„სამშენებლო სექტორის სწრაფი განვითარება ახალი რეგულაციების შემოტანას საჭიროებს“ - რა მნიშვნელობა აქვს მზის განათებას სახლისათვის?
2024 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ შენობა-ნაგებობების მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნები დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2026 წლის 1-ელი დეკემბრიდან შევა. matsne.gov.ge-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ინსოლაცია განსაზღვრულია, როგორც ტერიტორიის ზედაპირის ან შენობის შიდა, სამყოფი ნაწილების მზის სხივებით განათება და მასში მოცემულია ის სპეციფიკური მოთხოვნები, რომლებსაც შენობა ინსოლაციის კუთხით უნდა აკმაყოფილებდეს.
„მზის სინათლის მინიმალური ზემოქმედება უზრუნველყოფილი უნდა იყოს საავადმყოფოების პალატებში, საბავშვო ბაღების სათამაშო ოთახებსა და საცხოვრებელი ერთეულების სულ მცირე, ერთ საცხოვრებელ ოთახში,“ - ვკითხულობთ ახალ წესში, რომელიც დადგენილებას დანართის სახით ერთვის. ინსოლაციისა და მისი საჭიროების შესახებ TIA.GE - ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი ნანი მეფარიშვილი ესაუბრა:
– ინსოლაცია ტერიტორიის ზედაპირის ან/და შენობის შიდა, სამყოფი ნაწილების მზის სხივებით განათებაა. სამშენებლო-არქიტექტურულ პროექტირებაში ტერმინი „სათავსოს ინსოლაცია“ შუქგამტარი ღიობებიდან მზის სხივების შემოღწევას აღნიშნავს. ზედაპირისა და სივრცის მზის პირდაპირი დასხივებაზე (ინსოლაცია) მოთხოვნა დაწესებულია
შენობების და ნაგებობების დაგეგმვისა და მიკრორაიონების განვითარების პროექტებში, ცალკეული შენობების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტებში. ინსოლაციის სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობა შენობების განლაგებითა და ორიენტირებით, აგრეთვე მათი მოცულობითი დაგეგმარების გადაწყვეტილებებით მიიღწევა.
_ როგორი უნდა იყოს ინსოლაციის ხანგრძლივობა საცხოვრებელ კორპუსებში?
_ როგორც წესი საცხოვრებელ კორპუსებში ინსოლაციის ხანგრძლივობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მინიმუმ ერთ ოთახში (1-3-ოთახიანი ბინა) და არანაკლებ ორ ოთახში (4-ოთახიანი ან მეტი). ინსოლაციის ხანგრძლივობის შემცირება 0,5 საათით დასაშვებია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ზონებში ოროთახიან და სამოთახიან აპარტამენტებში, სადაც მინიმუმ ორი ოთახია იზოლირებული და მრავალოთახიან აპარტამენტებში (ოთხი ან მეტი ოთახი), სადაც მინიმუმ სამი ოთახია იზოლირებული.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 83-ე მუხლის მიხედვით შენობა-ნაგებობა ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და აშენებული, რომ მისი ექსპლუატაციის პერიოდში დაცულ იქნეს შენობა-ნაგებობის ინსოლაციის მიმართ მოთხოვნები (არსებობის შემთხვევაში) და შენობა-ნაგებობაში მცხოვრებთა, მეზობლებისა და დასაქმებულ პირთა ინტერესები
მათი ჯანმრთელობის დაცვის და ბუნებრივი განათებულობის უზრუნველსაყოფად.
_ არსებობს თუ არა კავშირი განაშენიანების ინტენსივობასა და ინსოლაციას შორის?
_ საქარველოში მოქმედებს მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მაქსიმუმ რა ნაწილზეა დასაშვები შენობის განთავსება. ასევე მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 განსაზღვრავს მიწის ნაკვეთისათვის დასაშვებ, შენობა-ნაგებობის მიწისპირა ან პირველი მიწისზედა სართულების იატაკის ძირთადი კონსტრუქციების
ზედაპირების ჯამურ ფართობს და მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 არის მიწის ნაკვეთის გამწვანებული ზედაპირის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან შეფარდების მინიმალური მაჩვენებელი. ეს კოეფიციენტები განაპირობებენ განაშენიანების ინტენსივობას, რაც პირდაპირ კავშირშია შენობების ისოლაცისთან, თუმცა გარკვეულ ქვეყნებში შემუშავებულია შენობებს შორის მანძილის სპეციალური მოთხოვნები. მაგალითად 6-12 სართულამდე 30 მეტრი; 13-16 სართულამდე 48 მეტრი; 17 და მეტი სართულიანობის დროს 50 არანაკლებ 50 მეტრისა.
ინტენსიური მშენებლობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიდის, მოითხოვს წამოჭრილი პრობლემების მუდმივ გადაწყვეტას და ნორმატიული ბაზის განახლებას და ეს ბუნებრივიცაა. სამშენებლო სექტორის სწრაფი განვითარება საჭიროებს ახალი რეგულაციების შემოტანას, რაც ერთი მხრივ, კარგია მშენებლობის განვითარებისთვის, მაგრამ მეორე მხრივ არ უნდა გამოიწვიოს ამ მნიშვნელოვანი დარგის მუშაობის შეფერხება.
- გმადლობთ.