კეთილშობილთა სასწავლებლიდან - პირველ გიმნაზიამდე
1801 წლიდან, როცა საქართველო რუსეთის იმპერიის მიერ ოკუპირებულ იქნა, ქვეყნის განათლების საქმის გამგრძელებლად ჩამოყალიბდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი. რუსეთის მიერ საქართველოში საყოველთაო რუსულენოვანი განათლების დამკვიდრების პირველი მცდელობა 1802 წელს განხორციელდა, როდესაც გაიხსნა ორკლასიანი ვაჟთა სკოლა, სადაც სწავლება მხოლოდ რუსულად მიმდინარეობდა. პედაგოგებად ამ სკოლაში კანცელარიის რუსი მოხელეები გამოძახეს. თუმცა უცხოენოვანი სასწავლებელი ქართულ საზოგადოებაში მიუღებელი აღმოჩნდა და მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება.
1804 წელს, გენერალ-გუბერნატორ პავლე ციციანოვის (ციციშვილის) ინიციატივით, ეს სასწავლებელი აღდგა და მიიღო სახელწოდება „კეთილშობილთა სასწავლებელი“. იგი 26 წლის განმავლობაში საქართველოში ერთადერთი საერო ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულება იყო, რომლის საქმიანობაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებთან.
სასწავლებლის პირველ დირექტორად დაინიშნა ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც ციციანოვის მხარდაჭერით უზრუნველყო კვალიფიციური პედაგოგების მოზიდვა, სასწავლო ბაზის გამართვა და საგანმანათლებლო დონის ამაღლება. პეტრიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სკოლისთვის ავტორიტეტის დამკვიდრებაში. მდგომარეობა შეიცვალა გენერალ-გუბერნატორ ალექსანდრე ტორმასოვის მოსვლის შემდეგ, რომელმაც სასწავლებლის სამხედრო დაწესებულებად გარდაქმნა განიზრახა. პეტრიაშვილი ამ ცვლილებას შეეწინააღმდეგა და 1810 წელს თანამდებობა დატოვა.
მის შემდეგ სასწავლებელმა გარკვეული სახე დაკარგა და კრიზისული მდგომარეობის პირას აღმოჩნდა. მდგომარეობა გამოსწორდა თედორე ბუკრიბსკის დირექტორობისას, რომელმაც აღკვეთა სასწავლებლის დახურვის საფრთხე და აღადგინა მისი ფუნქციონირება. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელი საბოლოოდ არ გადაკეთდა სამხედრო სკოლად, სასწავლო პროგრამას დაემატა რამდენიმე სამხედრო დისციპლინა.
1820 წლისათვის კეთილშობილთა სასწავლებელში ისწავლებოდა: საღვთო რჯული, რუსული, ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, ლათინური და გერმანული ენები, არითმეტიკა, ალგებრა, გეომეტრია, მსოფლიოს, რუსეთისა და საქართველოს ისტორია, საყოველთაო და რუსეთის გეოგრაფია, ხაზვა და ხატვა. სწავლება ძირითადად ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, ხოლო მოგვიანებით მას მოსდევდა გაკვეთილები იმავე თემებზე რუსულ ენაზე. რუსი მასწავლებლებისთვისაც სავალდებულო იყო ქართული ენის ფლობა. ქართული ენის სწავლების შეზღუდვა დაიწყო მხოლოდ XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან, გიმნაზიის ჩამოყალიბების ეტაპზე.
გიმნაზიის შემადგენლობაში ფუნქციონირებდა პანსიონი, სადაც 30 თავადაზნაურისა და 10 მოხელის შვილი ცხოვრობდა. მათ შორის იყო ცნობილი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი. ამ პერიოდში გიმნაზიაში მოღვაწეობდნენ ეროვნული იდეალების დამცველი მოღვაწეები, მათ შორის სოლომონ დოდაშვილი და დიმიტრი ყიფიანი. გიმნაზიის შენობა აშენდა 1825-1831 წლებში, გოლოვინის (ახლანდელი რუსთაველის) გამზირზე, მთავარმართებლის სასახლის მახლობლად.
სასწავლებელი თავდაპირველად ორკლასიანი იყო, თუმცა 1823 წლიდან ექვსკლასიანი გახდა და ფუნქციურად გიმნაზიის როლს ასრულებდა. მოსწავლეების მიღება ხდებოდა მისაღები გამოცდების საფუძველზე, ხოლო კლასიდან კლასში გადასვლა - ღია, წერითი გამოცდებით. სასწავლო წლის ბოლოს იმართებოდა საჯარო აქტები, რომელსაც ესწრებოდნენ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები. ეს აქტები მეტად საზეიმო და წარმოდგენითი ხასიათის იყო. 1830 წელს კეთილშობილთა სასწავლებელი გარდაიქმნა გიმნაზიად. მისი მიზანი იყო განათლების მიცემა თავადაზნაურობისა და მოხელეების შვილებისთვის. გიმნაზია შვიდკლასიანი იყო და სწავლება მიმდინარეობდა შემდეგ საგნებში: საღვთო სჯული, რუსული, თათრული (აზერბაიჯანული), ქართული, გერმანული და ფრანგული ენები, გეოგრაფია და სტატისტიკა, ისტორია, ფიზიკა, რუსეთის სამართალი, ხატვა და ხაზვა.
თბილისის გიმნაზია გამორჩეული იყო მატერიალური და საგანმანათლებლო ბაზით. ბიბლიოთეკა მდიდარი იყო როგორც სასწავლო, ისე კლასგარეშე ლიტერატურით. XIX საუკუნის 80-იან წლებში ბიბლიოთეკა 15,766 ტომს მოიცავდა. გიმნაზიას ჰქონდა პირდაპირი კავშირი ევროპულ გამომცემლობებთან, მაგალითად, ლაიფციგის ფირმასთან, საიდანაც ანტიკური ავტორების თხზულებებს იძენდა. სასწავლებელს საკუთარი ორკესტრი და თეატრალური სცენაც ჰქონდა, სადაც წარმოდგენებს დგამდნენ. 1850 წელს გიმნაზიის სცენაზე დაიდგა გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“, რაც აღდგენილი ქართული თეატრის ისტორიაში ერთ-ერთი საწყისი ეპიზოდია.
გიმნაზიის დირექცია ზრუნავდა ობოლი მოსწავლეების დასვენებაზე — ზაფხულობით ისინი მანგლისში გაჰყავდათ. გიმნაზია სხვა სასწავლებლებზე მაღალი აკადემიური მაჩვენებლებითაც გამოირჩეოდა — მისი კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებდნენ უმაღლეს სასწავლებლებში.
გიმნაზიასთან დაკავშირებულია საქართველოს ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი ფიგურა: გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გიორგი ერისთავი, ილია ჭავჭავაძე, ივანე ჯავახიშვილი, ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო და სხვა. 1900 წელს გიმნაზიაში 824 მოსწავლე ირიცხებოდა.
გიმნაზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდად 1905 წლის 22 ოქტომბერი იქცა. ამ დღეს, რევოლუციური ქაოსის ფონზე, რუსეთის ჯარისკაცებმა დახვრიტეს და გაძარცვეს სასწავლებლის მოწაფეები, დაიკავეს შენობა და სცადეს მისი აფეთქება.
1924 წლიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გიმნაზიას სახელი შეეცვალა და მას საცდელ-საჩვენებელი სკოლის სტატუსი მიენიჭა. დირექტორ ჯაჯუ (კონსტანტინე) ჯორჯიკიას ხელმძღვანელობის პერიოდში (1944-1953) სკოლამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა განვითარებისკენ და შეძლო განათლების მაღალი ხარისხის შენარჩუნება.