საქართველოში ოფიციალურად 14 835 უცხოელია დასაქმებული
საქართველოში ოფიციალურად 14 835 უცხოელია დასაქმებული. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.
როგორც კობახიძის 2024 წლის საქმიანობის მოხსენებაშია აღნიშნული, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, საანგარიშო პერიოდში, რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 14 835 შრომითი იმიგრანტი.
ცნობისთვის, შრომითი მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) რეგულირების მიმართულებით, 2023 წელს ძალაში შევიდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რის შედეგადაც, შეიქმნა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ამოქმედდა საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირებისა და მონიტორინგის მექანიზმები, გაუმჯობესდა მონაცემთა აღრიცხვა და შრომითი იმიგრანტებისთვის რეგისტრაცია სავალდებულო გახდა.
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ამოქმედდა საშუამავლო კომპანიების სავალდებულო სერტიფიცირება. საანგარიშო პერიოდში, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და ნორმების შესაბამისად, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატი მოიპოვა 13-მა საშუამავლო კომპანიამ.
ამავდროულად, სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიები ვალდებულნი არიან, წელიწადში ორჯერ წარადგინონ შესაბამისი ანგარიშები მათ მიერ გაწეული საშუამავლო საქმიანობის თაობაზე. შესაბამისად, საშუამავლო კომპანიების მიერ საანგარიშო პერიოდში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მათ მიერ საზღვარგარეთ დასაქმდა 1086 საქართველოს მოქალაქე შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარებისა და საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, საქართველოს მთავრობას უკვე აქვს გარკვეული შედეგები. კერძოდ, გაფორმებულია ორმხრივი შეთანხმებები გერმანიასთან, საფრანგეთთან, ბულგარეთსა და ისრაელთან.
საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებით განხორციელდა შემდეგი აქტივობები: შეირჩა და გერმანიაში დასაქმდა 1 201 საქართველოს მოქალაქე; პარალელურად, მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები საბერძნეთის, სლოვაკეთისადა ისრაელის მხარესთან, ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მიზნით,“ - ნათქვამია ანგარიშში.