თეგებით ძიება
27. 05. 2025 ისტორია

ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია — სარწმუნოებისა და ისტორიის სიმბოლო თბილისის გულში

თბილისის შუაგულში, რუსთაველის გამზირზე აღმართული ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია იმ უძველესი სარწმუნოებისა და ეროვნული მემკვიდრეობის ცოცხალი მოწმეა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა ხალხს რწმენისა და კულტურის ირგვლივ.

VI საუკუნის პირველ ნახევარში, ანტიოქიიდან ქართლში ქრისტიანული სარწმუნოების გასავრცელებლად თორმეტ თანმხლებთან ერთად ჩამოვიდა მამა დავით გარეჯელი — ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი. მან მოღვაწეობისთვის თბილისი აირჩია და თავის მოწაფესთან, ბერ ლუკიანესთან ერთად ქალაქის დასავლეთით მდებარე მთის ფერდობზე, მცირე ქვაბულში დასახლდა. სწორედ აქ დააარსა პატარა სამლოცველო, საიდანაც ხშირად ჩამოდიოდა ქალაქში ქრისტიანობის ქადაგების მიზნით.

მამა დავითის ავტორიტეტი და ხალხში მიღებული სიყვარული მტრებს აღიზიანებდათ. მაზდეანურმა ძალებმა მოისყიდეს ქალი, რომელმაც მორიგი ქადაგების დროს საჯაროდ დასდო მას სიძვის ბრალი. მამა დავითმა მხოლოდ ეს თქვა: „თუ მართალი არ ვარ, ქვა შვას“. ცნობილია, რომ ქალმა მართლაც ქვა შვა — ამ შემთხვევამ კი არა მხოლოდ დავით გარეჯელის უდანაშაულობა დაამტკიცა, არამედ ადგილს "ქაშვეთი" — "ქვა შობილის ადგილი" დაარქვა.

უძველესი ქაშვეთის ტაძარი ქალაქის გარეუბანში მდებარეობდა და მცირე ზომის ბაზილიკურ ნაგებობას წარმოადგენდა, რომელიც რიყის ქვით იყო აშენებული. ტაძარი იატაკამდე ქვით იყო მოპირკეთებული და მასში ასამდე მლოცველი ეტეოდა. XVIII საუკუნის შუა წლებში, მრევლის რაოდენობის ზრდის გამო, ტაძარი ვეღარ აკმაყოფილებდა სულიერი თავშეყრის საჭიროებებს. სწორედ ამ დროს, მისი წინამძღვრის — დეკანოზ ფილიპე მაკარიძე-არჯევანიძის ინიციატივით და თავად გივი ამილახვრის მფარველობით, ძველი ტაძრის მეზობლად ახალი ეკლესიის აგება გადაწყდა.

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, თბილისი გუბერნიის ადმინისტრაციულ ცენტრად იქცა. იმპერიულმა პოლიტიკამ ქაშვეთის ტაძარიც ვერ აიცილა გვერდით — ტაძარში აიკრძალა ქართული ღვთისმსახურება. ამავე პერიოდში მის ირგვლივ ინტენსიური ურბანული განვითარება დაიწყო: აშენდა მეფისნაცვლის რეზიდენცია, სასახლები, ადმინისტრაციული შენობები და თავად-აზნაურების საცხოვრებელი სახლები. ქაშვეთის ეზოში გაჩნდა სახლები, დუქნები, თორნე და სხვადასხვა ტიპის ნაგებობები.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ეკლესიას ჩაუტარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი განახლება. 1846 წელს კრამიტის სახურავი რკინისით შეიცვალა, ხოლო იატაკი — ქვის ფილებით. ასევე, დახურეს ეკლესიის მიმდებარედ არსებული უძველესი სასაფლაო და იგი დღევანდელი ვერის პარკის ტერიტორიაზე გადაიტანეს.

დღევანდელი ქაშვეთის ტაძრის მშენებლობა 1904 წელს დაიწყო და 1910 წელს დასრულდა. მანამდე, 1903 წელს, ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე დაინიშნა. ძველი ეკლესიის დანგრევამდე, კომიტეტმა დროებითი ტაძარი ააგო სამხრეთ ალაყაფის დასავლეთით. ახალი ტაძარი არქიტექტორ ლეოპოლდ ბილფელდის პროექტით აიგო და მის არქიტექტურაში მკაფიოდ იგრძნობა ქართული ტრადიციული ტაძრების, განსაკუთრებით — სამთავისის სტილის გავლენა.

1909 წლის 1 აპრილს ქვედა ეკლესია, რომელიც ორსართულიანი ტაძრის პირველი სართულია, ეპისკოპოს გრიგოლ ვახნინმა აკურთხა სულიწმიდის სახელზე.

ქაშვეთის ტაძარი სამნავიანია, მისი სიგრძე 23,12 მეტრია, სიგანე — 18,75 მეტრი, ხოლო შიდა სიმაღლე — 27,75 მეტრი. ქვედა სართული მოპირკეთებულია ალგეთის ბაზალტის ქვით, ზედა კი — ძეგამის თეთრი ქვიშაქვით. შიდა სივრცეები ერთმანეთს ქვის კიბით უკავშირდება, რომელიც სადიაკვნე ოთახში მდებარეობს. ამავე კიბით შესაძლებელია საკურთხევლის ბანზე და ტაძრის სახურავზე ასვლაც.

ტაძრის შიდა მოხატულობა XX საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ მხატვარს, ლადო გუდიაშვილს ეკუთვნის. მისი ფრესკები ტაძარს უნიკალურ მხატვრულ ღირებულებას ანიჭებს და არქიტექტურულ სივრცეს სულიერად ამდიდრებს.

ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია დღესაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სულიერი ცენტრი და კულტურული ღირსშესანიშნაობაა თბილისში. მისი ისტორია, არქიტექტურა და ლეგენდებით გაჯერებული ატმოსფერო მრავალ მნახველსა და მლოცველს იზიდავს. ტაძარი აგრეთვე ეროვნული იდენტობის, რწმენისა და კულტურული მეხსიერების მტკიცე ნიშანია, რომელიც საუკუნეების მიუხედავად კვლავაც ინარჩუნებს თავის პირვანდელ მნიშვნელობასა და სიდიადეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა