსებულმა „მომავლის სახლმა“ მოახდინა. ეს იყო ექსპერიმენტული სახლი, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის არქიტექტორებმა - მარვინ გუდმა და რიჩარდ ჰემილტონმა 1950-იანი წლების ბოლოს დააპროექტეს. უოლტ დისნეიმ არქიტექტორებს თავისი გასართობი პარკი, როგორც ექსპერიმენტის ადგილი შესთავაზა. საბოლოოდ, სახლი მომავლის საყოფაცხოვრებო ტექნიკის პავილიონად გადაიქცა, სადაც მიკროტალღური ღუმელი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და სხვა მოწყობილობები იყო გამოფენილი.
ხრუშჩოვი, რომელიც საბჭოთა მოქალაქეების ბინით უზრუნველყოფას თავის მთავარ ამოცანად მიიჩნევდა, ამ იდეამ აღაფრთოვანა და ე.წ. ხრუშოვკების პლასტმასის სახლებით ჩანაცვლება გადაწყვიტა.
მთავარი მიზანი, ექსპერიმენტული სახლების მშენებლობის დაჩქარება და ღირებულების შემცირება გახდა. საბჭოთა მშენებლებმა გამოთვალეს, რომ პლასტმასის სახლის აწყობა 15-20 დღის ნაცვლად, შეიძლებოდა 7-10 დღეში დაესრულებინათ. სახლის თვითღირებულება დაახლოებით 850 საბჭოთა რუბლი იყო, რაც ჩვეულებრივ სახლში მდებარე 44 კვ.მ ბინის თვითღირებულებაზე 4-ჯერ ნაკლებია.
პლასტმასის ექსპერიმენტული საცხოვრებელი სახლი ლენინგრადში
პირველი ექსპერიმენტული სახლის ავტორები არქიტექტორი ლეონიდ ლევინსკი და ინჟინერი ალექსეი შჩერბენოკი იყვნენ. 1961 წელს აშენებული სახლი ორსართულიანი გახლდათ. პირველი, ტექნიკური სართული კავშირგაბმულობის, ვენტილაციისა და გათბობის სისტემებისთვის იყო განკუთვნილი, მეორეზე კი 48 კვ.მ საცხოვრებელი ფართი იყო განთავსებული, რაც დაახლოებით, ერთოთახიანი ბინისხელაა. აქ მდებარეობდა მისაღები ოთახი, აბაზანა, სამზარეულო, სათავსო და ტერასა.
პლასტმასის სახლის ტექნიკური სართული რკინაბეტონის კარკასისა და მინის ბლოკებისგან შედგებოდა, საცხოვრებელი ზონა კი მინაბოჭკოვანი პანელებისა და თბოიზოლაციისგან. კედლების მაქსიმალური სისქე 14 სმ-ს აღწევდა, რაც ინჟინრების გათვლით, თბოიზოლაციის თვისებებით ორმეტრიანი აგურის კედელს უტოლდებოდა.
პლასტმასის ექსპერიმენტულ სახლში ფანჯრები პლექსიგლასისგან იყო დამზადებული, შპალერი – პოლივინილქლორიდისგან, მილები – პლასტმასისგან, იატაკის საფარი –პოლივინილქლორიდის ლინოლეუმისგან, ფარდები –ნეილონისა და აცეტოქლორის ბოჭკოსგან, ჩაშენებული კარადები – პლასტმასისგან.
ერთი სიტყვით, ეს ნამდვილი ბარბის სახლი იყო.
რადგან სახლი ექსპერიმენტული იყო, მასში არავინ შეუსახლებიათ, მაგრამ სამი წლის განმავლობაში, მშენებლობაში პლასტმასის გამოყენების შესაძლებლობების შესასწავლად, ლაბორატორიად გამოიყენებოდა.
მოგვიანებით ლენინგრადის პლასტმასის სახლი დაანგრიეს, ექსპერიმენტის შედეგების საფუძველზე კი გაკეთდა დასკვნა მშენებლობაში პლასტმასის გამოყენების შესახებ. ამ დღიდან დაიწყო პლასტმასის მასობრივი დანერგვა. მალე მოსკოვში, ვიატსკის მე-4 შესახვევში პლასტმასის ხუთსართულიანი „ხრუშოვკა“ააგეს, მაგრამ სსრკ-ში პლასტმასის სახლების ისტორია ამით დასრულდა.
რატომ ვერ მოიკიდა ფეხი სსრკ-ში პლასტმასის სახლმა?
ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა:
1. ინდივიდუალური კომუნიკაციების სიმრავლის გამო, პლასტმასის სახლების შენახვა 3-ჯერ უფრო ძვირი აღმოჩნდა, ვიდრე სტანდარტული „ხრუშჩოვკის“.
2. პლასტმასის მომსახურების ვადა ხანმოკლე აღმოჩნდა. მისი ხარისხი ტემპერატურის ცვლილებების გამო ძალიან მალე გაუარესდა.
3. პლასტმასის სახლები ერთი ოჯახის სარგებლობისთვის იყო განკუთვნილი, რაც ფინანსურად წამგებიანია. ამასთან, საბჭოთა მოქალაქის ინდივიდუალურობის ხაზგასმას არავინ იწონებდა. ლეონიდ ბრეჟნევის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად პლასტმასის სახლების მშენებლობის პროექტი სამუდამოდ დაიხურა.
სხვა პლასტმასის სახლები მსოფლიოში
1960-იან და 1970-იან წლებში პლასტმასის სახლები საბჭოთა კავშირიის გარდა, სხვა ქვეყნებშიც აშენდა.
მაგალითად, ფინელი არქიტექტორის მატი სუურონენის პროექტით აშენებული პლასტმასის სახლი მფრინავ თეფშს ჰგავდა. ის 4 ტონას იწონიდა და რვა ადამიანს იტევდა. ასეთი სახლები მთელ მსოფლიოში ააგეს და ზოგში ადამიანები დღემდე ცხოვრობენ.
1968 წელს გერმანელმა ინჟინერმა და დიზაინერმა ვოლფგანგ ფოიერბახმა ორი ფუტურისტული პლასტმასის სახლი - oma FG-2000 დააპროექტა. ისინი ლენინგრადის პლასტმასის სახლებს ჰგავდნენ და ოთახებში პლასტმასის ავეჯი იდგა, მაგრამ სსრკ-ს მსგავსად, ექსპერიმენტული სახლების მასობრივი წარმოაბა არც გერმანიაში დაწყებულა.
საფრანგეთში, პლასტმასის სახლი არქიტექტორმა ჟან-ბენჟამინ მანევალმა დააპროექტა. სახლში, რომელსაც არც ერთი სწორი კუთხე არ აქვს საცხოვრებელი ფართი 36 კვ.მ-ია. ის თავდაპირველად ბუნებაში, ოჯახური დასვენებისთვის იყო გამიზნული.
არის სხვა ფუტურისტული პროექტებიც, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა.
თქვენ რას ფიქრობთ, ისურვებდით პლასტმასის სახლში ცხოვრებას?