მომავლის მშენებლობა - რატომ ამატებენ ამერიკელები მინის ნამტვრევებს ბეტონში?
მინის ნამტვრევები ბეტონში? - უცნაურად და დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ეს არა მხოლოდ სიმართლე, არამედ კარგად დასაბუთებული ტექნოლოგიაა და ის ბეტონს ამაგრებს და უფრო ეკოლოგიურს ხდის.
იქნებ საქმე მინის ნამტვრევებს კი არა, თხევად მინას (ნატრიუმის სილიკატი) ეხება, რომელიც მშენებლობაში ბეტონის სიმტკიცის გასაზრდელად გამოიყენება. თხევადი მინა ბეტონს ნესტისა და ყინვის მიმართ მდგრადს ხდის, თუმცა მასთან სწრაფად უნდა იმუშაო, რადგან დაახლოებით 20 წუთში მთლიანად ქვავდება. ამ შემთხვევაში საქმე არა თხევად, არამედ ნამდვილად დამტვრეულ მინას ეხება. ჩნდება კითხვა - როგორ შეიძლება პრიალა და გლუვი ზედაპირის მქონე მინამ ბეტონის სიმტკიცე გაზარდოს? წესით ხომ მათ შორის, ხახუნის ძალა სუსტი უნდა იყოს?
როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ასე მარტივად არაა, რადგან მინისა და ბეტონის ნარევი უბრალო ნარევი კი არა, ქიმიური კავშირია. ბეტონი ალკალურ გარემოს ქმნის, მინა კი ძირითადად, სილიციუმის დიოქსიდია (მჟავური ოქსიდი). როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებიან, ქიმიური რეაქცია იწყება და წარმოიქმნება სილიკატი, რომელიც მინის ნაწილაკებსა ბეტონის მასას შორის დამატებით კავშირს წარმოქმნის. ამის შედეგად ბეტონი უფრო მტკიცე ხდება.
წარმოდგინეთ, თუ ბეტონის ნარევში მინის ბოთლს და იგივე ზომის ქვას ჩაუშვებთ, გარკვეული დროის შემდეგ ბოთლის ამოღება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება, ხოლო ქვას ადვილად ამოიღებთ. ეს მაგალითიც საკმარისია, რომ დაინახოთ როგორ მუშაობს ქიმიური ბმა რეალურ ცხოვრებაში.
რატომ ჯობია მინა ქვიშას?
ასეთი კითხვა შეიძლება ბევრს გაუჩნდეს. ბოლოს და ბოლოს, ქვიშაც სილიციუმის დიოქსიდია და მრავალი წელია, ბეტონის შესაქმნელად გამოიყენება. სხვაობა ისაა, რომ მინას იდეალურად სუფთა ზედაპირი აქვს და მასზე მინარევები არ არის. ქვიშა კი თიხისა და ორგანული ნარჩენებისგან გარეცხვას და გასუფთავებას საჭიროებს, რაც ბეტონის ხარისხს ამცირებს.
გარდა ამისა, ქვიშის ზომაზე დაფქვილი მინა ქვიშაზე უკეთეს შედეგებს აჩვენებს. ავსტრალიის დიკინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს — მათ ქვიშა დაფქვილი მინით შეცვალეს. შედეგი? ბეტონი უფრო გამძლე და ეკოლოგიური გახდა.
ეკოლოგია და ეკონომია — ერთად
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც აშშ-ში ბეტონში გატეხილი მინის დამატება დაიწყეს, ნარჩენების გადამუშავების პრობლემა იყო. მინა ბუნებაში თითქმის არ იშლება, ხოლო მისი გადამუშავება დიდ ენერგიასა და რესურსებს მოითხოვს.
მინის ნამტვრევების ბეტონში დამატება არა მხოლოდ მასალის გაძლიერებას, არამედ გარემოზე დატვირთვის შემცირებასაც ნიშნავს.
ამერიკაში ყოველწლიურად მილიონობით ტონა მინის ნარჩენი იყრება და თუ მისი მცირე ნაწილიც კი ბეტონის წარმოებაში წავა, ეს უკვე ეკოლოგიისთვის დიდი მიღწევა იქნება. ასე რომ, ამ ტექნოლოგიას, ტექნიკური უპირატესობების გარდა, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს.
დეკორატიული ეფექტი
ბეტონში მინის დამატების სარგებელი მხოლოდ სიმტკიცე და ეკოლოგიურობა არ არის. კიდევ ერთი სარგებელი მისი დეკორატიული ეფექტია.
ამერიკაში ასეთი ბეტონით მაგიდის ზედაპირებს, იატაკებს და ინტერიერის ელემენტებს ამზადებენ. წარმოიდგინეთ ზედაპირი, რომელზეც მინის ნატეხები ლამაზად ელავენ და მოზაიკის ეფექტს ქმნიან.
მართალია, ასეთი ეფექტის მისაღებად ზედაპირის საგულდაგულო გაპრიალებაა საჭირო, რაც შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს.
რატომ არ იყენებენ მინიან ბეტონს სხვა ქვეყნებში?
ზემოთ ჩამოთვლილი სარგებელის მიუხედავად, მინის ნამტვრევების ბეტონში დამატება გავრცელებული პრაქტიკა ჯერ კიდევ არ არის. რატომ?
პირველ რიგში, მინის დაფშვნა და მომზადება დამატებით ხარჯებს მოითხოვს. მეორე — ყველა მშენებელი არ არის მზად ექსპერიმენტებისთვის, როცა უკვე გამოცდილი, სანდო მასალები არსებობს.
ვარაუდობენ, რომ დროთა განმავლობაში ეს ტექნოლოგია უფრო პოპულარული გახდება. მით უმეტეს, რომ ეკოლოგიური პრობლემები და მეორადი რესურსების გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ხოლო სამშენებლო მასალები ძვირდება.
მომავლის ბეტონი
ამრიგად, გატეხილი მინის ბეტონში დამატება უბრალოდ უცნაური იდეა ან ნარჩენების გადამუშავების მცდელობა არ არის. ეს არის რეალური ტექნოლოგია, რომელიც ბეტონს უფრო მტკიცეს, ეკოლოგიურს და ლამაზს ხდის. შესაძლოა, სწორედ ასეთ მიდგომებზე იყოს დამყარებული სამშენებლო ინდუსტრიის მომავალი.