გომბორის გზის რეაბილიტაცია დასრულდა - პროექტზე 66.7 მლნ დაიხარჯა
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
პროექტის შესრულება 2022 წელს დაიწყო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით დაფინანსდა.
უწყებაში BM.GE-ის განუმარტეს, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ამ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის შემოდგომაზე დასრულდა და მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემდეგ გზა დაიხაზა.
„გომბორის გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ამ გზით სარგებლობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტები. გზის დაზიანებული, დამეწყრილი და დეფორმირებული ადგილები მოძრაობის უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებას ვეღარ უზრუნველყოფდა, რის გამოც დაიგეგმა გზის რეაბილიტაციის პროექტი
პროექტის შესაბამისად, განხორციელდა გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინა-ბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა. ასევე, გატარდა მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, შეკეთდა ტროტუარები, მოეწყო მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტოპავილიონი, ჩატარდა საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.