რამდენი უცხოელია საქართველოში დასაქმებული - მათი 38% IT სექტორში მუშაობდა
2024 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების 7%-ს, ჯამში 3 332 კომპანიას ჰყავდა დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია საუბარი.
მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა საწარმოში დასაქმებული იყო 18 935 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რაც ქვეყნის სამუშაო ძალის 2%-ს შეადგენს.
კვლევის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი 4%- ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით, თუმცა 89%-ით აღემატება 2021 წლის მონაცემს.
„2024 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა მსხვილ საწარმოებში (39%) მუშაობს, ხოლო დანარჩენები - მცირე (37%) და საშუალო ზომის (24%) საწარმოებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დასაქმებულ უცხოელთა 66% თბილისშია თავმოყრილი.
რაც შეეხება სექტორებს, სადაც ყველაზე მეტი უცხოელია დასაქმებული, პირველ ადგილზეა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, რომელსაც მოსდევს მშენებლობის დარგი,“- ვკითხულობთ კვლევაში.
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 38%;
- მშენებლობა - 14%;
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 7%;
- ხელოვნება, გართობა და დასვენება - 7%;
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 6%;
- მრეწველობა - 6%;
- სხვა სექტორები - 22%.